ტურინის „იუვენტუსის“ ახალი პრეზიდენტი ჯანლუკა ფერერო აქციონერთა კრებაზე სიტყვით გამოვიდა და ახალ ამპლუაში პირველად ისაუბრა საჯაროდ.
როგორც მან თქვა, ისინი „იუვენტუსს“ დაიცავენ და ყველაფერს გააკეთებენ წარსულის შესაფერისი მომავლის ასაშენებლად:
„დღეს „იუვენტუსის“ პრეზიდენტის პოსტი ჩავიბარე დიდი ემოციით, მაგრამ ასევე დიდი სიამაყით. ჩემი პირველი საჯარო გამოსვლისას დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო ყველა წინა პრეზიდენტის მიმართ და ზოგიერთთან ჩემი ცხოვრების ნაწილი მაქვს გატარებული, მაგალითად, ანდრეა ანიელისთაც, რომელსაც სურდა ჩემთვის ეს მაისური ეჩუქებინა. იმედი მაქვს, ამ მაისურს პატივს ისე მივაგებთ, როგორც იმსახურებს. მადლობა ანდრეა საჩუქრისა და სიურპრიზისთვის.
როგორც პრეზიდენტი, პირველ რიგში გულშემატკივრებზე ვფიქრობ, რომლებიც ყოველთვის წარმოადგენდნენ ამ გუნდის ძალას. ვიცი, რომ ისინი შეშფოთებული არიან კლუბის მომავლით, მაგრამ მინდა ტიფოზებთან ნათელი ვიყო: ეს ვალდებულება ავიღე იმ იდეით, რომ „იუვესთვის“ მაქსიმუმს გავაკეთებ. დირექტორთა საბჭოსა და ახალ აღმასრულებელ დირექტორთან ერთად ვიმუშავებთ „იუვენტუსისთვის“ წარსულის ტოლფასი მომავლის ასაშენებლად, დიდებული წარსული, რომელმაც ის ყველაზე წარმატებულ იტალიურ კლუბად აქცია.
მოგეხსენებათ, უახლოეს კვირებში გველოდება გამოწვევები, რისთვისაც გვჯერა, რომ მზად ვართ, გვაქვს კომპეტენცია, მონდომება და გამოცდილება დავიცვათ „იუვენტუსი“ ყველა შესაბამის სისხლის სამართლის, სპორტულ და სამოქალაქო სასამართლოში. ამას გავაკეთებთ მონდომებით და სიმკაცრით, ყოველგვარი ქედმაღლობის გარეშე. ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით და პატივს ვცემთ მათ, ვინც გვიბარებს სასამართლოში, მაგრამ გვსურს თანაბარი პატივისცემა, რომ კომპეტენტურ ორგანოებში ვიმსჯელოთ“, – თქვა ფერერომ.