მთავარი / სიახლეები / “იუვეს” მძიმე გამარჯვება “ვერონასთან”

“იუვეს” მძიმე გამარჯვება “ვერონასთან”

იტალიის სერია A-ს მეოთხე ტურში „იუვენტუსმა“ „ვერონას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

მაურიციო სარიმ შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება მოახდინა. პირველად გამოჩნდნენ ძირითად შემადგენლობაში ჯანლუიჯი ბუფონი, მერიჰ დემირალი, პაულო დიბალა და აარონ რემზი.

შეხვედრის დასაწყისი კი წარმატებული არ ყოფილა. მე-20 წუთზე მერიჰ დემირალმა პენალტი აიკიდა, რომელიც სტუმრებმა ძელს მოარტყეს. გატანა დამატებაზე სცადეს, თუმცა, ამჯერად „იუვე“ ხარიხამ გადაარჩინა. მიუხედავად ამისა, ამავე შეტევაში ტურინელები გოლს ვერ გადაურჩნენ. იერიში გაგრძელდა და პორტუგალიელმა მიგელ ველოზუმ საჯარიმოს მისადგომებიდან ულამაზესი გოლით ანგარიში გახსნა.

„იუვე“ მდევრის როლში დიდხანს არ ყოფილა, რადგან აარონ რემზიმ 10 წუთში გაათანაბრა. უელსელმა „ალიანც სთედიუმზე“ პირველივე შეხვედრაში მოახერხა თავის გამოჩენა.

მეორე ტაიმის დასაწყისში კი, საჯარიმოში ხუან კუადრადო წააქციეს და ამჯერად პენალტი „ვერონას“ კარში დაინიშნა. ბურთთან კრიშტიანუ რონალდუ მივიდა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა.

დარჩენილ დროში საგოლე მომენტები ორივე გუნდს შეექმნა, მაგრამ ანგარიში არ შეცვლილა. „იუვენტუსმა“ ისევ ვერ დატოვა კარგი შთაბეჭდილება და ფაქტია, რომ გუნდი ჩამოყალიბების პროცესშია. ამასობაში, „ბებერმა სინიორამ“ 10 ქულა დააგროვა.

მომდევნო მატჩს „იუვე“ სამშაბათს, „ბრეშასთან“ ჩაატარებს.

„იუვენტუსი“ – „ვერონა“ 2:1 (1:1)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (4-3-3): ბუფონი; დანილო, დემირალი, ბონუჩი, ალექს სანდრო; რემზი (ხედირა 61), ბენტანკური (პიანიჩი 51), მატუიდი; კუადრადო, დიბალა (იგუაინი 72), რონალდუ

მწვრთნელი: მაურიციო სარი

„ვერონა“ (3-4-3): სილვესტრი; რაჰმანი, კუმბულა, გიუნტერი; ფარაონი, ამრაბატი (პაცინი 85), ველოზუ, ლაზოვიჩი; ვერე (პესინა 59), დი კარმინე, ძაკანი (ტუტინო 73)

მწვრთნელი: ივან იურიჩი

გოლები: 0:1 ველოზუ (20), 1:1 რემზი (31), 2:1 რონალდუ (49, პენ)

გაფრთხილება: კუმბულა (16, 90), რაჰმანი (28), ფარაონი (34)

გაძევება: კუმბულა (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (3) – 8 (8) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 2:0 თამაშგარე: 2:5

მსაჯი: ფედერიკო ლა პენა

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …