მთავარი / სიახლეები / სერია A / გამარჯვება რონალდუს და რემზის გოლებით

გამარჯვება რონალდუს და რემზის გოლებით

იტალიის სერია A-ს 25-ე ტურში ტურინის „იუვენტუსი“ „სპალს“ ესტუმრა და დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა. მაურიციო სარის გუნდმა თამაში აქტიურად დაიწყო და მეოთხე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა. თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო გოლი გაუქმდა.

მიუხედავად ამისა, ტაიმის მიწურულს პორტუგალიელმა მიზანს მაინც მიაღწია. ხუან კუადრადოს ჩინებული პასის შემდეგ რონალდუმ ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა და ზედიზედ მე-11 თამაშში გაიტანა. ამით, სერია A-ს რეკორდი გაიმეორა, რომელიც გაბრიელ ბატისტუტასა და ფაბიო კუალიარელას ეკუთვნოდათ.

„იუვეს“ მანამდეც შეეძლო გატანა, მაგრამ პაულო დიბალას შესანიშნავი თამაშის შემდეგ არ გაუმართლა, ბურთი ძელს მოხვდა. არგენტინელმა მეორე ტაიმის დასაწყისში კიდევ ერთხელ გაიბრწყინა და ამჯერზე აარონ რემზის დიდებული საგოლე პასი გაუკეთა, უელსელმაც იხეირა და სხვაობა გაზარდა.

მალევე „სპალი“ თამაშში დაბრუნდა. დანიელე რუგანიმ საჯარიმოში იუხეშა და ანდრეა პეტანიამ პენალტი გაიტანა – 1:2.

დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა. ყველაზე ახლოს გოლთან რონალდუ იყო, რომლის ჯარიმა ხარიხას მოხვდა. ვთქვათ ისიც, რომ აგვისტოს შემდეგ პირველად ჯორჯო კიელინიმ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და მოედანზე 55 წუთი გაატარა. „იუვენტუსმა“ კი 60 ქულა დააგროვა და ახლა ორი უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის მოემზადება.

ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე „ლიონს“ ესტუმრება, მერე კი შინ უშუალო კონკურენტ მილანის „ინტერს“ დაუხვდება.

„სპალი“ – „იუვენტუსი“ 1:2 (0:1)

ფერარა, „სილვიო პიოლა“

„სპალი“ (4-3-3): ბერიშა; ჩიონეკი, ძუკანოვიჩი, ბონიფაცი, რეკა; მისიროლი (ტუნიოვი 80), ვალდიფიორი, კასტრო (ფარესი 60); სტერეფეცა, პეტანია, ვალოტი (დი ფრანჩესკო 89)

მწვრთნელი: ლუიჯი დი ბიაჯო

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; დანილო, რუგანი, კიელინი (დე ლიხტი 55), ალექს სანდრო; რემზი (რაბიო 73), ბენტანკური, მატუიდი (ბერნარდესკი 79); კუადრადო, დიბალა, რონალდუ

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გოლები: 0:1 რონალდუ (39)), 0:2 რემზი (60), 1:2 პეტანია (69 პენ)

გაფრთხილება: ვალოტი (19), პეტანია (45), სტრეფეცა (88), ჩიონეკი (90) – მატუიდი (78), დანილო (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (5) – 17 (9) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 3:4 თამაშგარე: 0:2

მსაჯი: ფედერიკო ლა პენა

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …