ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანი ლეონარდო ბონუჩი კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ამის შესახებ Goal-ი იტყობინება.
ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდებოდა ხმები ბონუჩისა და მასიმილიანო ალეგრის შორის კონფლიქტზე, რის გამოც იანვარში იტალიელის გუნდიდან წასვლაზე წერდნენ, მაგრამ ეჭვები გაქარწყლდა – 35 წლის მცველი „იუვესთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს.
ბონუჩის ტურინელებთან ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულში ეწურება და დიდი ალბათობით მას 1 წლით გაახანგრძლივებს.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ლეონარდო ბონუჩი 2010 წელს „ბარიდან“ დაიმატა. 2017 წელს მან კლუბი დატოვა და „მილანში“ გადავიდა, მაგრამ ერთი სეზონის შემდეგ „ბებერ ქალბატონს“ დაუბრუნდა. „ბიანკონერიში“ ლეონარდომ დღემდე 486 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ბონუჩის “იუვეში” ჩატარებული მატჩების რაოდენობით მხოლოდ 5 ფეხბურთელი უსწრებს – ალესანდრო დელ პიერო, ჯანლუიჯი ბუფონი, ჯორჯო კიელინი, გაეტანო შირეა და ჯუზეპე ფურინო.