ტურინის „იუვენტუსის“ წარმომადგენლები პოლ პოგბასა და მატაის დე ლიხტის აგენტს, რაფაელა პიმენტას შეხვდნენ. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.
მხარეებმა პოგბას ტრანსფერზე ბოლო დეტალები შეათანხმეს და განსაკუთრებული სიახლე არაფერია – ფრანგის „იუვეში“ ტრანსფერი გადაწყვეტილია, მაგრამ უცნობია ინფორმაცია ოფიციალურად როდის დადასტურდება. პოლი 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 8 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსებიც დაემატება.
დე ლიხტის შესახებ კი საუბარი კონტრაქტის განახლებაზე იყო, რომელიც 2024 წელს იწურება. თუმცა, ამ მხრივ, საქმე უფრო რთულადაა, რადგან ნიდერლანდელ მცველს ინგლისის პრემიერლიგიდან აქვს წინადადებები.
„იუვენტუსის“ პოზიცია ურყევია – სურთ დე ლიხტი შეინარჩუნონ და ხელშეკრულება ორი წლით გაუხანგრძლივონ. ამიტომაც, მხარეები უახლოეს დღეებში ამ თემის განსახილველად კიდევ ერთხელ შეხვდებიან.