ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „მონცასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, პოლ პოგბა და დუშან ვლაჰოვიჩი დაბრუნდნენ, ფედერიკო კიეზა და ხუან კუადრადო კი ვერ ითამაშებენ.
„ამ თამაშს ვხვდებით ბოლო ორ თამაშში მოპოვებული 1 ქულით და 8 გაშვებული გოლით, ამიტომ, ბევრად უკეთ თამაში გვმართებს. 17 თამაშში 7 გოლი გავუშვით და ბოლო ორ შეხვედრაში – 8. უნდა დავუბრუნდეთ ძველ გზას. „მონცა“ ძალიან კარგად თამაშობს და ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იქნება.
ვესაუბრე ჯონ ელკანს, მაგრამ კონტრაქტის განახლებაზე არ გვისაუბრია. მხოლოდ გუნდზე ვისაუბრეთ და ახლა მხოლოდ სეზონზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული. წინ 4 თვეა, რომელშიც მიზნები გვაქვს დასახული და უნდა მივაღწიოთ.
ხვალ პოგბა და ვლაჰოვიჩი ხელმისაწვდომი იქნებიან. კიეზა განაცხადში არ იქნება, რადგან ნაოპერაციებ ფეხზე დაღლილობას გრძნობა, რაც ამ სიტუაციაში ნორმალურია, თუმცა იტალიის თასზე „ლაციოსთან“ დაგვიბრუნდება. კუადრადოს საჯდომის ნერვის პრობლემა აქვს და ისიც „ლაციოსთან“ დაბრუნდება. ბონუჩის უფრო მეტი დრო სჭირდება. პოგბა, ვლაჰოვიჩი და დე შილიო ჩემს განკარგულებაში არიან.
მაკკენი არ იქნება განაცხადში, რადგან ტრანსფერის მოლოდინში ვართ. ხელმძღვანელობამ სხვა კლუბთან მის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია და ხვალ აზრი არ აქვს მის თამაშს.
სქემის შეცვლა? ხვალ რთული იქნება, რადგან კიეზა და კუადრადო არ გვეყოლება. ძნელია ამ სქემის შეცვლა, რომელმაც 38 ქულა მოგვიტანა. თამაშის მიმდინარეობისას გადაწყობა შესაძლებელია.
ყველა ინფორმაციისგან იზოლირებული უნდა ვიყოთ, რადგან ჩვენგან მხოლოდ თამაშს და გამარჯვებას ითხოვენ. კონცენტრირებული იმაზე უნდა ვიყოთ, რასაც ახლა ვაკეთებთ. ბოლო ორ ტურში მხოლოდ 1 ქულა ავიღეთ და ხვალ გამარჯვება გვჭირდება. ხვალიდან უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება მეტი ქულის მოპოვებას, თუმცა, ვიცით, რომ ხვალ რთული თამაში გველოდება.
სატრანსფერო ბაზრიდან გაძლიერება არ იქნება. კუადრადოს, სულეს და დე შილიოს მარჯვნივ თამაში შეუძლიათ, მერე კი ტაქტიკას შევცვლით. ჩვენ მოედანზე 38 ქულა დავაგროვეთ, დანარჩენი ხელმძღვანელობის საქმეა, რომელიც ძლიერია და კლუბის დასაცავად მუშაობს. ჩვენ კი თავი მოედანზე უნდა დავიცვათ, უფრო სწორად მოედანზე შევუტიოთ, რადგან ქულები გვჭირდება.
პოგბა და ვლაჰოვიჩი კარგად არიან, ვლაჰოვიჩი ცოტა უკეთაა, მაგრამ პოგბამ ბოლო დღეებში მოუმატა. შესაძლოა 90 წუთი ჯერ თამაში არ შეუძლიათ, თუმცა, 30 წუთი – კი. პარედესი მზადაა, მან „მონცასთან“ კარგად ითამაშა და ახლაც შეუძლია თამაში.
მოედანზე ბევრად უფრო კონცენტრირებული უნდა ვიყოთ, ვიდრე ადრე. ხვალ გულშემატკივრებსაც ველოდებით და ყველანი გუნდის გარშემო უნდა გავერთიანდეთ, ფანები და კლუბი.
არ ვიცი შეგვიძლია თუ არა, მეორე წრეში 50 ქულის დაგროვება. თქვენ იფიქრებდით, რომ ამდენი ტრავმირებული ფეხბურთელის არყოფნაში 38 ქულას დავაგროვებდით? კარგი პირველი წრე გვქონდა, სადაც ბევრმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა გამოიჩინა თავი და ეს დადებითი მხარეა. ახლა, უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რადგან უფრო უკეთ უნდა ვითამაშოთ და მეტი ქულა დავაგროვოთ.
ხვალ ტაქტიკის შეცვლა ძნელი იქნება, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალში ამის გაკეთება შეუძლებელია“, – თქვა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „მონცას“ მატჩი 29 იანვარს, თბილისის დროით 18:00 საათზე გაიმართება.