ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ფრაიბურგთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, გოლების გატანაზე უნდა იზრუნონ, რადგან მცირე უპირატესობა აქვთ.
გარდა ამისა, დააანონსა, რომ ფედერიკო კიეზა და ანხელ დი მარია დიდი ალბათობით, ძირითად შემადგენლობაში სათამაშოდ მზად არ იქნებიან.
„დი მარიამ რამდენიმე ვარჯიში გამოტოვა, დღეს დილით კი ცოტათი დაიტვირთა. ის უკეთაა, ხვალ ვნახოთ, მაგრამ ძირითადში მოხვედრა რთული იქნება. კიეზამ კარგად ივარჯიშა, თუმცა, მის შემთხვევაშიც ნაკლებ სავარაუდოა სასტარტოში მოხვედრა. სათადარიგო სკამიდან კი მზად იქნება.
თამაშს სწორი სულისკვეთებით და მომდევნო ეტაპზე გასვლის რწმენით ვხვდებით. კარგი შედეგი იქნება ევროპა ლიგაზე ნაბიჯის წინ გადადგმა. რთული მეტოქე გვყავს, სახლში განსხვავებულად თამაშობენ. სერია A-ში ამჟამად 53 ქულა გვაქვს მოპოვებული და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად ქულების დაკლების მიუხედავად, ქულების მოპოვება გვჭირდება.
ევროპა ლიგაზე ძლიერი გუნდები არიან, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ. გარდა ამისა, გვაქვს იტალიის თასიც, რომელიც ჩვენი მიზანია. ვლაჰოვიჩი კარგადაა, კვირას კარგად ითამაშა. მშვიდად ვარ, ყველა ფეხბურთელს აქვს მსგავსი პერიოდი, გოლების გატანას მალე დაუბრუნდება. ფიზიკურად კარგადაა, არ დაგვავიწყდეს, რომ მანამდე 3 თვე გაუცდა.
ბიჭებს ვეტყვი, რომ პირველი მატჩისგან განსხვავებული თამაში იქნება. როგორც უკვე ვთქვი, ანხელის და ფედერიკოს პირველივე წუთიდან ხილვა რთული იქნება. ისინი შეიძლება მატჩის მიმდინარეობისას გამოვიყენო. დი მარიამ „ფრაიბურგთან“ მატჩის შემდეგ ბევრი ვარჯიში გამოტოვა. დღეს დილით ტესტმა კარგი პასუხი აჩვენა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბევრი წუთის თამაში შეუძლია, რადგან არსებობს რისკი, რომ 40 დღით დავკარგოთ, სექტემბერში ეს უკვე მოხდა. მნიშვნელოვანი თამაშია, მაგრამ წინ ბევრი მატჩი გველოდება.
დუშანი არ არის განერვიულებული. ის და კინი ერთად? ხვალ დილით გადავწყვეტ, მინდა, კიეზას და დი მარიას მდგომარეობა კარგად შევაფასო, ამის შემდეგ გადავწყვეტ შემადგენლობას.
დე შილიო სამკაციან დაცვაში? ეს შეიძლება იყოს გამოსავალი თავიდანვე ან შეცვლიდან. ევროპა ლიგის მოგება? ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ. მეოთხედფინალში გასვლა გვინდა, შემდეგ კი სანაკრებო პაუზაზე „ინტერთან“ მატჩით გავალთ. მერე უნდა დავისვენოთ, რადგან 2 აპრილიდან ბევრი მატჩი გველოდება. ევროპა ლიგაზე წინსვლა კალენდრის შევსებას ემსახურება: თამაშით სიამოვნებას ვიღებთ და ნაკლები ვარჯიში გვიწევს.
ბალანსი უნდა გვქონდეს. იტალიაში ვამბობთ ერთ დღეს, რომ „ოქროს ბურთს“ იმსახურებს, ერთი კვირის შემდეგ კი ვამბობთ, რომ ცუდი ფეხბურთელია. პრემიერლიგასთან შედარებით ეკონომიკურად სუსტები ვართ. თუ კარგი შედეგების მიღწევას იტალიაში მაინც ვახერხებთ, ეს ნიშნავს, რომ არსებობს სწორი ადამიანები, მწვრთნელებით დაწყებული მენეჯერებით დამთავრებული. ვფიქრობ, დღეს „ნაპოლი“ შემდეგ ეტაპზე გავა, ხვალ კი შეიძლება ჩვენ, „რომა“ და „ლაციო“ გავიდნენ. ფეხბურთი არ არის მათემატიკა, ხანდახან წილისყრა იღბლიანია, ხანდახან – არა. პრობლემები სხვა რამეშია, რისი მოგვარებაც არ სურთ.
1:0 არ არის დიდი უპირატესობა და 0:0-ზე თამაში და ერთბურთიანი უპირატესობის დაცვა რთულია. ამიყო, მოწესრიგებულად უნდა ვითამაშოთ და გოლები გავიტანოთ, თუ გოლს გავუშვებთ, დრო გვექნება სიტუაციის გამოსასწორებლად“, – თქვა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ფრაიბურგის“ მატჩი 16 მარტს, თბილისის დროით 21:45 საათზე გაიმართება.