ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „მილანთან“ მარცხის (0:2) შემდეგ განაცხადა, რომ ტექნიკურად ბევრი შეცდომა დაუშვეს და გუნდი ფსიქოლოგიურადაც მზად არ იყო ამ შეხვედრისთვის.
„დღევანდელი მატჩის შემდეგ სათქმელი ცოტაა. თითქოს ნეგატიური პერიოდიდან გამოვედით, მაგრამ იგივე განმეორდა. პირველ 25 წუთში კარგად ვითამაშეთ, შემდეგ არაფერი შეგვიქმნია. ტექნიკურად ბევრი შეცდომა დავუშვით და ბუნებრივია, რომ საფასურის გადახდა მოგვიწია. ორი თამაში არ წყვეტს პრობლემებს და მნიშვნელოვანი იყო დღეს დადებითი შედეგის მიღწევა პირდაპირ კონკურენტთან.
ფსიქოლოგიური პრობლემაც იყო. ახლა ადვილი სიტუაცია არ არის. დაბალი და საშუალო დონის გუნდებთან ბევრი ქულა დავკარგეთ. ასეთ მატჩებს ფსიქოლოგიურად კარგ მდგომარეობაში უნდა შეხვდე. ტექნიკური შეცდომის გამო გოლი გავუშვით, მეორე ტაიმშიც იგივე მოხდა და ბუნებრივია, რომ ჩამოვიშალეთ. მშვიდად უნდა ვიყოთ და ძალა ვიპოვოთ ფეხზე წამოსადგომად. ახლა სამშაბათზე ვიფიქრებთ, „მაკაბისთან“ მოსაგებად უნდა ვითამაშოთ. არ შეიძლება არაზუსტი პასების გაკეთება, კუადრადოს შეტევაში 5-3-ზე ვიყავით და გოლი უნდა გაგვეტანა. უფრო ცივსისხლიანები უნდა ვიყოთ და თავი დავაღწიოთ შიშებს, რადგან სხვაგვარად შეუძლებელია შეტევაში ბალანსის პოვნა.
პირველი გოლის თავიდან აცილება შეიძლებოდა, ტექნიკურად ხშირად ვცდებოდით, ძალიან ბევრი არაზუსტი პასი გვქონდა და „იუვეს“ მსგავსი გუნდისთვის ეს დაუშვებელია.
კუადრადოს ყვითელი ბარათი ჰქონდა და ანერვიულებული იყო, ამიტომ შევცვალე, რომ წითელი ბარათი არ მიეღო. მეორე გოლის შემდეგ კი თამაში დასრულდა“, – თქვა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 11 ოქტომბერს, სტუმრად ჰაიფას „მაკაბისთან“ ჩაატარებს.