ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო შეხვედრაში ლონდონის „ჩელსი“ ტურინის „იუვენტუსს“ უმასპინძლებს. ტომას ტუხელის გუნდი ტურნირის მოქმედი ჩემპიონია, პრემიერლიგასაც ლიდერობს და შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ ორი თვის წინ იტალიაში მარცხი განიცადა.
„ჩელსის“ ლეგენდამ ჯონ ტერიმ Gazzetta Dello Sport-თან აღნიშნული მატჩის შესახებ ისაუბრა და ივარაუდა, რომ ინგლისური გუნდი 2:0-ს მოიგებს.
„ბონუჩი და კიელინი თავიანთი თაობის საუკეთესო მცველები არიან, ორი ტოპფეხბურთელი. ისინი უკვე ლეგენდები არიან, მე თვითონ ვსწავლობდი მათ თამაშს, როგორც ყოველთვის იტალიელი მცველების. ყველაფერი ბარეზის შესწავლით დავიწყე და შემდეგ იყო მალდინი, ჩემი აბსოლუტური კერპი, ადამიანი, რომლისთვის ყველაფერი მარტივად გამოიყურებოდა. არცერთ მცველს არ ჰქონია ისეთი ბუნებრივი სტილი, როგორც მას.
პროგნოზი? „ჩელსი“ 2:0-ს მოიგებს. გუნდი კარგად თამაშობს და არანაირი პრობლემა არ ჰქონია ტურინში წაგების შემდეგ. ჩემი აზრით, ფეხბურთელების დანაკლისის მიუხედავადაც, „ჩელსი“ უფრო ძლიერია. თუმცა, ამ ზაფხულსაც ინგლისი უფრო ძლიერი იყო, მაგრამ იტალიას რაღაც განსაკუთრებული ჰქონდა. ჯგუფურ ეტაპზე, როცა დავინახე, როგორ მღეროდნენ იტალიელი ფეხბურთელები ჰიმნს, გავიფიქრე: სწორედ ამას ითხოვს გულშემატკივარი – ერთად ბრძოლა, განსაკუთრებული ვნებით“, – თქვა ტერიმ.
შეგახსენებთ, „იუვენტუსს“ ოთხი ტურის შემდეგ 12 ქულა აქვს, „ჩელსის“ კი – 9. ტურინელები ფრის შემთხვევაშიც კი ჯგუფში პირველ ადგილს გაიფორმებენ, ხოლო ლონდონელებს ამის შანსი მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში ექნებათ. ისიც ვთქვათ, რომ „იუვეს“ მერვედფინალის საგზური უკვე მოპოვებული აქვს, „ჩელსის“ კი ამისთვის დღევანდელ მატჩში ქულაც ეყოფა.