ტურინის „იუვენტუსი“ დიდი ალბათობით კიდევ დაისჯება. Corriere Dello Sport-ი წერს, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პროკურორი ჯუზეპე კინე „ბებერი ქალბატონისთვის“ კიდევ 20 ქულის დაკლებას მოითხოვს.
საქმე ამჯერად ეხება „ხელფასების მანევრს“, რომელიც 2019-2020 წლების სეზონით თარიღდება. ტურინული კლუბი ბრალდებულია, რომ ფეხბურთელების არა 4, არამედ მხოლოდ ერთი თვის ხელფასი არ გადაუხადა და 3 თვის ხელფასი მათ ხელზე მისცა.
სასამართლო მოსმენა მარტის დასაწყისშია ჩანიშნული, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება სავარაუდოდ, აპრილ-მაისში იქნება მიღებული. Corriere Dello Sport-ი წერს, რომ საუკეთესო შემთხვევაში „იუვეს“ 20 ქულას დააკლებენ.
ასე თუ მოხდა, გამოვა, რომ „იუვენტუსს“ ჯამში 35 ქულა ექნება დაკლებული და გასავარდნ ზონაში აღმოჩნდება, თანაც ბოლო ადგილზე და სერია B-ში გავარდნა ძალიან რეალური გახდება. გარდა ამისა, საუბარი 2019-2020 წლების სეზონში მოგებული სკუდეტოს ჩამორთმევასა და „ინტერისთვის“ გადაცემაზე.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ კაპიტალის მოგების საქმეზე 15 ქულა უკვე დააკლეს, მაგრამ ტურინელებმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს და სჯერათ, რომ ქულებს უკან დაიბრუნებენ.
„იუვენტუსი“ ამჟამად 23 ქულით მე-13 ადგილზეა და მომდევნო 3-4 თვის განმავლობაში ყველაფერი უნდა გაირკვეს. შეიძლება „იუვე“ კიდევ ერთხელ სერია B-ში გააგდონ.