ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ იტალიური მედიასთან ისაუბრა. ალექსი სხვადასხვა საკითხებს შეეხო და თავისი მოსაზრება ბევრ თემაზე დააფიქსირა.
“ევროპის ჩემპიონატზე მთავარი ფავორიტი საფრანგეთის ნაკრებია. ძირითად შემადგენლობას თუ გადავხედავთ, შეგვქმნება შთაბეჭდილება, რომ ოლ სტარია. მის უკან დავაყენებდი ინგლისის და ბელგიის ნაკრებებს. იტალია? ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, ბადეზე, როგორ განაწილდებიან გუნდები პლეი ოფში, რადგან მსგავს ტურნირებში ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა, ვთვლი, რომ ლონდონში გასამართი ოთხთა ფინალი შესაძლებელი მიზანია.
მანჩინი პირველ რიგში იმიტომ მომწონს, რომ სჯერა იმის, რასაც აკეთებს. ეს ნამდვილი გუნდია, ყველა ერთიანი. მათ იციან, რომ არავინ არის ვარსკვლავი და გუნდურად შეუძლიათ გამარჯვებამდე მისვლა. იტალიის ნაკრების სხვადასხვა თაობას, რომელშიც მე მითამაშია, ეს თვისებები ჰქონდა.
ანდრეას შეცდომებზე საუბარი მართებულად არ მიმაჩნია. მე არ ვისაუბრებ პირლოს სირთულეებზე, უფრო მგონია, რომ პრობლემები იუვენტუსს ჰქონდა. რონალდო? ის კარიერის ისეთ ფაზაში შევიდა, როცა აღარ შეუძლია იმის გაკეთება, რასაც 5-10 წლის წინ აკეთებდა. მან საკუთარი თავის დაპროგრამება ამჟამინდელი პოტენციალის შესაბამისად უნდა მოახდინოს, რაც ჯერ კიდევ მაღალია. საჭიროა ალეგრისთან და კლუბთან დააზუსტოს, გააგრძელებენ თუ არა ერთად მუშაობას. რაც შეეხება დიბალას, მას თავს მნიშვნელოვან ფეხბურთელად ვაგრძნობინებდი და თავდაჯერებას შევმატებდი, რა თქმა უნდა, თუ ეს ნდომა მის მიმართ არსებობს, რისი გაგებაც ჩვენ გარედან არ შეგვიძლია.
მე ვერ შევაფასებ მის გადაწყვეტილებას. ჩემთვის იუვე იყო ფასეულობა, მისი გულშემატკივრები ყველაფერზე უკეთესები იყვნენ. სავალდებულო არ არის ყველასთვის ასე იყოს, ამას ვამბობ ყოველგვარი უარყოფითი აზრის გამოთქმის გარეშე.
იუვენტუსში მენეჯმენტში დაბრუნება არასდროს შემოუთავაზებიათ. მინდა თუ არა ვიყო იუვესთვის ისე, როგორც ახლა მალდინია მილანში? მასაც დიდხანს მოუწია ლოდინი, ასე რომ დრო ჯერ კდივე მაქვს. ხუმრობა გვერდზე რომ გადავდოთ, კმაყოფილი ვარ იმით, რასაც დღეს ვაკეთებ და ვაშენებ. არ მინდა გარკვეული ფუნქცია მხოლოდ წარსულში გაკეთებული საქმის გამო მქონდეს. ეს ისედაც სამუდამოდ დარჩება და ვერავინ შეძლებს მის წაშლას, ისევე როგორც ჩემს ურთიერთობას იუვესთან. ვისურვებდი, რომ ყოველთვის დასაქმებული ვიყო იმ კუთხით, რისი გაკეთებაც შემიძლია და შემეძლება“, – თქვა დელ პიერომ.