მთავარი / წიგნი / იუვენტუსი: შავ-თეთრი ისტორია / სტუმრად კარგია, მაგრამ სახლში უკეთესია: „იუვენტუსის“ სტადიონები
სტუმრად კარგია, მაგრამ სახლში უკეთესია: „იუვენტუსის“ სტადიონები

სტუმრად კარგია, მაგრამ სახლში უკეთესია: „იუვენტუსის“ სტადიონები

1897 წლიდან 2012 წლამდე „იუვენტუსი“ ერთგვარ მოხეტიალე ცხოვრებას ეწეოდა. კლუბის პირველი მატჩები იმართებოდა ვალენტინოსა და ჩიტადელას პარკებში, შემდეგ გუნდი გადაბარგდა “ველოდრომ უმბერტოზე”. აქ მოიგო თავისი პირველი სკუდეტო 1905 წელს. შემდგომში „იუვემ“ გადაინაცვლა სტადიო დი კორსო მარსილიაზე, სადაც 1933 წლამდე თამაშობდა და ოთხი საჩემპიონო ტიტული მოიგო.

იმ დროს ედოარდო ანიელიმ გადაწყვიტა აეშენებინა პატარა სოფელი, რომელიც მდებარეობდა პინეროლოს მთიან რეგიონში, კომუნაში ვილარ-პეროზა. იმ დროს შეძენილი უძრავი ქონება დღემდე ანიელის ოჯახს ეკუთვნის, მათ შორის კერძო ეკლესიაც, სადაც იმართება ანიელის კლანის წევრების ნათლობის, ქორწინებისა და დაკრძალვის ცერემონიები. „იუვენტუსისთვის“ მნიშვნელოვან ნაგებობას წარმოადგენდა საფეხბურთო სტადიონი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც გუნდს მოუხდა ტურინის დატოვება, ბიანკონერების საშინაო მოედნად იქცა.

ვილარ-პეროზა რჩებოდა გუნდის საწვრთნელ ბანაკად 1980-იან წლებამდე.  შემდეგაც „იუვენტუსი“ ატარებდა იქ სეზონამდელ შეკრებებს. დროთა განმავლობაში თანამედროვე ფეხბურთმა, ფიზიკური და ფინანსური მოთხოვნილებების გამო, აიძულა კლუბი შეერთებოდა სხვა გუნდებს საზღვარგარეთ ტურებში. პრესტიჟული ამხანაგური მატჩები და თანამედროვე საწვრთნელი ბაზები ახალი სეზონისთვის უფრო ეფექტური მომზადების საშუალებას იძლეოდა, რაც მთელი მსოფლიოდან გულშემატკივრების ყურადღებას იპყრობდა. ეს კი კლუბის შემოსავლებს ზრდიდა.

„იუვენტუსი“ დღემდე ყოველ ზაფხულს ბრუნდება ვილარ-პეროზაში, რომ ჩაატაროს ტრადიციული შეხვედრა ძირითად გუნდსა და ახალგაზრდული სექტორის საუკეთესო მოთამაშეებს შორის. ისტორიაში ეს დაპირისპირება შესულია სახელწოდებით „Partita in famiglia“ – „საოჯახო მატჩი“. გარდა იმისა, რომ ის უკავშირდება ანიელის ოჯახს, რომლის ორგანიზებით ტარდება თამაშები, ის ასევე ასახავს სულს, რომელიც ახლავს ამ შეხვედრებს. მატჩებს ესწრება მოთამაშეების ოჯახები.

გულშემატკივრები ენთუზიაზმით იკრიბებიან, რომ მხარი დაუჭირონ საყვარელ გუნდს, რაც ვილარ-პეროზაში დროებით საოცარ და ექსტრაორდინალურ ატმოსფეროს ქმნის. პატარა ქალაქი ცოცხლდება წელიწადში ერთხელ, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კლუბის სტუმრობის დროს.

კლუბის შემდეგი სახლი აშენდა „დუჩე“ ბენიტო მუსოლინის ბრძანებით, როდესაც ტურინი 1933 წლის მსოფლიო სტუდენტური თამაშების ორგანიზატორ ქალაქად გამოცხადდა. ეს სტადიონი, როგორც ცნობილი „თორე და მარათონა“, აშენდა რვა თვეში. „იუვენტუსი“ იქ თამაშობდა 1989 წლამდე და მრავალი გამარჯვება იზეიმა: 17 სკუდეტო და 7 იტალიის თასი. სწორად ამ პერიოდში კლუბმა სპორტული მიღწევებისთვის ფორმაზე ორი ოქროს ვარსკვლავი დაიკერა, რომელთაგან თითოეული ათ საჩემპიონო ტიტულს აღნიშნავს.

შემდეგ „იუვენტუსი“ გადავიდა „სტადიო დელე ალპიზე“, რომლის არქიტექტორი იყო სტუდიო ჰატერი. „ალპური სტადიონი“ აშენდა 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის. სწორედ იქ იხილა მაყურებელმა პოლ გასკოინის ცრემლები ამავე ტურნირის ნახევარფინალში. სტადიონი გაიხსნა ამხანაგური მატჩით „პორტუსს“ და „იუვენტუსი“-„ტორინოს“ ერთობლივ გუნდს შორის, რომელიც დასრულდა ტურინელთა გამარჯვებით ანგარიშით 4-3. „დელე ალპიზე“ გატარებული დროის განმავლობაში ბიანკონერიმ შეძლო კიდევ 7 სკუდეტოსა და 2 იტალიის თასის მოგება. მაგრამ გულშემატკივრებს არ მოსწონდათ ახალი სტადიონი, რომელსაც მინდვრის ხილვადობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები ჰქონდა, რაც გვერდითა სარბენი ბილიკებით იყო გამოწვეული. არენის არსებობის 19 წლის განმავლობაში მასზე მძლეოსნობასთან დაკავშირებული ღონისძიებები არასოდეს ჩატარებულა.

მიუხედავად იმისა, რომ „იუვენტუსი“ დიდი პოპულარობით სარგებლობდა მთელი აპენინის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე, აღნიშნული მიზეზის გამო „ალპი“ იშვიათად ივსებოდა. თამაშს საშუალოდ მხოლოდ 38 000-ზე ნაკლები მაყურებელი ესწრებოდა, როდესაც ის 67 229 ადამიანს იტევდა. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითს, ალბათ, წარმოადგენს 2002 წლის იტალიის თასის მატჩი „სამპდორიის“ წინააღმდეგ, რომელსაც მხოლოდ 237 მაყურებელი დაესწრო. ბიანკონერის გულშემატკივართა რიცხვი ქვეყნის ტერიტორიაზე დიდი იყო, ამიტომ „იუვენტუსის“ გასვლით თამაშებს ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავდა. ამის გამო კლუბი თამამ გადაწყვეტილებებს იღებდა და ზოგჯერ საშინაო მატჩებს სხვა ქალაქებში ატარებდა.

პირველად ეს მოხდა 1994-95 წლების სეზონში, როდესაც „იუვემ“ გადაინაცვლა „სან-სიროზე“ უეფას თასის ნახევარფინალისა და ფინალის შეხვედრების სათამაშოდ, რასაც წინ უსწრებდა საშინაო თამაშები სოფიის ცსკას, „მარიტიმოს“, „ადმირა ვაკერისა“ და „აინტრახტის“ წინააღმდეგ, რომლებსაც ჯამშიც კი არ დაესწრო იმდენი მაყურებელი, რომ „დელე ალპი“ სრულად გაევსო.

126 კილომეტრით გადასვლამ ტურნირის ორი საფინალო რაუნდისთვის შედეგი უმალ გამოიღო. ნახევარფინალში „ბორუსიას“ (რომელიც  ანგარიშით 4-5 დასრულდა) და ფინალში „პარმას“ (დასრულდა ანგარიშით 1-2) წინააღმდეგ შეხვედრებს 80754 ადამიანი დაესწრო (რაც სტადიონის ტევადობას წარმოადგენდა, უეფას მონაცემების თანახმად). „პარმას“ გამარჯვება „იუვეს“ ყოფილმა მოთამაშემ დინო ბაჯომ მოუტანა, რომელმაც ორივე გოლი გაიტანა.

ერთ წელიწადში ბიანკონერიმ მიაღწია სხვა მნიშნელოვანი ტურნირის ფინალს, როდესაც „აიაქსს“ პენალტების სერიაში სძლია, რამაც „იუვენტუსს“ საშუალება მისცა, მეორედ ისტორიაში, ევროპის თასს დაუფლებოდა. გასაკვირია, მაგრამ ფინალური შეხვედრა ტარდებოდა სხვა იტალიურ სტადიონზე, რომის „სტადიო ოლიმპიკოზე“, რომელიც სრულად შეივსო. რაც შეეხება „დელე ალპის“, ის აგრძელებდა იმედგაცრუებას – ნახევარფინალს ფრანგულ „ნანტესთან“ მხოლოდ 55000 მაყურებელი ესწრებოდა.

ამან საბაბი მისცა კიდევ ერთ საშინაო მატჩს, რომელიც სხვა ქალაქში ჩატარდა. 1996 წლის დეკემბერში უეფას სუპერთასის საპასუხო თამაში გაიმართა სიცილიურ „სტადიო რენცო ბარბერაზე“. პარიზში უდიდესი გამარჯვების, ანგარიშით 6-1, შემდეგ, უეფას თასის მფლობელი პსჟ გაემგზავრა სიცილიაში და დაუპირისპირდა მარჩელო ლიპის  გუნდს გადავსებულ სტადიონზე. უეფას მონაცემებით, 35100 მაყურებელმა იხილა, თუ როგორ მოუტანეს ალესანდრო დელ პიერომ და ჯანლუკა ვიალიმ თავის გუნდს კიდევ ერთი ტროფეი.

1998-99 სეზონში, რომელიც მარჩელო ლიპისთვის ბოლო იყო კლუბში მუშაობის პირველ პერიოდში, „იუვენტუსმა“ დაძაბულ ბრძოლაში მხოლოდ და მხოლოდ ადგილი მოიპოვა ინტერტოტოს თასში. უკვე კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით ბიანკონერიმ მოიგო ეს ტროფეი, რომელსაც ბევრი ადამიანი სერიოზულად არ აღიქვამდა, მაგრამ ეს ისევ ტურინის გარეთ მოხდა. ამჯერად მატჩები ჩატარდა ჩეზენაში, სტადიონზე „დინო მანუცი“, რომელიც სრულად ივსებოდა ყოველი თამაშის დროს. „ჩაჰლაული“, „როსტსელმაში“ და „რენი“ სტუმრობდნენ „იუვენტუსის“ სტადიონს, სადაც შემზარავი ატმოსფერო ხვდებოდათ. ამ სამი თამაშის დროს ბიანკონერიმ მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა საკუთარ კარში.

2005-06 წლების სეზონში „იუვენტუსს“ მოუწია სკუდეტოს მოპოვების აღნიშვნა უჩვეულო გარემოში, გასვლითი თამაშის დროს „რეჯინას“ წინააღმდეგ, რომელიც გაიმართა „სან-ნიკოლას“ სტადიონზე ბარიში, ამარანტოს სტადიონის „ორესტე გრანილოს“ დისკვალიფიკაციის გამო. მიუხედავად ტურინსა და აპულიას შორის მანძილისა, რომელიც 866 კილომეტრს შეადგენდა, თამაშს დაახლოებით 59000 მაყურებელი დაესწრო. დელ პიერომ და დავიდ ტრეზეგემ თავისი გოლებით „იუვენტუსს“ 29-ე სკუდეტო მოუტანეს.

2010-11 სეზონში, როდესაც U2-ს ტურინში კონცერტი ჰქონდა, ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „იუვე“ ეთამაშებოდა „შემროქ როვერსს“ გადავსებულ სტადიონზე „სტადიო ალბერტო ბრაგლია“ მოდენაში (ტევადობა 18000). ეს იყო კლუბის მოხეტიალე ცხოვრების დასასრული, ცუდად დაპროექტებული „დელე ალპის“ სიცარიელის გამო. 2006-07 წლების სეზონი, როდესაც „იუვენტუსმა“ სერია B-ში გამარჯვება მოიპოვა, გაიმართა უკვე განახლებულ და სახელწოდებაშეცვლილ „სტადიო ოლიმპიკოზე“.

2012 წელს ძველი და შეუფერებელი სტადიონები სერია A-ს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. მოძველებული „ოლიმპიკოდან“ რომში უზარმაზარ „სან-ნიკოლამდე“ ბარში, კლუბების უმეტესობას გეგმაში ჰქონდა – ყოველ შემთხვევაში, ქაღალდზე – გადასულიყვნენ თანამედროვე, სპეციალურად აშენებულ სტადიონებზე. მაგრამ ეს უტოპიური იდეები, როგორიცაა ფიორენტიას „ჩიტადელა ვიოლა“, აწყდებოდა დაბრკოლებას ფინანსების ნაკლებობისა და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ინტერესის არარსებობის გამო.

იტალიის მთელი რიგი წარუმატებელი განაცხადების შემდეგ, გამასპინძლებოდნენ საერთაშორისო ტურნირებს, კერძოდ, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებს, ადგილობრივი კლუბები მიხვდნენ, რომ საკუთრი ძალებით მოუწევთ სტადიონების მშენებლობის პროექტების რეალიზება, ან უფრო მეტად ჩამორჩებიან თავის ევროპელ კოლეგებს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უეფამ ფინანსური ფეირ-პლეის შესახებ წესი შემოიღო.

სერია A-ში წარმოდგენილი თითქმის ყველა სტადიონი მუნიციპალურ ხელისუფლებას ეკუთვნის, კლუბები კი უზარმაზარ ქირას იხდიან იქ თამაშის უფლებისთვის. მაგალითად, „ნაპოლი“ „სან-პაოლოსთვის“ იხდის წელიწადში 600 ათას ევროს, სტადიონი კი კატასტროფულად გამოიყურება იმ პირობების თვალსაზრისით, რომელიც შეესაბამება ჩემპიონთა ლიგაში მოასპარეზე კონკურენტუნარიან გუნდს. შედეგად, 2011-12 სეზონში „ნაპოლის“ შემოსავალმა მატჩის დღეებში შეადგინა სულ რაღაც 14 მილიონი ევრო, მიუხედავად იმისა, რომ თამაშებს საშუალოდ 40000 მაყურებელი ესწრებოდა.

მაგრამ ასეთი ციფრებიც შესაშური იყო „იუვენტუსისთვის“, იტალიის ყველაზე მხარდაჭერილი კლუბისთვის, ვინაიდან მისი თამაშების საშუალო დასწრება შეადგენდა სულ რაღაც 23000, რაც ევროპის საუკეთესო კლუბების ოცეულში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო და მხოლოდ მეთერთმეტე სერია A-ს კლუბებს შორის. ცხადია, ამის მიზეზად შეიძლება დასახელდეს „სტადიო ოლიმპიკოს“ ტევადობა – 28000 ადგილი, კალჩიოპოლის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი. სკანდალმა – კერძოდ კი, შემოსავლის ვარდნამ აიძულა „იუვენტუსი“ მიეტოვებინა თავისი გეგმები საძულველი „დელე ალპის“ რეკონსტრუქციის შესახებ, მაგრამ ჟან-კლოდ ბლანის მუშაობის წყალობით, მსგავსი პროექტი მაინც განხორციელდა.

„იუვეს“ ახალი სახლი აშენდა ყოფილი არენის ადგილზე, რომელიც იყო აგებული 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის. ამგვარად, „იუვენტუსმა“ საბოლოოდ გაწყვიტა თავისი კავშირი „სტადიო ოლიმპიკოსთან“, რომელსაც კიდევ ერთხელ შეეცვალა სახელი ქალაქის სხვა გუნდის პატივსაცემად – „სტადიო გრანდე ტორინო“. ახალი სტადიონი ბიანკონერების მეცხრე სახლად იქცა. მისი ტევადობა შეადგენს 41000 მაყურებელს, ხოლო ტრიბუნები მაქსიმალურად უახლოვდება სათამაშო მოედანს, რაც მას „დელე ალპისგან“ განასხვავებს.

მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობაზე თითქმის 120 მილიონი ევრო დაიხარჯა, თანხის უმეტესი ნაწილი დაფარა კომპანიამ Sportfive, სტადიონის სახელწოდების უფლების სანაცვლოდ, რომელთანაც გარიგების ღირებულებამ 75 მილიონი ევრო შეადგინა. კიდევ 20 მილიონი ევრო გადაიხადა კომპანიამ Nordiconad – ამ ფასში მან შეიძინა მიწის ნაკვეთის უფლებები. გამოვიდა, რომ 2012 წლის აგვისტოში გახსნილი სტადიონი კლუბს მხოლოდ 25 მილიონი ევრო დაუჯდა, რაც შესანიშნავი ბიზნესის ნიმუშს წარმოადგენს.

„იუვენტუსს“ საშუალება მიეცა განეხორციელებინა მრავალი საინტერესო გარიგება სპონსორებთან რეკლამის განთავსებით თავის სტადიონზე, რამაც შემოსავლების ზრდა გამოიწვია და რაც შეუძლებელი იყო ადრე, როდესაც კლუბს უწევდა არენის გაზიარება „ტორინოსთან“. „იუვენტუსის“ ბრენდზე უფლებების მოპოვება ინვესტორებისთვის მიმზიდველი გახდა, ამიტომ სტადიონის გახსნამდე გარიგებები ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა Sony, Cartasi და Balocco, გასაკვირი არ ყოფილა.

მაგრამ ფინანსურ მოგებაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ „იუვენტუსი“ გადავიდა ახალ სტადიონზე, რომელსაც ისინი სახლს უწოდებენ და იმ გრძნობას განიცდიან, რაც არ ჰქონდათ „ოლიმპიკოზე“, „დელე ალპიზე“ ან „კომუნალეზე“. რა სახელიც არ უნდა მიიღოს არენამ, იუვენტინოსთვის, საბოლოო ჯამში, უბრალოდ სახლი იქნება.