„ფრაიბურგის“ მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან შტრაიხმა „იუვენტუსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, თუ ტურინულ კლუბს გააგდებენ, ეს ყველასთვის დიდი მოულოდნელობა იქნება.
„დი მარიას ყველა ვიცნობთ, ის მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს, განსხვავებას ქმნის „იუვეში“ და სხვა გუნდებშიც ასე იყო. იმედი მაქვს, რომ მას ტრავმა არ აქვს და ითამაშებს, ყველა ჩვენგანისთვის. „ფრაიბურგის“ პუბლიკისთვის მისი თამაშის ნახვა დიდებული იყო. სამწუხარო იქნება, თუ ტრავმის გამო ვერ ითამაშებს.
პირველ მატჩში ბოლო პასებში უკეთ რომ გვეთამაშა, გოლის გატანის შანსი გვექნებოდა. ბურთი ცხელ წერტილებში არ უნდა დავკარგოთ, რადგან ტურინში კონტრშეტევებზე ბევრი ხიფათი მივიღეთ. „ჰოფენჰაიმთან“ 4-2-3-1 სქემით ვითამაშებთ, მაგრამ ხვალ როგორ ვითამაშებთ, ჯერ კიდევ არ ვიცი. სითამამე და ბალანსი დაგვჭირდება. მენტალიტეტი უნდა გამოვავლინოთ, რათა სტადიონის უპირატესობას გამოვიყენოთ.
სტუმრად გატანილი გოლის უპირატესი წესი აღარ არსებობს. ალეგრის უნდა ჰკითხოთ შედეგზე რას ფიქრობს, ჩვენ მხოლოდ მოსაგები გვაქვს, მაგრამ ზეწოლას „იუვეც“ განიცდის. თუ ისინი ჩვენს ბარიერს ვერ დაძლევენ, ეს ყველასთვის დიდი სიურპრიზი იქნება“, – თქვა შტრაიხმა.
პრესკონფერენციაზე ასევე ისაუბრა „ფრაიბურგის“ თავდამსხმელმა მიხაელ გრეგორტშმა:
„მოუთმენლად ველოდები მოედანზე გასვლა. დი მარია ისეთ პოზიციაზე თამაშობს, სადაც პირდაპირი დუელები არ გვექნება. ცხადია, ის განსაკუთრებული მოთამაშეა, მაგრამ სხვა ფეხბურთელებიც არიან, რომლებსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. ტურინში მხოლოდ 0:1 წავაგეთ, „იუვე“ ფავორიტია, მაგრამ შანსი გვაქვს. ქულების დაკლების გარეშე „იუვე“ სერია A-ში მეორე ადგილზე იქნებოდა, ფრთხილად უნდა ვიყოთ. ცხადია, ყველამ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია სტადიონის ენთუზიაზმის გაღვივება, გვაქვს შანსი, რომ სიურპრიზი ყველას შევთავაზოთ“, – აღნიშნა გრეგორიტშმა.
შეგახსენებთ, რომ „ფრაიბურგისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 16 მარტს, თბილისის დროით 21:45 საათზე გაიმართება.