ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მარკო ტარდელიმ განაცხადა, რომ მას ჩემპიონთა თასი არ მოუგია. მიუხედავად იმისა, რომ ტარდელიმ ეს ტიტული „იუვესთან“ ერთად 1985 წელს მოიგო, ის ამ გამარჯვებას არ აღიარებს.
მოგეხსენებათ, „ეიზელის“ სტადიონზე მაშინ „იუვეს“ 39 გულშემატკივარი გარდაიცვალა, თუმცა, უეფამ გუნდებს თამაში მაინც დაავალა. მაგრამ ტარდელისთვის ის დღე ფეხბურთის ისტორიაში მარცხის დღე იყო.
„ჩემი კარიერიდან მხოლოდ ერთი სინანული მაქვს: ჩემპიონთა თასი ვერ მოვიგე. „ეიზელზე“ არ ყოფილა მატჩი, ჩვენ არ უნდა გვეთამაშა გარდაცვლილთა პატივსაცემად. ის დღე ფეხბურთის მარცხი იყო, ამიტომ, გამარჯვებულთა დაჯილდოებას აზრი არ ჰქონდა.
რატომ არის იტალიის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ისტორიული 1982 წლის გამარჯვება მსოფლიოს ჩემპიონატზე? იმის გამო, რომ ეს პირველი გამარჯვება იყო ომის შემდეგ და გულწრფელად გითხრათ, ერთია ზიკოს ბრაზილიასთან 3 გოლის გატანა და ფინალში გერმანიის დამარცხება და სულ სხვაა ავსტრალიის და უკრაინის გაგდება (იგულისხმა 2006 წლის იტალიის ნაკრები) და პენალტებში ფინალის მოგება. ჩვენ ყველა უძლიერესი მეტოქე გავაგდეთ. მნიშვნელოვანია როგორ გზას გაივლი, მიუხედავად იმისა, რომ მთავარი გამარჯვებაა“, – თქვა ტარდელიმ.
შეგახსენებთ, რომ მარკო ტარდელიმ „იუვენტუსში“ 1975-1985 წლებში 375 შეხვედრაში 52 გოლი გაიტანა, ხოლო იტალიის ნაკრებში 1976-1985 წლებში 81 თამაშში 6 გოლი გაიტანა, მათ შორის ორი 1982 წლის მუნდიალზე არგენტინასთან და ფინალში გერმანიასთან.