„მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ალესანდრო კოსტაკურტამ, რომელიც ამჟამად Sky Sport-ის ტელევიზიაში მუშაობს, ამავე ტელეარხზე ჩემპიონთა ლიგის 2003 წლის ფინალი გაიხსენა, რომელიც „მილანსა“ და „იუვენტუსს“ შორის გაიმართა.
კოსტაკურტამ განაცხადა, რომ ეს იყო მატჩი მეგობრებს შორის და პაველ ნედვედს რომ ეთამაშა, მატჩი განსხვავებულად წარიმართებოდა.
„ჩვენ ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა „იუვენტუსის“ ფეხბურთელებთან, ეს განსაკუთრებული გრძნობა იყო. ეს გახლდათ მატჩი მეგობრებს შორის და ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვანი თასისთვის ვთამაშობდით. ძალიან ძლიერი გუნდი დავამარცხეთ, ნედვედი რომ ყოფილიყო, განსხვავებული თამაში იქნებოდა“, – თქვა კოსტაკურტამ.
შეგახსენებთ, რომ „მილანმა“ „იუვენტუსი“ 2003 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში პენალტების სერიაში 3:2 დაამარცხა, პაველ ნედვედმა კი, რომელიც ტურინელთა ლიდერი იყო და იმავე წელს „ოქროს ბურთი“ მოიგო, ფინალი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.
აღსანიშნავია, რომ კოსტაკურტამ დაახლოებით ერთი წლის წინ ამ ფინალის გახსენებისას თქვა, რომ ნედვედის ყვითელი ბარათი “მილანის” ფეხბურთელებმა ისე იზეიმეს, როგორც “სან სიროზე” გატანილი გოლი, როდესაც “იუვესა” – “რეალის” მატჩს ერთად უყურებდნენ, რადგან ამ წყვილში მათი მომავალი ირკვეოდა.