ალვარო მორატას აგენტმა ხუანმა ლოპესმა იტალიურ მედიასთან თავისი კლიენტის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ „იუვენტუსი“ ესპანელ ფორვარდს სეზონის ბოლოს გამოისყიდის.
„ალვარო აწმყოზეა ფოკუსირებული. სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს. ის ყოველთვის იყო „იუვენტუსის“ პირველი არჩევანი და მორატა მხოლოდ „იუვეში“ გადავიდოდა. პრობლემა თავიდან იყო, როდესაც „ატლეტიკოს“ მისი სრულფასოვნად გაყიდვა სურდა. თუმცა, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში ბევრი რამ შეიცვალა, სუარესმა „ატლეტიკოში“ გადასვლაზე თანხმობა განაცხადა და ალვაროს იჯარით გაშვებას მწვანე შუქი აენთო.
პირლოს და პარატიჩის ფაქტორი გადამწყვეტი იყო. მათ დაურეკეს და რამდენჯერმე ისაუბრეს. მათ შორის ურთიერთგაგება იყო და დღესაც არსებობს, კარგი ურთიერთობა აქვთ. „იუვეს“ დნმ-მა დიდი გავლენა მოახდინა ალვაროს პროფესიულ კარიერაზე, რადგან 2014 წელს „იუვეში“ გადასვლამ მის ჩამოყალიბებაზე ძალიან იმოქმედა.
იტალიის სხვა გუნდებიდან მას თავის დროზე „მილანი“ და „ნაპოლი“ იწვევდნენ. გამოსყიდვა? დარწმუნებული ვარ, „იუვენტუსი“ სეზონის ბოლოს „ატლეტიკოდან“ გამოისყიდის“, – თქვა ლოპესმა.
შეგახსენებთ, რომ მორატა „იუვეში“ სეზონის ბოლომდე იჯარითაა, მაგრამ ტურინელებს მისი გამოსყიდვის უფლება აქვთ, არსებობს მეორე ვარიანტიც – საიჯარო კონტრაქტის 1 წლით გახანგრძლივება.
ესპანელმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 9 გოლი გაიტანა – 3 სერია A-ში და 6 ჩემპიონთა ლიგაზე.