ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ლეონარდო ბონუჩიმ იტალიურ მედიასთან სხვადასხვა თემებზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ცხოვრებაში მხოლოდ ორი მაისური ემოსა სიყვარულის გრძნობით – იტალიის ნაკრების და „იუვენტუსის“.
ფავორიტი გოლი: „მხოლოდ ერთი არ არის. ევროპის ჩემპიონატის ფინალში გატანილი გოლი, ასევე პენალტების სერიაში გოლი. „იუვეს“ მაისურით მახსენდება პირველი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე დონეცკის „შახტართან“, თან რთული ბურთი გავიტანე. თუმცა, იმედი მაქვს, რომ უფრო მნიშვნელოვან გოლს მომავალში გავიტან. „რომასთან“ გოლი? ეს უფრო გამართლება იყო, ვიდრე ჩემი უნარებით გატანილი გოლი“.
ყველაზე ძლიერი ფორვარდის წინააღმდეგ თამაში: „ვფიქრობ, რომ ყველაზე ძლიერი დროგბა იყო, მაგრამ წინა ღამეს არ მეძინა. ასევე დუვან ძაპატა, რადგან მისი ფიზიკური უნარებიდან გამომდინარე, მის წინააღმდეგ თამაში მიჭირდა. ბოლო პერიოდიდან ყველაზე მეტად ვლაჰოვიჩის წინააღმდეგ გამიჭირდა, როცა „ფიორენტინაში“ თამაშობდა. კრიშტიანუ რონალდუს გარდა, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება კარლოს ტევესმა მოახდინა თავისი შიმშილის გამო, მაგრამ არა მხოლოდ, როგორც მეტოქემ. ასევე აღფრთოვანებული ვარ მოდრიჩით. პოეზია, რომელსაც ის თამაშის დროს გადმოსცემს, სენსაციურია“.
გამორჩეული მატჩი: „ჩელსისთან“ თამაში, რომელიც 1:0 მოვიგეთ. ლუკაკუს წინააღმდეგ ვითამაშე და ერთი შეცდომაც დავუშვი, რომელიც შეიძლებოდა ძვირად დაგვჯდომოდა. მაშინ არავის სჯეროდა, რომ მოგება შეგვეძლო და გულშემატკივრების ზეიმი ამაღელვებელი იყო“.
„ნანტთან“ მატჩზე: „ცხადია, ნანტში გამარჯვებისთვის მივდივართ, კარგად უნდა ვითამაშოთ, რადგან, როცა კარგად ვთამაშობთ, შედეგი ყოველთვის კარგია. ჩვენთვის აუცილებელია ნანტში წასვლა იმის გაცნობიერებით, რომ რთული მატჩი იქნება, მაგრამ შედეგის მიღწევა შეგვიძლია. არაფერს ვმალავთ: ევროპა ლიგა მიმდინარე სეზონში ჩვენი მიზანი გახდა“.
„იუვენტუსში“ თამაში: „იუვენტუსის“ მაისურის ტარება მთელი ცხოვრების ოცნება იყო. ძალიან ბევრი თავდადების შემდეგ, როცა დამირეკეს, მივხვდი, რომ მიზანს მივაღწიე. ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ორი მაისური მიყვარდა: იტალიის ნაკრების და „იუვენტუსის“. კაპიტნის სამკლაური სიამაყისა და პასუხისმგებლობის მიზეზია“.
ჯორჯო კიელინიზე: „ერთი კიელინი იყო მუხლის ტრავმამდე და მეორე მუხლის ტრავმის შემდეგ. თავიდან ძალიან დიდ ზეწოლას გრძნობდა, მერე კი წნეხი მოიშორა. სასიამოვნო სანახავი იყო მისი გარდასახვა“.
მომავალზე: „უკვე ვფიქრობ, „იუვეში“ 500 მატჩის ჩატარებაზე, უნდა შევინარჩუნო ფორმა სეზონის ბოლო სამ თვეში. მოედანზე დაბრუნება, თუნდაც ერთი წუთით მნიშვნელოვანი იყო ამდენი თვის შემდეგ. ჩემი ყველაზე დიდი მიზანი იყო „იუვესთან“ ერთად იტალიის ჩემპიონობა და ევროპის ჩემპიონობა, რაც მხოლოდ ნაკრებთან ერთად გავაკეთე, კლუბთან ერთად კი ჯერ ვერ მივაღწიე. ყოველდღე მოედანზე გასაუმჯობესებლად მივდივარ და ჯერ კიდევ მაქვს წელიწადნახევარი დრო. „იუვეში“ ჩემპიონთა ლიგას ფეხბურთელის რანგში თუ ვერ მოვიგებ, მინდა ეს მწვრთნელის რანგში გავაკეთო“.