ზინედინ ზიდანმა ფრანგულ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც „იუვენტუსის“ შესახებაც ისაუბრა. გარდა ამისა, კომენტარი გააკეთა მარკო მატერაცისთან კონფლიქტზე და აღნიშნა, რომ იტალიელს შეურაცხყოფა დედამისისთვის არ მიუყენებია.
„მატერაცის დედაჩემზე არაფერი უთქვამს, ეს თვითონაც არაერთხელ თქვა და მართალს ამბობს. მან შეურაცხყოფა ჩემს დას მიაყენა, რომელიც იმ პერიოდში დედაჩემთან იყო, რომელიც თავს ცუდად გრძნობდა.
„რეალში“ ტრანსფერი? საოცარი იყო. თუმცა, არჩევანი არც მქონდა და ყველაფერი მარტივად მოხდა. „იუვესაც“ სურდა ჩემი გაყიდვა. 29 წლის ვიყავი, გარკვეული გამოცდილება მქონდა და ეს ტრანსფერი მჭირდებოდა, რათა ჩემს კარიერაში ახალი სტიმული მეპოვა. „იუვეში“ 5 წელი ვიყავი, ყველაფერი მოვიგე ჩემპიონთა ლიგის გარდა. ფინალში ორჯერ წავაგე (1997 და 1998 წლებში), ამიტომ მჭირდებოდა ეს ახალი გამოწვევა.
მწვრთნელის რანგში ყველაზე გამორჩეული ფინალი სწორედ „იუვესთან“ მოვიგე (2017 წელს). როგორც ფეხბურთელს ამ კლუბში არასდროს მომიგია ეს ტიტული, მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე არაერთი შესანიშნავი თამაში მქონდა „იუვეს“ მაისურით, თუმცა, ბოლომდე გასვლა და ჩემპიონთა ლიგის მოგება ვერ მოვახერხე“, – თქვა ზიდანმა.
შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანი „იუვენტუსში“ 1996-2001 წლებში თამაშობდა და შემდეგ მადრიდის „რეალში“ გადავიდა.