2013 წელს „იუვენტუსმა“ ტურინის მუნიციპალიტეტს 11,7 მილიონი ევრო გადაუხადა. კლუბმა 99 წლით იქირავა მიწის ნაკვეთი 17,6 ჰექტარის ფართობით კონტინასას რაიონში, სტადიონის მახლობლად.
2019 წელს „იუვემ“ დაასრულა პროექტი „J Village“, ულტრათანამედროვე კომპლექსი, რომლის ტერიტორიაზე მდებარეობს სასწავლო ცენტრი, კლუბის ოფისი, სამედიცინო ცენტრი, სასტუმრო, მედია-ცენტრი, კონცეპტ-სტორი და საბავშვო სკოლა. ბოლოს ოთხვარსკვლავიანი „J Hotel“ გაიხსნა. სასტუმროს მართვისთვის შეიქმნა კომპანია „B&W Nest“ – „იუვეს“ აქვს 40% წილი, ხოლო 60% ეკუთვნის „Lindbergh Hotels“ ქსელს (იგი ძირითადად მოიცავს ხუთ და ოთხვარსკვლავიან სასტუმროებს ზღვის კურორტებზე).
„სასტუმროს „J Hotel“ გახსნით ჩვენ ვასრულებთ ზონის რეკონსტრუქციას, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მიტოვებული ჰქონდა ქალაქის ხელისუფლებას”, – თქვა „იუვენტუსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ალდო მაციამ. „ჩვენი კლუბი გახდა ამ ოპერაციის მამოძრავებელი ძალა, სტადიონის მშენებლობის ჩათვლით, 350 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიციის განხორციელებით“.
სასტუმრო, რომელიც „ალიანც სტედიუმიდან“ 600 მეტრშია და გუნდის სავარჯიშო ბაზასთან მდებარეობს, სტუმრებისთვის ხელმისაწვდომია აგვისტოს ბოლოდან. ზოგი ოთახი დაჯავშნილია „იუვეს“ წარმომადგენლებისთვის, მაგრამ ყველას შეუძლია „J Hotel“-ში დარჩენა. ეს არის პირველი სასტუმრო იტალიაში, რომელიც ეკუთვნის საფეხბურთო კლუბს.
რა ხდება შიგნით?
„ურბანული სტილი, მაღალი ხარისხის ავეჯი და უახლესი ტექნოლოგიები. ჩვენი სასტუმროს ნომრები და ლუქსები ნამდვილი საცხოვრებელი ოთახებია, რომლებიც აღჭურვილია ექსკლუზიური მომსახურებით“, – ნათქვამია სასტუმროს ვებსაიტზე. „J Hotel“-ში 138 ოთახია (32 კლუბისთვის), რომლებიც იყოფა ოთხ კატეგორიად: J Suite, Comfort, Deluxe და Executive. მომსახურებებში შედის Sky TV, ყავის მადუღარები და Wi-Fi.
სტუმრებისთვის მუშაობს ლაუნჯ-ბარი და რესტორანი „Taola“ („მაგიდა“ პიემონტის დიალექტზე, 80 ადგილი). „Taola“-ს შეფი – დავიდე სკაბინი, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მზარეულია, ტურინის რესტორნის „Combal.Zero“–ს მფლობელი, რომელიც დაჯილდოვებულია მიშლენის ორი ვარსკვლავით და იკავებს მეორმოცე ადგილს მსოფლიოში საუკეთესო რესტორნების რეიტინგში „San Pellegrino“. იგი აგრძელებს მუშაობას „Combal.Zero“–ში, მაგრამ „J Hotel“–თან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
სასტუმრო ასევე ფუნქციონირებს როგორც ბიზნეს ცენტრი. ტერიტორიაზე რვა მიტინგ-რუმია: „შავ-თეთრი“ (70 კაცი), „შავი“ (43), „თეთრი“ (30), „გუნდი“ (90), „ფორვარდები“ (20), „ნახევარმცველი“ ( 20), „მცველები“ (20), „მეკარეები“ (20). საზაფხულო შეკრებების დროს „იუვენტუსმა“ რამდენიმე შეხვედრა გამართა სასტუმროს ტერიტორიის დატოვების გარეშე.
რა ღირს? რას ამბობენ სტუმრები?
Booking.com-ზე, ყველაზე იაფი ოთახი (სტანდარტული ორკაციანი) დღეში 117 ევრო ღირს. ამ თანხაში შეგიძლიათ დაჯავშნოთ ოთახი დეკემბრის დასაწყისში. კინგსაიზ-საწოლიანი ორკაციანი 136 ევრო ეღირება (ტურინში მდებარე ოთხვარსკვლავიან სასტუმროში ორადგილიანი ნომრის საშუალო ფასი დაახლოებით 100 ევროა), წარმომადგენლობითი – 190. ოჯახური ლუქსი ღამეში 272 ევრო ღირს.
„J Hotel“-ს მაღალი რეიტინგი აქვს Booking-ზე თითქმის ყველა კატეგორიაში: პერსონალი – 9, კეთილმოწყობა – 8.7, სისუფთავე – 9.3, კომფორტი – 9.1, ადგილმდებარეობა – 8.9. მაგრამ ფასი/ ხარისხის თანაფარდობა მხოლოდ 7.4-ს შეადგენს.
სტუმრები აღნიშნავენ პერსონალის პროფესიონალიზმს, ლამაზ დიზაინს, სისუფთავეს და ჩინებულ სამზარეულოს. მაგრამ ასევე არსებობს უარყოფითი მხარეები: რესტორანში საბავშვო სავარძლების ნაკლებობა, მენიუ მხოლოდ ინგლისურ ენაზე, ფასები ძალიან მაღალია ოთხვარსკვლავიანი სასტუმროსთვის და მთავარი პრეტენზია – მატჩების დღეებში ფასების მკვეთრი მატებაა.
„J Hotel“–ის ვებსაიტზე არის განცხადება 30%–იანი ფასდაკლების შესახებ იმ თარიღებზე, როდესაც იუვენტუსი თამაშობს სახლში. თუმცა, დაჯავშნისას, ყველაზე იაფი ოთახი მილანთან მატჩის დღეს (10 ნოემბერი) 300 ევრო ღირს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის „ლოკომოტივთან“ თამაშის დღეს (22 ოქტომბერი) – 440 ევრო. კიდევ არის თავისუფალი ოთახები და ეს გასაკვირი არ არის – ტურინის ცენტრში ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში იმავე თარიღზე ოთახის ღირებულებაა 190-250 ევრო.
ცხოვრობენ თუ არა იქ ფეხბურთელები?
„ჩვენ აქ შვილთან ერთად გავჩერდით „ნაპოლისთან“ თამაშამდე. იგი აღფრთოვანებული დარჩა, როდესაც ჰოლში შეხვდა ბუფონი, ბონუჩი და ალექს სანდრო. ყველა გულშემატკივარს ვურჩევ – ჩამოვიდნენ „J Hotel“-ში,” – წერს ერთ-ერთი სტუმარი Booking-ზე მიმოხილვაში. შესაძლოა, მოთამაშეთა გამოჩენა მარკეტინგული სვლაა, მაგრამ სასტუმროს აქვს მათთვის დაჯავშნული ოთახები. ხოლო შეკრებების დროს, როდესაც “J Hotel“ სტუმრებისთვის ჯერ კიდევ არ იყო ღია, გუნდი მასში სრულფასოვნად ცხოვრობდა.
ახალბედებიც იქ რჩებოდნენ – აარონ რემზი, ადრიან რაბიო, მერიხი დემირალი – და მაურიციო სარი, სანამ ქალაქში არ იპოვეს საცხოვრებელი ადგილები. ახლა ისინი უკვე გადავიდნენ ნაქირავებ ბინებში, მაგრამ ნებისმიერ დროს შეუძლიათ სასტუმროში ცხოვრება.