მადრიდის „ატლეტიკოს“ სპორტულმა დირექტორმა ანდრეს ბერტამ განაცხადა, რომ ალვარო მორატას მომავალი „იუვენტუსზეა“ დამოკიდებული და არაფერი გამორიცხა.
„მორატა? ყველაფერი შესაძლებელია. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორი ინტერესი ექნება „იუვეს“ მისი შენარჩუნების“, – თქვა ბერტამ.
მორატას „იუვენტუსთან“ 2-წლიანი იჯარა დაუმთავრდა, ფეხბურთელის გამოსყიდვა ტურინელებს 35 მილიონ ევროდ შეუძლიათ და ესპანელის შენარჩუნების სურვილი არსებობს, მაგრამ „იუვე“ გამოსასყიდი ფასის დაკლებას ცდილობს, რაზეც ესპანელები უარს ამბობენ.
იტალიური მედია ბოლო დროს წერს, რომ მორატას „იუვენტუსში“ დარჩენის შანსი ჯერ კიდევ არსებობს და მხარეები მოლაპარაკებებს აგრძელებენ. წესითა და რიგით, ყველაფერი უახლოეს მომავალში უნდა გაირკვეს.