ტურინის „იუვენტუსმა“ სანაკრებო პაუზის შემდეგ გამარჯვებით მოახერხა დაბრუნება. მაურიციო სარის გუნდმა სერია A-ს მეცხრე ტურში „ბოლონიას“ უმასპინძლა და გვარიანად ინერვიულა.
ტურინელები მალევე, კრიშტიანუ რონალდუმ დააწინაურა, მაგრამ სიხარული ხანმოკლე გამოდგა, რადგან დანილოს გოლით „ბოლონიამ“ გაათანაბრა. მთლიანობაში პირველი ტაიმი საკმაოდ მშვიდი გამოდგა და ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა.
მეორე ნახევარში კი, „იუვეს“ უპირატესობა გამოიკვეთა და 54-ე წუთზე მირალემ პიანიჩმა მასპინძლები ისევ დააწინაურა. ამის შემდეგ ტურინელებს კიდევ არაერთხელ შეეძლოთ გატანა, მაგრამ მომენტები ქარს გაატანეს.
სამაგიეროდ, მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე „იუვენტუსი“ აშკარა გოლს გადაურჩა. ჯერ სანტადერის დარტყმა ხარიხას მოხვდა, დამატებაზე კი, ბუფონმა საოცარი სეივით საკუთარ გუნდს 2 ქულა გადაურჩინა და კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მაღალი ოსტატობა.
„იუვენტუსმა“ 22 ქულა დააგროვა და კვლავინდებურად პირველ ადგილზეა. მომდევნო მატჩს კი, სამშაბათს, ასევე შინ, ჩემპიონთა ლიგაზე მოსკოვის „ლოკომოტივთან“ გამართავს.
„იუვენტუსი“ – „ბოლონია“ 2:1 (1:1)
ტურინი, „ალიანც სთედიუმი“
„იუვენტუსი“ (4-3-1-2): ბუფონი; კუადრადო, ბონუჩი, დე ლიხტი, ალექს სანდრო; ხედირა (ბენტანკური 62), პიანიჩი, რაბიო (მატუიდი 73); ბერნარდესკი; იგუაინი (დიბალა 82), რონალდუ
მწვრთნელი: მაურიციო სარი
„ბოლონია“ (4-2-3-1): სკორუპსკი; მბაიე, ბანი, დანილო, კრეიჩი; პოლი (დზემაილი 82), სვანბერგი (ოლსენი 80); ორსოლინი, სორიანო, სანსონე (სანტანდერი 80); პალასიო
მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი
გოლები: 1:0 რონალდუ (19), 1:1 დანილო (26), 2:1 პიანიჩი (54)
გაფრთხილება: რაბიო (29), ბენტანკური (70) – სანსონე (22), დანილო (84)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (11) – 7 (4) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 8:5 თამაშგარე: 1:3
მსაჯი: მასიმილიანო ირატი