მადრიდის „რეალის“ მცველის მარსელოს „იუვენტუსში“ ტრანსფერი კიდევ უფრო რეალური ხდება. ესპანური მედიის ცნობით, ბრაზილიელი მიმდინარე კვირაში გუნდის ხელმძღვანელობას ორჯერ შეხვდა და საუბრის თემა ორჯერვე ზაფხულში გუნდიდან გაშვება იყო.
მარსელო სანტიაგო სოლარის გეგმებში არ ჯდება და უმეტეს დროს სათადარიგო სკამზე ატარებს. მისთვის პრიორიტეტი „იუვეში“ გადასვლაა, სადაც უახლოესი მეგობარი კრიშტიანუ რონალდუ ეგულება.
ცოტა ხნის წინ ბრაზილიელმა „ბებერი სინიორას“ შესახებ კომენტარიც გააკეთა:
„იუვენტუსი“ ბრწყინვალე გუნდია დიდი ისტორიით. თუმცა „რეალთან“ კონტრაქტი მაკავშირებს და აქ ყოფნა მომწონს“.
30 წლის მარსელო 70 მილიონ ევროდ ფასობს. „იუვე“ ასაკში მყოფი ფეხბურთელის სანაცვლოდ ამხელა თანხის გაღებისთვის მზად არაა, მაგრამ როგორც იტალიური მედია წერს, ორივე მხარე შესაძლოა დათმობაზე წავიდეს და შეთანხმებაც ადვილად შედგება.