ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ იტალიის ნაკრების წარუმატებლობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს მარცხი უფრო მტკივნეული იყო, ვიდრე 2018 წლის მუნდიალს მიღმა დარჩენა.
კლაუდიომ დაასახელა 6 ფეხბურთელი, რომლებიც მისი აზრით, იტალიის ნაკრების მომავალთან ასოცირდება.
„ძალიან დიდი სინანული არსებობს, რადგან ზაფხულში ევროპის ჩემპიონები გავხდით. ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხი უფრო მტკივნეულია, ვიდრე შვედეთთან. ჩვენ ყველანი მოწყენილი და გამწარებულები ვართ.
იტალიაში ბევრი მოთამაშეა, რომლებთან ერთად ყველაფრის თავიდან დაწყება შეგვიძლია. მაგალითად, დონარუმა, ვერატი და ბასტონი, ასევე, ლოკატელი, ფრატეზი და რასპდორი. გარდა ამისა, გვჭირდება ახალგაზრდულ სექტორში ვარჯიშების რეფორმირება. საფეხბურთო სკოლებში მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობთ და შემდეგ ბიჭებს არავინ აფასებს.
ჩემი მომავალი? მწვრთნელობა მაინტერესებს და სექტემბერში კურსებზე ჩავეწერები“, – თქვა მარკიზიომ.
შეგახსენებთ, რომ კლაუდიო მარკიზიომ იტალიის ნაკრებში 2009-2018 წლებში 55 მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა და 2012 წელს ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.