ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „პარი სენ ჟერმენთან“ მატჩის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნით გამოწვეული ბრაზი მომავალ მატჩებში სათანადოდ უნდა გამოიყენონ.
„მოედანზე კარგი ფეხბურთელები მყავდა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგს ცოტა საერთაშორისო გამოცდილება აქვს. კარგი თამაში ჩავატარეთ, შედეგი დასანანია. ევროპა ლიგაზე ვართ, ხვალიდან კი სერია A-ზე ვიფიქრებთ, გაბრაზებულები უნდა ვიყოთ ჩემპიონთა ლიგის გამო და მუშაობას ეგრევე უნდა დავუბრუნდეთ. ერთის მხრივ კმაყოფილები უნდა ვიყოთ ევროპა ლიგაზე გადასვლით, მეორეს მხრივ, გაბრაზებულები ვართ, რომ ჯგუფიდან ვერ გავედით.
კიეზამ გუშინ ძალიან კარგად ივარჯიშა და დავრწმუნდი, რომ თამაში შეეძლო. ფსიქოლოგიურ ასპექტზე ეჭვი მეპარებოდა, რაც ნორმალურია, როცა 10 თვე არ გითამაშია. მნიშვნელოვანი მატჩი იყო, მაგრამ ფედერიკო მშვიდად და წყნარად იყო, ამიტომაც, გადავწყვიტე, რომ სათადარიგო სკამზე მაინც მყოლოდა. დღეს მან რამდენიმე წუთი ითამაშა და კარგი ნახტომი გააკეთა. მას თამაშის დიდი სურვილი აქვს და მსოფლიოს ჩემპიონატის პაუზამდე მისი სათამაშო დრო უნდა ვმართოთ, რომ იანვარში საუკეთესო კონდიციებში გვყავდეს.
ახალი „იუვე“? პრობლემები გვაქვს ტრავმებთან დაკავშირებით, მაგრამ არაფრის გაკეთება შეგვიძლია. კვირას რთული თამაში გველოდება, იტალიის საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ. ცხადია, მნიშვნელოვანი და დელიკატური მატჩი იქნება.
კინის არყოფნამ მიბიძგა კიეზას განაცხადში შეყვანისკენ, როგორც ვთქვი, მან კარგად ივარჯიშა. „ინტერთან“ მატჩისთვის დაგვიბრუნდება დი მარია, ბრემერი და ვლაჰოვიჩი. პარედესი ორშაბათს უნდა დაბრუნდეს. „ინტერთან“ განსხვავებული თამაში იქნება, რადგან უფრო ფიზიკური გუნდია, ვიდრე პსჟ“, – თქვა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 6 ნოემბერს, შინ „ინტერთან“ გამართავს.