„სასუოლოს“ ნახევარმცველ დავიდე ფრატეზის „იუვენტუსს“ უკავშირებენ და შესაძლოა ზაფხულში ტრანსფერი განხორციელდეს.
ფრატეზიმ განაცხადა, რომ ბაბუამისი „იუვეს“ ტიფოზია, ხოლო ბებიამისი ყოველთვის კლაუდიო მარკიზიოს ამსგავსებდა, რის გამოც მას „რომა“ – „იუვენტუსის“ მატჩის შემდეგ მაისური სთხოვა.
„იუვენტუსთან“ პირველი რაც მახსენდება, პირველი წრის მატჩია. ჩემი გოლი, გამარჯვება და ჩემი ბაბუის, კარმინეს ფიქრები, რომელიც „იუვენტუსის“ გულშემატკივარია. ეს გოლი იყო ჩემი ყველაზე დიდი ემოცია მოედანზე და ასევე 2019 წელს, „ემპოლის“ მაისურით „პიზასთან“ გატანილი გოლი 95-ე წუთზე, როცა გამარჯვების გოლი გავიტანე და 3:2 მოვიგეთ.
მარკიზიო? „რომას“ მთავარ გუნდში პირველად გამომიძახეს და გასახურებლად რიგ-რიგობით 3-3 ფეხბურთელი მივდიოდით. იგივეს აკეთებდნენ „იუვენტუსის“ ფეხბურთელებიც. როცა ჩემი ჯერი მოვიდა, ტურინელთაგან მარკიზიოც ხურდებოდა. წლების განმავლობაში ბებიაჩემი სტეფანია ფოტოკოლაჟებს მიკეთებდა მისი ფოტოებით და მეუბნებოდა: „შენც ზუსტად ასეთი ხარ!“ ვეუბნებოდი, რომ ამას იმიტომ ამბობდა, რომ სიყვარულის თვალებით მხედავდა. ამიტომაც, უფრო ბებიაჩემის გამო მივედი მასთან მაისურის სათხოვნელად. დიდი ემოცია იყო. მანამდე მხოლოდ პრიმავერაში მქონდა ნათამაშები, მაგრამ მან მაშინვე მითხრა, რომ თამაშის ბოლოს მომცემდა მაისურს და საფინალო სასტვენის შემდეგ მიუხედავად იმისა, რომ „იუვემ“ წააგო, ჩემთან მოვიდა. მაისური გამოვართვი და არ ვიცოდი რა მექნა. გავიფიქრე: „ჩემს მაისურს არ მოინდომებს, რა უნდა ვქნა?“ სამაგიეროდ, მან ჩემი მაისური მთხოვა. ამის შემდეგ ურთიერთობა გავაგრძელებთ და ახლა ვხვდები, რომ ფეხბურთში ასეთი ადამიანური სიღრმის ადამიანები იშვიათად ხვდებიან. მასში ჩემს თავს მცირედით ვხედავ, მაგრამ არის რაღაც მსგავსებები. ერთმანეთთან საუბრისას გავიგე, რომ ორივემ ერთი წელი გავატარეთ „ემპოლიში“, მაგრამ მუშაობა უნდა გავაგრძელო, თანაც ბევრი. მას ძალიან დიდი კარიერა ჰქონდა, ერთ-ერთი საუკეთესო იტალიელი ნახევარმცველი იყო. მე უნდა ვიმუშაო, რომ ერთ დღეს მის დონეს მივაღწიო“, – თქვა ფრატეზიმ.
შეგახსენებთ, რომ “სასუოლომ” “იუვენტუსს” პირველ წრეში ტურინში 2:1 მოუგო და ფრატეზიმ გოლი გაიტანა. ეს გუნდები 25 აპრილს, რეჯიო ემილიაში შეხვდებიან.