ფედერიკო კიეზამ „იუვენტუსის“ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა, რომელშიც ბევრ თემაზე ისაუბრა. იტალიელმა ფეხბურთელმა ტრავმა, სარეაბილიტაციო პერიოდი, „იუვეში“ გატარებული განვლილი დრო გაიხსენა.
დოკუმენტური ფილმის გადაღების იდეა – „ოპერაციიდან მალევე „იუვეს“ ხელმძღვანელობასთან ვილაპარაკე და იუთუბზე ვიდეოს განთავსების იდეა ასე დაიბადა. შემდეგ ცოტათი შეიცვალა და ყველაფერი Amazon-ის ფილმით დასრულდა. მაშინვე დავთანხმდი, ხალხს ვაჩვენე რეაბილიტაციის პერიოდი და ყველაფერი, რაც კულისებშია. მთხოვეს ოჯახის ინტეგრირებაც პროექტში, რადგან ოჯახი დამეხმარა კარიერის მძიმე მომენტიდან გამოსვლაში. ასე რომ, სწორი იყო იმის ჩვენება, თუ რას გრძნობენ ადამიანები ასეთ რთულ მომენტში. დედამ მითხრა: ფეხბურთში ეს ხდება, შეიძლება მოხდეს, ახლა მხოლოდ გამოჯანმრთელებაზე უნდა იფიქრო. საბოლოო პროდუქტი ორჯერ ვნახე, პირველად ჩემს საცოლე ლუჩიასთან ერთად და ბევრი ვიცინეთ ეკრანზე ერთმანეთი რომ დავინახეთ, მეორედ კი ჩემს ოჯახთან ერთად ვუყურე“.
სმოლინგის შესახებ, რომელთან კონტაქტით მძიმე ტრავმა მიიღო – „კარიერის განმავლობაში უფრო სარისკო მომენტებიც მქონია, როცა დიდი სიჩქარით გავრბოდი, რომში მიღებული ტრავმის შემთხვევაში კი ასე არ იყო. სმოლინგის მიზანი ბურთზე შეხება იყო, ეს ბოროტებით არ გაუკეთებია. კონტაქტური სპორტია, ეს ხდება“.
დაბრუნება – „გუნდთან პირველი ვარჯიშების დროს ტრავმა ვფიქრობდი, ვაგრძელებდი 9 იანვარზე ფიქრს, მაგრამ როცა სტაბილურად ვარჯიში დავიწყე, ეს აზრი გაქრა“.
ისევ დოკუმენტური ფილმის შესახებ – „დოკუმენტური ფილმი შეიქმნა იმისთვის, რომ რეაბილიტაციის პროცესი გვეჩვენებინა, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად. შემიძლია ვთქვა, რომ ამან გაამართლა. „იუვენტუსი“ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, რომელსაც აქვს საშუალებები და ჰყავს ადამიანები, რომლებმაც იციან რა უნდა გააკეთონ ასეთ სიტუაციებში. მე ტოპ კლუბში ვარ, ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზეა. სტრუქტურიდან დაწყებული ადამიანებით დამთავრებული, რომლებიც რეაბილიტაციაში გვეხმარებიან. ფეხბურთელები, რომლებიც პატარა ლიგებში თამაშობენ, ეს ყველაფერი არ აქვთ, შესაბამისად, მათთვის უფრო რთულია ასეთი ტრავმის შემდეგ დაბრუნება. „იუვეში“ ეს იყო ერთობლივი რეაბილიტაცია“.
გულშემატკივრებზე – „გულშემატკივრების მხარდაჭერა მართლაც ძალიან დამეხმარა და ახლაც მეხმარება, რადგან მათ გვერდში დგომას ვგრძნობ და ამით ძალიან კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, მათი სიყვარული მოედანზე თამაშით და ამ მაისურთან მიმართებაში დამოკიდებულებით დავიმსახურე. ეს მახარებს, ტრავმის დროსაც მათი მხარდაჭერა ვიგრძენი“.
თანაგუნდელების მხარდაჭერაზე – „კიელინი და ბონუჩი, ასევე სხვა თანაგუნდელები, მაგალითად, დე ლიხტი და მერე ვლაჰოვიჩი, როდესაც მოვიდა, ჩემთან ძალიან ახლოს იყვნენ. როგორც ჯორჯომ მითხრა, ყველა რეაბილიტაციის პროცესი განსხვავებულია თითოეული მოთამაშისთვის. ტრავმა, ეს იქნება სერიოზული თუ უმნიშვნელო, კარგი არასდროს არის“.
ბავშვობის კუმირზე – „ბავშვობიდან ჩემი კუმირი კაკა იყო, ახლა კი ყველაზე მეტად მბაპე მომწონს. მე შევინახე მისი მაისური, რომელიც გავუცვალე. ის ჩემპიონია, მისნაირად მარტივად ძალიან ცოტა მოთამაშე თამაშობს“.
22-დან 7 ნომერზე გადასვლა – „მინდოდა ნომერი შემეცვალა და უფრო პრესტიჟული ნომერი ამეღო (1-დან 11 ნომრამდე). 7 ნომერი თავისუფალი იყო. დუშანმა დამითმო, რადგან მას 9 ნომერი სურდა და მეც 7 ნომერი ძალიან მომწონს. უახლოეს ისტორიაში ამ ნომრით ფეხბურთის ისტორიაში ხუთიდან ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ატარებდა, ასე რომ, ეს კიდევ უფრო დიდი პატივია, რადგან 7 ნომრით რონალდუ თამაშობდა“.
გამორჩეული გოლი და მატჩი – „ყველაზე ლამაზი გოლი 2020 წელს „ალიანც სთედიუმზე“ „ატალანტას“ გავუტანე, ასევე „პორტუსთან“ გოლიც ლამაზი იყო. ყველაზე ემოციური თამაში ჩემთვის „პორტუსთან“ საპასუხო მერვედფინალი იყო, რადგან დავიმსახურეთ მომდევნო ეტაპზე გასვლა, მაგრამ ეს ვერ შევძელით. ძალიან დამწუხრებული და იმედგაცრუებული ვიყავი. დადებით დონეზე, სასიამოვნო იყო იტალიის თასის ფინალის მოგება, რომელშიც გოლიც გავიტანე“.