პაველ ნედვედი „იუვენტუსს“ დაემშვიდობა. მან აქციონერთა კრებაზე სიტყვა წარმოთქვა და ანდრეა ანიელის მადლობა გადაუხადა.
„აქ სიტყვით ხშირად არ გამოვდიოდი, მაგრამ ახლა უნდა ვილაპარაკო. პირველ რიგში, ყველას მადლობას ვუხდი. ამ მოგზაურობა 20 წელი გაგრძელდა. 2001 წელს დავიწყე, როგორც ახალგაზრდა ფეხბურთელმა და გავხდი შუა ასაკის მენეჯერი. აქ ჩამოსვლის დღიდან ადაპტაცია მარტივად გავიარე, ეს ქალაქი და განსაკუთრებით კლუბი იქცა ჩემს ოჯახად, ვიცი, რომ ეს არის კლუბი, რომელიც არამარტო მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანთა შორისაა, არამედ მისი წარმოდგენა მოედანზე და მოედანს მიღმაც, დიდი პატივია.
საფეხბურთო კარიერა ცოტა ხნის დასრულებული მქონდა, როცა აქციონერებმა 2010 წელს, მთხოვეს საბჭოში გაწევრიანება და სწავლის პირველი წლები ჩემთვის შესანიშნავი სკოლა იყო. ყოველდღე რაღაცაც ვსწავლობდი, შემეძლო გუნდში ჩემი წვლილი შემეტანა. შემდეგ ვიცე-პრეზიდენტი გავხდი, ვამაყობ ამ თანამდებობით, რაც დიდი პატივი იყო, მაგრამ ასევე დიდი პასუხისმგებლობა. ეს პოსტიც ვნებაა, რაც არასდროს მაკლდა.
მადლობა ანიელის, როგორც პრეზიდენტს, მადლობა ჩვენი მეგობრობისთვის, თუნდაც სამსახურს მიღმა. ვკამათობდით კიდეც, მაგრამ ამან ჩვენი კავშირი გააძლიერა. ვიცი, როგორ გიყვარს „იუვენტუსი“, რამდენი მსხვერპლი გაიღე კლუბისთვის და რამდენად იყავი ამ კლუბის ლიდერი. პატივი იყო შენთან ერთად მუშაობა, მადლობა პრეზიდენტო, მადლობა ყველას“, – თქვა ნედვედმა.
შეგახსენებთ, რომ პაველ ნედვედისა და „იუვენტუსის“ ურთიერთობა თითქმის 22 წელი გაგრძელდა. ჩეხი ტურინულ გუნდს 2001 წელს შეუერთდა და 2009 წლამდე, როცა კარიერა დაასრულა, 327 მატჩში 65 გოლი გაიტანა. ნედვედს ლეგიონერთა შორის „იუვენტუსში“ ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული.
2010 წელს პაველი „იუვენტუსის“ ბორდში დასაქმდა, ხოლო 2015 წლიდან ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. პაველ ნედევის და „იუვენტუსის“ 22-წლიანი ისტორია კი დღეს დაიხურა…