ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „კალიარისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რთული და ცუდი თამაში იქნება. ალეგრის თქმით, ლეონარდო ბონუჩი შესაძლოა ძირითად შემადგენლობაში იყოს.
„ხვალ რთული თამაშია, კალიარიში თამაში ყოველთვის რთულია და მათ ბოლო მატჩი „უდინეზესთან“ დიდი ანგარიშით წააგეს. ფიზიკურად ძლიერი გუნდია, ჩემი აზრით ხარისხობრივად ცუდი თამაში იქნება. ეს სამი ქულა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მიზანი არ უნდა დავკარგოთ.
დღეს ბოლო ვარჯიში გვაქვს და შევხედავთ გუნდი როგორ კონდიციაშია. ლოკატელი ოთხი კვირა დაგვაკლდება, დე შილიოს და მორატას დისკვალიფიკაცია აქვთ. ბევრი ფეხბურთელი გვაკლია, მაგრამ ეს საბაბი არ უნდა იყოს. დღეს განვიხილავ ორი თუ სამი ნახევარმცველით ვითამაშოთ. ბონუჩი ბევრად უკეთაა, შეიძლება თავიდანვე ითამაშოს ან სათადარიგო სკამზე იყოს.
ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო ოთხეულში შესვლა. ახლა „რომას“ 5 ქულით ვუსწრებთ, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ. არ შეგვიძლია „რომას“ მოახლოების საშუალება მივცეთ და გავრისკოთ.
ვფიქრობ, გუნდი ამ მომენტამდე კარგად თამაშობდა, მაგალითად „ატალანტასთან“, „ვილიარეალთან“ და „ინტერთან“, მაგრამ სამწუხაროდ შეტევის დაგვირგვინებაში გაგვიჭირდა. ამიტომ, უნდა ვიმუშაოთ, როდესაც სამჯერ მსგავსი რამ ხდება, ეს შემთხვევითობა აღარ არის.
ნორმალურია, რომ რაბიო ორკაციან ნახევარდაცვაში უკეთესია. „ინტერთან“ ტექნიკურად კარგად ითამაშა, ზოგჯერ ის კარგად ითამაშებს, ზოგჯერ არა, მთავარია გუნდური შედეგის მიღწევა. ბერნარდესკიმ შესაძლოა ითამაშოს, იგივე ეხება კინს და ვლაჰოვიჩს. ხუმრობა ახლა არ შეიძლება, შეტევის ფაზაში უფრო ზუსტი უნდა ვიყოთ. მაკკენი? ვიმედოვნებ, რომ ერთ თვეში დაგვიბრუნდება.
ვფიქრობ, ახლა იმ პოზიციაზე ვართ, რომელსაც ვიმსახურებთ. ამიერიდან სეზონის ბოლომდე მომატება შეგვიძლია. თითქმის ყოველთვის კვირაში მხოლოდ ერთი მატჩი გვაქვს და შეგვიძლია ვიმუშაოთ. გვაქვს დრო ამ თვენახევარში სამუშაოდ, მაგრამ ამავე დროს გვაქვს მიზნები, რომლებსაც უნდა მივაღწიოთ. ყველა მოთამაშეს, რომელიც მყავს, შეუძლია მიზნებში წვლილის შეტენა, მიუხედავად იმისა, დარჩება თუ წავა სეზონის ბოლოს.
ბოლო სამი თვის განმავლობაში ბევრ მომენტს ვქმნით, მაგრამ საგოლე მომენტებს ვერ ვიყენებთ, მომდევნო კვირებში უფრო ეფექტურები უნდა ვიყოთ. „ინტერს“ თუ მოვუგებდით სკუდეტოს მცირე იმედი გამიჩნდებოდა, მაგრამ მოგვიწევდა ყველა მატჩის მოგება, რაც შეუძლებელია. ახლა მხოლოდ იმაზე უნდა ვიფიქროთ, რომ რაც შეიძლება მეტი ქულა დავაგროვოთ, რადგან „რომა“ ახლოსაა.
სეზონიდან გამომდინარე რამეს თუ ვნანობ? მეოთხე ადგილზე ვართ და ვიმსახურებთ ამ პოზიციას. „ინტერთან“ მნიშვნელოვანი შანსი გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ. დანარჩენზე საუბარს აზრი არ აქვს“, – თქვა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „კალიარისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 9 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.