ტურინის „იუვენტუსმა“ შესაძლოა პოლ პოგბას კონტრაქტი გაუწყვიტოს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი წერს.
ფრანგი ფეხბურთელი „იუვეში“ დაბრუნების შემდეგ ტრავმირებულია – მან ივლისში ამხანაგურ მატჩში ითამაშა, შემდეგ ტრავმა ვარჯიშზე მიიღო და მოედანზე მას შემდეგ აღარ გასულა. პოგბამ თავიდან ოპერაციის გაკეთებაზე უარი თქვა, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში სურდა, მაგრამ სექტემბერში ნათელი გახდა, რომ ოპერაციის გარეშე ვერ გამოჯანმრთელდებოდა, რის გამოც ქირურგიული ჩარევა მაინც ჩაუტარდა.
პოლის გადაწყვეტილებით, რომ თავიდან ოპერაციაზე უარი თქვა, დაზიანება უფრო დამძიმდა და დროც დაიკარგა. ფრანგი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, „მონცასთან“ სამატჩო განაცხადშიც მოხვდა, შემდეგ ტრავმა ისევ გაუმიზეზდა და ჯერჯერობით, კვლავ უცნობია, როდის დაბრუნდება.
როგორც ბრიტანელები წერენ, მასიმილიანო ალეგრი ძალიან გაბრაზებულია და კლუბიც განიხილავს, რომ მას კონტრაქტი გაუწყვიტოს. საქმე ისაა, რომ პოგბას ტურინელთა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია 10 მილიონი ევროთი (სეზონში), თუმცა, როგორც ვთქვით, საერთოდ არ უთამაშია. „იუვეში“ ისედაც ფინანსური კრიზისია და კლუბს სხვა ბევრი პრობლემაც აქვს, ასე რომ, შესაძლოა პოგბას მძიმე ხელფასისგან გათავისუფლება მათთვის შვება იყოს, მითუმეტეს, რომ ის თამაშს ვერ ახერხებს.
შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბა „იუვენტუსში“ 2012-2016 წლებშიც თამაშობდა და მაშინ გაცილებით წარმატებული პერიოდი ჰქონდა, 178 მატჩში 34 გოლი გაიტანა.