ფაბიო მირეტის მამამ, ლივიო მირეტიმ Tuttosport-ს ინტერვიუ მისცა. 18 წლის ნიჭიერ ფეხბურთელზე ტურინში დიდ იმედს ამყარებენ და მამამისმა თქვა, რომ მისი შვილის ოცნება „იუვესთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაა.
„როდესაც ის „იუვენტუსის“ საშობაო წვეულებაზე მიდიოდა, ფეხბურთელებს ავტოგრაფებსა და ფოტოებს კი არ სთხოვდა. მისი სხვა ახალგაზრდა თანაგუნდელები სახლში გაოცებულნი ბრუნდებოდნენ, მისთვის კი ყველაფერი ბუნებრივი იყო. ამბობდა, რომ რამდენიმე წელში მათთან ერთად ითამაშებდა.
პირველად ნახევარმცველის პოზიციაზე 13 წლის ასაკში ჯოვანი ვალენტიმ ათამაშა. თავიდან არ მოსწონდა, არ სურდა მოედანზე 20 მეტრით უკან დახევა. თუმცა, ვალენტი მართალი იყო. შემდეგ ის ამ პოზიციას კარგად მოერგო. შემდეგ მის ზრდაში წვლილი სხვა მწვრთნელებმა შეიტანეს, პედონემ, ძაულიმ და ბონატიმ.
„იუვენტუსი“ მისი სამყაროა, მან კონტრაქტს ხელი პრაქტიკულად ცარიელ ფურცელზე მოაწერა. მისთვის მთავარი ბედნიერებაა და არა ფული. კარლოს კუესტასთან, რომელიც მიკელ არტეტას შტაბშია, შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, მაგრამ ფაბიოსთვის მხოლოდ „იუვე“ არსებობს, მას ამ მაისურით ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს.
ნეაპოლში, გასვლით მატჩში ფაბიომ ალეგრი მის საწოლში მწოლიარე იპოვა. გაოცებული იყო, არ იცოდა რა ეთქვა, მიუთითა, რომ ეს მისი ოთახი იყო და მაქსმა ბოდიში მოუხადა, ოთახიდან სიცილით გავიდა. ალეგრის ოთახი აერია“, – თქვა ლივიო მირეტიმ.
შეგახსენებთ, რომ ფაბიო მირეტი 10 წელია „იუვენტუსის“ აკადემიაში თამაშობს და მიმდინარე სეზონში მან უკვე 4 თამაში ჩაატარა, განსაკუთრებით კი „ვენეციასთან“ გამოირჩა, როდესაც ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 79 წუთი გაატარა.