იტალიის ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ განაცხადა, რომ ტრავმა სერიოზული არ არის და თავს კარგად გრძნობს. ვეტერანი მცველი უელსთან არ ითამაშებს და იმედოვნებს, რომ გუნდს მერვედფინალში დაუბრუნდება.
„მე საკმაოდ კარგად ვარ, სერიოზული არაფერია. რამდენიმე დღე დავისვენებ და ვნახოთ რა მოხდება, მაგრამ შევძელი გაჩერება, სანამ სიტუაცია გამწვავდებოდა.
ეს გუნდი თამაშიდან თამაშამდე იზრდება. არსებობს პოზიტიური ენერგია, რომელიც სცილდება იმ 11 ფეხბურთელს, ვინც მოედანზე გადის. არსებობს მყარი საფუძველი და მწვრთნელმა გუნდს თავისი ხელწერა გადასცა და გუნდი გარდაქმნა. ეს ყველაფერი საშუალებას აძლევს ყველას, ვინც უერთდება გუნდს, დაუყოვნებლივ ინტეგრირდეს.
უელსი კარგი გუნდია. მე ბედნიერი ვარ რემზის გამო, რომელმაც თურქეთის წინააღმდეგ გოლი გაიტანა, ის სტაბილურად თამაშობს, რაც სამწუხაროდ „იუვენტუსში“ ვერ მოახერხა. თუმცა, მის ხარისხში ეჭვი არასდროს არავის შეუტანია. ასევე ვიცით, რომ უელსში ბეილიც არის და რთული თამაში გველოდება. ამ დონეზე ადვილი თამაში არ არსებობს. ახლა ვცდილობთ ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდეთ, შემდეგ კი სხვა მეტოქეებზე ვიფიქრებთ. მერვედფინალში უკრაინას ან ავსტრიას შევხვდებით და შემდეგ კი ვნახოთ“, – თქვა კიელინიმ.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები უელსს 20 ივნისს დაუპირისპირდება.