მთავარი / სიახლეები / მეტოქის წარგდენა: “ლიონის” სეზონი და ურთიერთშეხვედრები
Bertrand TRAORE of Lyon and Moussa DEMBELE of Lyon during the Champions League match Lyon and Benfica at Parc Olympique on November 5, 2019 in Lyon, France. (Photo by Romain Biard/Icon Sport)

მეტოქის წარგდენა: “ლიონის” სეზონი და ურთიერთშეხვედრები

ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ფრანგულ „ლიონს“ დაუპირისპირდება. პირველი მატჩი „პარკ ოლიმპიკზე“ 26 თებერვალს, ხოლო საპასუხო 17 მარტს „ალიანც სთედიუმზე“ შედგება.

„ლიონი“

რუდი გარსიას გუნდი ამ დროისთვის საფრანგეთის ლიგა 1-ში 25 ქულით მერვე ადგილზეა. „ლომებმა“ სეზონი ბრაზილიელი სილვინიოს ხელმძღვანელობით დაიწყეს, რომელსაც კარისკენ მიუთითეს და რუდი გარსიამ შეცვალა. ეს 14 ოქტომბერს მოხდა. ფრანგ სპეციალისტს იტალიაში სამი სეზონი აქვს გატარებული, „რომაში“ 2013-2016 წლებში. ლიგა 1-ში „ლიონის“ შედეგი ასეთია: 7 მოგება, 4 ფრე, 7 წაგება, 28:17 ბურთების ბალანსი.

რუდი გარსია ბოლო ხანს „ლიონს“ 4-2-3-1 ტაქტიკით ათამაშებს. მეკარე ენტონი ლოპეშია, რომელიც „იუვენტუსთან“ წინა ოთხ დაპირისპირებებშიც მუდმივად ძირითადში იყო. დაცვა დაკომპლექტებულია: მარჯვნივ ტეტე, მარცხნივ რაფაელი, ცენტრში დენაიერი და ანდერსენი. ეს უკანასკნელი შარშან „სამპდორიაში“ თამაშობდა. დაცვის წინ ორ საყრდენის ფუნქციებს ძირითადად ტუსარისა და მენდეშის დუეტი ასრულებს, ხოლო სამი შემტევი ოუარი, დეპაი და ტერიერა (ან რეინ-ადელაიდი). ცენტრფორვარდი დემებელეა, რომელსაც ტრაორე ანაცვლებს. გუნდის საუკეთესო ბომბარდირი მემფის დეპაია 14 გოლით, მაგრამ უმძიმესი ტრავმა მიიღო გასულ უიქ-ენდზე და „იუვენტუსთან“ ვერ ითამაშებს.

ჩემპიონთა ლიგაზე

„ლიონი“ G ჯგუფში რვა ქულით მეორე ადგილზე გავიდა და „ლაიფციგს“ (11 ქულა) ჩამორჩა. 2 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება, 9:8 ბურთების ბალანსი. ფრანგებმა გერმანიაში „ლაიფციგი“ (2:0) და შინ „ბენფიკა“ (3:1) დაამარცხეს. გუნდი „პარკ ოლიმპიკზე“ თამაშობს, რომელიც ევრო 2016-ის წინ აშენდა და გაიხსნა. ეს სტადიონი 59.186 მაყურებელს იტევს. აქ „იუვენტუსს“ ერთხელ უთამაშია და ხუან კუადრადოს გოლით მოიგო 2016 წელს. მანამდე, ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრებმა ამავე არენაზე ბელგია 2:0 დაამარცხა და მაშინ მოედანზე დღევანდელი „იუვეს“ 4 ფეხბურთელი იყო: ჯანლუიჯი ბუფონი, მატია დე შილიო, ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ცხიდან 5 გოლი მემფის დეპაის ანგარიშზეა, თითოჯერ ტრაორემ, ანდერსენმა, ოუარმა და ტერიერმა გაიტანეს. გასულ სეზონში „ლიონი“ მერვედფინალში „ბარსელონასთან“ დამარცხდა. საუკეთესო შედეგი კი ნახევარფინალია, რომელსაც 2009-2010 წლების სეზონში მიაღწია. იმ გუნდში მირალემ პიანიჩი თამაშობდა.

ურთიერთშეხვედრები

„იუვენტუსი“ და „ლიონი“ ისტორიაში ოთხჯერ შევხედრიან. ჩემპიონთა ლიგაზე ერთხელ მოხდა, 2016-2017 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე. საფრანგეთში „იუვემ“ ხუან კუადრადოს გოლით მოიგო და ჯანლუიჯი ბუფონმა პენალტი მოიგერია. ტურინში კი დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა. გონსალო იგუაინმა პენალტით ანგარიში გახსნა, ხოლო კორენტინ ტოლისომ გაათანაბრა. დანარჩენი ორი მატჩი ევროპა ლიგაზე შედგა, 2013-2014 წლების სეზონში, მეოთხედფინალურ ეტაპზე. ლიონში „იუვემ“ ლეონარდო ბონუჩის ერთადერთი გოლით იმარჯვა, ხოლო „ალიანც სთედიუმზე“ ანგარიში ანდრეა პირლომ გახსნა, ჯიმი ბრიანმა გაათანაბრა, ხოლო გადამწყვეტი სამუელ უმტიტის ავტოგოლი გამოდგა და „იუვენტუსმა“ 2:1 იმარჯვა.

„იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ფრანგულ კლუბებთან ბოლო რვა მატჩია არ წაუგია (6 მოგება, 2 ფრე). ხუთჯერ კი გოლიც არ გაუშვია. თანამედროვე ჩემპიონთა ლიგაზე „იუვენტუსი“ პლეი-ოფის სტადიაზე ფრანგულ გუნდებს ოთხჯერ დაუპირისპირდა და ოთხჯერვე შემდეგ ეტაპზე გავიდა – ერთხელ „ნანტი“ გააგდო, სამჯერ „მონაკო“.

თავის მხრივ „ლიონმა“ იტალიურ გუნდებთან ბოლო 9 მატჩიდან ევროთასებზე 6 წააგო (2 ფრე, 1 მოგება „რომასთან“ 2017 წლის მარტში). ჩემპიონთა ლიგაზე კი იტალიურ გუნდებს პლეი-ოფში ორჯერ დაუპირისპირდა და ორჯერვე ტურნირს გამოეთიშა – 2006 წელს „მილანთან“, 2007 წელს „რომასთან“.

კრიშტიანუ რონალდუ „ლიონის“ წინააღმდეგ

კრიშტიანუ რონალდუს „ლიონთან“ ჩემპიონთა ლიგაზე 10-ჯერ უთამაშია, 4 გოლი გაუტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა. ბოლოს ეს 2011 წელს მოხდა, როდესაც ნოემბერში დუბლი შეასრულა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …