იტალიურ მედიაში ანდრეა ანიელისა და ფედერიკო კერუბინის სატელეფონო საუბრის ჩანაწერები გამოქვეყნდა, რომელიც 2021 წლის შემოდგომით თარიღდება.
ჩანაწერებში საუბარია სატრანსფერო ბაზარზე დაშვებულ შეცდომებზე და ფეხბურთელებისთვის ძალიან მაღალი ხელფასების დანიშვნაზე. ერთ-ერთ დიალოგში კი კერუბინი ამბობს, რომ ფედერიკო კიეზას შეძენაც შეცდომა იყო, რადგან ის ფულზეა ორიენტირებული და კლუბში დიდხანს არ გაჩერდება:
„ფედერიკო კიეზა არ არის იმ პროფილის ფეხბურთელი, რომელიც „იუვეში“ მრავალი წელი დარჩება, რადგან მისი გარემოცვა მუდმივად მნიშვნელოვნად ეკონომიკურ გაუმჯობესებაზე ფიქრობს“, – ამბობს კერუბინი.
შემდეგ ანდრეა ანიელი საუბრობს: „2010 წლიდან, როცა გუნდში მოვედი, ბოლო სამ სატრანსფერო ფანჯარაში ბევრი სისულელე გავაკეთე, 60-70 მილიონი ევრო ტუალეტში გადავყარე“.
ანიელის კერუბინი პასუხობს: „ჩვენი ყველაზე ცუდი ფეხბურთელი „ატალანტას“ საუკეთესო ფეხბურთელის, ძაპატას მსგავს ხელფასს იღებს, 1.8 მილიონს. ძაღლი რომ ვიყიდოთ, მას 3.5 მილიონ ევროს მივცემდით ხელფასად. სატრანსფერო ბაზარზე ამპარტავნულად ვმუშაობდით. ფაბიომ (პარატიჩი) იგუაინში 90 მილიონი გადაიხადა, როდესაც შეეძლო გაბრიელ ჟესუსი 10 მილიონად ეყიდა და 90 მილიონად გაეყიდა“.
სატელეფონო საუბარში ასევე საუბარი იყო, როგორ დაახლოვონ თავიდან კლუბთან ალესანდრო დელ პიერო, რომ მენეჯმენტში მისი დაბრუნება მოახერხონ.