ტურინის „იუვენტუსისა“ და „ზენიტის“ მატჩის შემდეგ (4:2) კომენტარი ალესანდრო დელ პიერომ გააკეთა. როგორც მან თქვა, პაულო დიბალა მესამე გოლსაც იმსახურებდა და გუნდმა ლამაზი გოლები გაიტანა.
„აგრესიული და გადამწყვეტი „იუვე“ ვიხილეთ და ეს გასაკვირი არ არის. მატჩის დროს გუნდს ჰქონდა აღმავლობა და ჩავარდნა, მაგრამ „იუვე“ რჩება დიდებულ გუნდად, რომელმაც იცის ზოგიერთი მატჩი როგორ მოიგოს. რამდენიმე ფანტასტიკური გოლი ვნახეთ და დიბალა ალბათ მესამე გოლსაც იმსახურებდა, ის მოედანზე ნამდვილი ლიდერი იყო, თამამი. ასეთი ფეხბურთელებისთვის ამ თვისებების ქონა აუცილებელია.
ჩემი აზრით, კიეზა ფანტასტიკური გარემარბია, მას ამ პოზიციაზე შეუძლია თავისი სრული პოტენციალი გამოხატოს. აჩვენა, რომ მეორე თავდამსხმელადაც შეუძლია გადამწყვეტი იყოს, განსაკუთრებით კონტრშეტევებზე, რადგან ამ დროს უფრო მეტი სივრცე აქვს და თავდაცვითი ამოცანებისგან თავისუფალია. მაგრამ მეორე თავდამსხმელად თამაშისთვის მას მოუწევს მოძრაობების გაუმჯობესება“, – თქვა დელ პიერომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ ჯგუფიდან უკვე გავიდა, რადგან 12 ქულა აქვს, მაგრამ პირველი ადგილისთვის ისევ იბრძვის და გადამწყვეტი მომდევნო ტურში „ჩელსისთან“ მატჩი იქნება. „იუვე“ მომდევნო მატჩს 6 ნოემბერს, ფლორენციის „ფიორენტინასთან“ ჩაატარებს.