მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “რეალობას აცდენილი კრიტიკა მიუღებელია”

ალეგრი: “რეალობას აცდენილი კრიტიკა მიუღებელია”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ნაპოლისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტი ბევრ საკითხს შეეხო. მათ შორის, მოახლოებულ მატჩს, ჩემპიონთა ლიგას და მომავალს.

ალეგრის განცხადებით, პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ გახდება ცნობილი, რა იქნება მომავალ სეზონში.

„ნაპოლი“

„ნაპოლი“ შესანიშნავ სეზონს ატარებს. ხვალ სპორტის მშვენიერი საღამო იქნება და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ ჩავატაროთ ტექნიკურად და ინტენსიურად კარგი მატჩი.

სოციალური ქსელი

ეს პრობლემაა. არასდროს ვყოფილვარ სოციალური მედიის დიდი მიმდევარი, მაქსიმუმ მატჩების შემდეგ პატარა სტატუსს ვაქვეყნებდი. ვახშამზე ვიყავი, როდესაც ჩემი პროფილები გავაუქმე, ვფიქრო ეს ნორმალურია და გამიკვირდა ამხელა აჟიოტაჟი.

კრიტიკა მადრიდის შემდეგ

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ ბევრი გამარჯვება მოვიპოვეთ და ახლაც, ჩემპიონთა ლიგისა და სკუდეტოს მოგების შანსი გვაქვს. მართალია პირველი თამაში 2:0 წავაგეთ, მაგრამ სამწუხაროა ის რეაქცია, რომელიც ამას მოჰყვა. თავიდან შეიქმნა მოლოდინი, რომ მადრიდში „იუვე“ 3:0 მოიგებდა… მას შემდეგ, რაც „იუვეში“ ვარ, ჩემპიონთა ლიგაზე 11 თამაში წავაგეთ. მათ შორის, ბერნსა და სევილიაში, როდესაც ჯგუფიდან უკვე გასულები ვიყავით, ერთი შინ „მანჩესტერთან“, რომელიც ყველამ ვიცით, როგორც წავაგეთ და ერთიც მიუნხენში დამატებით დროში, რომლის 90 წუთი ფრედ დასრულდა. დანარჩენ შემთხვევებში ჩვენ „ბარსელონასთან“, „რეალთან“ და „ატლეტიკოსთან“ დავმარცხდით – სამი გუნდი, რომლებიც უეფას რეიტინგში „იუვეზე“ მაღლა არიან. კრიტიკა ჩემთვის მაშინაა მისაღები, როდესაც თამაშის ხარისხს ეხება, მაგრამ არა მაშინ, როდესაც რეალობისგან შორს მდგარი მოლოდინითაა გამოწვეული. ჩემპიონთა ლიგა არის ტურნირი, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ნებისმიერი სანტიმეტრიც კი შესაძლოა გადამწყვეტი იყოს. „რეალმა“ მეათე ტიტულის მოგებას 11 წელი მოანდომა, მართალია შემდეგ ოთხჯერ გაიმარჯვა, მაგრამ 11 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვერ ახერხებდა. და, ჩვენ ვსაუბრობთ მადრიდის „რეალზე“…

გუნდის კონდიცია

რონალდუ კარგადაა, გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ხვალ ემრე ჯანსა და ბენტანკურს შორის ერთ-ერთი ითამაშებს. ხედირა როდის დაგვიბრუნდება ჯერ არ ვიცით. იმედია, დუგლას კოშტა „ატლეტიკოსთან“ მატჩისთვის დაგვიბრუნდება. გუნდი ამ თამაშისთვს მზად იქნება. კიელინისა და ბონუჩის კონდიციები ნამდვილად გაუმჯობესდა, ისევე, როგორც პიანიჩის.

ხმები მომავლის შესახებ

მადრიდის შემდეგ ხალხს მკვდარი ვგონივართ, შესაბამისად, ხმები, რომლებიც ვრცელდება სინამდვილეს არ შეესაბამება. პრეზიდენტს შევხვდები და ამ საკითხზე ვისაუბრებთ, გადავწყვეტთ რა მოხდება მომავალ წელს. ახლა კონცენტრირებული ვართ იმ თამაშებზე, რომლებიც უნდა ჩავატაროთ, ჩემპიონატის მატჩები და 12 მარტის შეხვედრა, როცა ყველა საჭირო იქნება. დაგვჭირდება 95 წუთის განმავლობაში სტადიონი, რომელიც ქამ-ბექის წყურვილით იქნება აღსავსე და არა ისეთი სტადიონი, რომელიც უბრალოდ თამაშის ყურებით შემოიფარგლება.

ისევ „სან პაოლოს“ მატჩზე

დადებითი შედეგის შემთხვევაში სკუდეტოს მოგების შანსი კიდევ უფრო გაიზრდება. ეს დიდი ბრძოლა იქნება, რადგან გვინდა მეტოქე დავამრცხოთ და დავამტკიცოთ, რომ უფრო ძლიერები ვართ. ამ მატჩისთვის თითქმის ერთი კვირაა ვემზადებით, „ნაპოლი“ კი ახლა უფრო განსხვავებულად თამაშობს, ვიდრე აქამდე. დარწმუნებული ვარ „იუვე“ შესანიშნავ თამაშს ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა 3 მარტს, თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …