ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა იტალიის თასის მერვედფინალში გენუის „სამპდორიასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, თასი მათთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ „სამპდორიასთან“ ბოლომდე უნდა იბრძოლონ და ყურადღებით ითამაშონ.
„იტალიის თასი მნიშნელოვანია, რადგან ეს ჩვენთვის მიზანია, თავიდან არავის აინტერესებს, მაგრამ მერე, როცა მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში ხარ, ყველას აინტერესებს. ჩვენთვის ხვალიდან უნდა იყოს საინტერესო. „სამპდორიამ“ მწვრთნელი შეიცვალა და უფრო ყურადღებით უნდა ვიყოთ.
ბოლო დროს ინტენსიური გრაფიკი გვქონდა, ახლა ბოლო ძალისხმევა გვჭირდება და შემდეგ ხუთი დღე გვექნება „მილანთან“ მატჩისთვის მოსამზადებლად. უნდა ვეცადოთ მომდევნო ეტაპზე გასვლა, რადგან გვინდა იტალიის თასი მოვიგოთ. რთული მატჩი იქნება, თუ სწორად მივუდგებით, გაადვილდება, წინააღმდეგ შემთხვევაში გართულდება. შემადგენლობაში როტაცია იქნება, რადგან „უდინეზესთან“ „ინტერთან“ შედარებით 6 ფეხბურთელი შევცვალეთ. ხვალ დილით სიტუაციას კარგად შევაფასებ. დე ლიხტი დისკვალიფიცირებულია, ბონუჩი ტრავმირებულია, კიელინი ბოლომდე მზად არ არის, ამიტომ, უნდა გადავწყვიტო, ვინ ითამაშებს დაცვის ცენტრში.
„სამპდორიას“ ახალი მწვრთნელი ჰყავს და სიამაყით ითამაშებს. სწორად, აგრესიულად და ლამაზად უნდა ვითამაშოთ. მათ წინ ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ, როგორებიც კუალიარელა, გაბიადინი და კაპუტოა, ძალიან სახიფათო ფეხბურთელები და დაცვაში კარგად უნდა ვითამაშოთ. ვინაიდან მზად მხოლოდ ერთი ცენტრალური მცველი გვყავს, ერთმანეთის დახმარება დაგვჭირდება.
„უდინეზესთან“ გოლის გატანას მოთმინებით ველოდებით, მაგრამ მეორე ტაიმში განსხვავებული დამოკიდებულება უნდა გვქონოდა. მოგებული 4 იტალიის თასიდან რომელს გამოვარჩევ? ყველა გულში მაქვს, მაგრამ „ლაციოსთან“ მოგებულ ფინალს გამოვყოფ, როცა ალბათ ცოტა გაგვიმართლა. თუ არ ვცდები, „ლაციომ“ ზედიზედ ორჯერ მოარტყა ბურთი ძელს და შემდგე კონტრშეტევაზე გადავედით, რასაც მატრის გამარჯვების გოლი მოჰყვა“, – თქვა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „სამპდორიას“ მატჩი 18 იანვარს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.