ტურინის „იუვენტუსში“ ნიკოლო ფაჯოლოს მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია.
ცოტა ხნის წინ მან კონტრაქტი 2026-წლამდე გაახანგრძლივა და ვარაუდობდნენ, რომ გუნდში დარჩებოდა, მაგრამ ბოლო ხანს სიტუაცია შეიცვალა და როგორც ჩანს, მასიმილიანო ალეგრი მას განათხოვრებას უპირებს.
სერია A-ს პირველ ტურში ალეგრიმ ფაბიო მირეტი და ნიკოლო როველა შეცვლაზე ათამაშა, ფაჯოლი კი სკამზე დარჩა. ცნობილია, რომ ამ სამ ახალგაზრდიდან მინიმუმ ერთს და მაქსიმუმ ორს იჯარით წასვლა მოუწევს. ისიც გარკვეულია, რომ ალეგრის ნდობა ყველაზე მეტად მირეტიმ მოიპოვა და სავარაუდოდ, ის ტურინულ გრანდში დარჩება.
როველას აქტიურად „მონცას“ უკავშირებენ, მაგრამ თუ ლეანდრო პარედესის ტრანსფერი არ შედგა, ის შესაძლოა გუნდში დატოვონ, რადგან რეჯისტას პოზიციაზე მანუელ ლოკატელის ერთადერთი ალტერნატივაა.
ფაჯოლის კი ახლა „კრემონეზეს“ უკავშირებენ, სადაც გასული სეზონი იჯარით გაატარა და არაა გამორიცხული სათამაშო პრაქტიკისა და გამოცდილების მიღების მიზნით ისევ კრემონაში გაუშვან. თუმცა, ჯერ მისი წასვლა გადაწყვეტილი არაა.
„იუვენტუსის“ სამწვრთნელო შტაბი მირეტის, ფაჯოლისა და როველას შორის საბოლოო გადაწყვეტილებას მიმდინარე თვის ბოლოს მიიღებს.