ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ 2018 წლის ბოლო მატჩის წინ, რომელსაც „იუვე“ გენუის „სამპდორიასთან“ გამართავს, პრეკოსნფერენცია გამართა.
ალეგრის განცხადებით, მისმა გუნდმა წელი კარგ ხასიათზე, გამარჯვებით უნდა დაასრულოს:
„სამპდორია“
„ხვალ ძალიან რთული და გრძელი მატჩი გველოდება. სამი ქულა უნდა მოვიპოვოთ, შვებულებაში მშვიდად გავიდეთ და 2018 წელი კარგი განწყობით დავასრულოთ. „სამპდორია“ ბოლო შვიდ შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ დამარცხდა, ხოლო უკანასკნელ სამ გასვლით შეხვედრაში დადებითი შედეგი აჩვენა. გულშემატკივრების დახმარებაც დაგვჭირდება. კვალიარელა? – საოცარი ფეხბურთელია, წელს კიდევ უფრო მეტად.
შემადგენლობა
დაბრუნდნენ ბერნარდესკი, ბენატია და მატუიდი. ითამაშებენ შჩესნი, რონალდუ, რუგანი და კიელინი. ბონუჩი კი ამჯერად დაისვენებს. მარცხენა ფლანგზე გადაწყვეტილება არ მიმიღია ვინ გავა მოედანზე – ალექს სანდრო თუ სპინაცოლა. ეს უკანასკნელი სათამაშოდ პირველივე წუთიდანვე მზადაა.
საოცარი 2018 წელი
ვამაყობთ იმით, რაც 2018 წელს გავაკეთეთ. კმაყოფილი ვარ შესრულებული სამუშაოთი, ხოლო მომავლაში ასევე უნდა გავაგრძელოთ სიმშვიდე შევინარჩუნოთ და მოვიგოთ თამაშები. ფეხბურთში ეს ყველაზე მთავარია.
ბოლო პერიოდის მოვლენები
ჩემი აზრით ჩემპიონატი არ უნდა შეჩერდეს. მხოლოდ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევით შეიძლება თამაშების შეწყვეტა. რა თქმა უნდა, არ უნდა შევეგუოთ რასიზმს, ძალადობას და სიკვდილს საფეხბურთო მოედნებზე“, – განაცხადა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „სამპდორიას“ შეხვედრა 29 დეკემბერს, თბილისის დროით 15:30 საათზე გაიმართება.