„იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშია. „ბებერმა ქალბატონმა“ პლეი-ოფის საგზური მეხუთე ტურში „ვალენსიას“ დამარცხების შემდეგ გაიფორმა. თუმცა, საკმაოდ მძიმე გამარჯვება იყო და ტურინელებს ნერვიულობა ბოლო წუთამდე მოუწიათ.
შეხვედრა საკმაოდ არასანახაობრივი გამოდგა. პირველ ტაიმში „იუვე“ მხოლოდ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ სახიფათო მომენტების შექმნა უჭირდა. საპასუხოდ, „ვალენსია“ ტაიმის ბოლო წუთზე ლამის დაწინაურდა. ლეონარდო ბონუჩის მუხტარ დიახაბი გაექცა და ესპანელთა უკანახაზელის თავური ვოიცეხ შჩესნიმ სასწაულებრივ მოიგერია. „იუვესთვის“ ეს საგანგაშო სიგნალი იყო და ამიტომ, მეორე ტაიმში უფრო მეტად კონცენტრირებულნი გამოვიდნენ მოედანზე. ისე, დიახაბიმ მეორე ნახევარში გოლი მაინც გაიტანა და დაახლოებიტ იგივე სიტუაციაში, სტანდარტიდან, მაგრამ ხელით და ეს მსაჯს არ გამოპარვია – გოლი სამართლიანად გაუქმდა.
სანამ ეს მოხდებოდა, „იუვენტუსი“ უკვე იგებდა. 59-ე წუთზე კანსელუს კარგი პასის შემდეგ რონალდუმ ჩინებულად ითამაშა, გამჭოლი გადაცემა გააკეთა და კარის წინ მარიო მანჯუკიჩი მარტო იყო. ხორვატს გატანა არ გასჭირვებია – 1:0.
თამაშის ბოლომდე „იუვემ“ ანგარიში შეინარჩუნა, მაგრამ თამაშის ხარისხი მაინც ცუდი იყო და ეს თვალშისაცემია.
ტურინელებმა 12 ქულა მოაგროვეს და ჯგუფიდან ოფიციალურად გავიდნენ. თუმცა, ბოლო ტურში „იანგ ბოიზთან“ შეხვედრას მაინც აქვს დატვირთვა. ვინაიდან, თუ „მანჩესტერი“ „ვალენსიასთან“ მოიგებს და „იუვე“ შვეიცარიაში ქულებს დაკარგავს (თუნდაც ფრეს ითამაშებს), პირველ ადგილზე ინგლისური გუნდი გავა. ასე რომ, მასიმილიანო ალეგრის გუნდს ბერნში მოსაგებად მოუწევს თამაში.
„იუვენტუსი“ – „ვალენსია“ 1:0 (0:0)
ტურინი, „ალიანც სთედიუმი“
მაყურებელი: 40 000
„იუვენტუსი“ (4-3-1-2): შჩესნი; კანსელუ, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო (კანსელუ 46); ბენტანკური, პიანიჩი, მატუიდი; დიბალა (დუგლას კოშტა 79); მანჯუკიჩი, რონალდუ
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
„ვალენსია“ (4-4-2): ნეტო; ვასი, გაბრიელ პაულისტა, დიახაბი, გაია; კოკელნი, კონდოგბია (სოლერი 72), პარეხო, გედეში; როდრიგო (გამეირო 46), სანტი მინა (ბატუაი 67)
მწვრთნელი: მარსელინო ტორალი
გოლი: 1:0 მანჯუკიჩი (59)
გაფრთხილება: ბენტანკური (13), კუადრადო (60), მატუიდი (83) – გაია (31), კონდოგბია (43), დიახაბი (62), გედეში (69), ბატშუაი (74)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (7) – 3 (1) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 6:3 თამაშგარე: 1:0
მსაჯი: უილიამ კოლამი (შოტლანდია)