მთავარი / წიგნი / იუვენტუსი: შავ-თეთრი ისტორია / იტალიის უგვირგვინო მეფეები: ანიელების ოჯახი

იტალიის უგვირგვინო მეფეები: ანიელების ოჯახი

არაბი შეიხებისა და რომან აბრამოვიჩის გამოჩენამდე ფეხბურთს მოედნის გარეთ თანაბარი შესაძლებლობების მქონე გუნდები თამაშობდნენ. კლუბების შემოსავალი მოკრძალებული იყო, ფეხბურთელის ხელფასი კი დიდად არ განსხვავდებოდა საშუალო მუშაკის ხელფასისგან. თუ ვისაუბრებთ იტალიურ ფეხბურთზე, ამ უმანკო დროის დასასრულად შეიძლება ჩაითვალოს 1923 წელი, როდესაც „იუვენტუსის“ მართვის სადავეები ედოარდო ანიელიმ ჩაიბარა, რამაც 30 წელზე ნაკლები ისტორიისა და მხოლოდ ერთი ტიტულის მფლობელი კლუბი სამუდამოდ შეცვალა.

FIAT-ის იმპერიის წყალობით უზარმაზარი ქონების მფლობელმა ედოარდომ შეძლო სამუდამოდ შეეცვალა ფეხბურთის თამაშის ლანდშაფტი აპენინის მთლიან ნახევარკუნძულზე. ანიელიმ დაამყარა ძლიერი კავშირი კლუბსა და მის ოჯახს შორის, რომელიც მის შთამომავლებს დღემდე არ გაუწყვეტიათ, „იუვენტუსი“ კი არის ერთ-ერთი იმ რამდენიმე კლუბიდან მსოფლიოში, რომელსაც ჰყავს მფლობელები ასეთი უდავო ავტორიტეტით. ანიელის ოჯახს, ყოველ შემთხვევაში მას შემდეგ, რაც ბენიტო მუსოლინიმ სავოიელების დინასტია დავიწყებას ჩააბარა, იტალიაში აღიქვამს როგორც სამეფოს.

ედოარდო მხოლოდ 31 წლის იყო, როცა კლუბი შეიძინა და სულ რამდენიმე წელიწადში მან მოახერხა „იუვენტუსის“ წარმოუდგენლად შეცვლა. პირველი ნაბიჯი იყო ვილარ-პეროზას მახლობლად მდებარე ოჯახის კუთვნილ მიწებზე სტადიონისა და სავარჯიშო ადგილის აშენება. შემდეგ შეიკრიბა გუნდი, რომელიც დომინირებდა იტალიურ ფეხბურთში ისეთი უპირატესობით, რომელიც ვერცერთმა მეტოქემ ვერ გადალახა. 1931-დან 1935 წლამდე „იუვენტუსმა“ დაამყარა აქამდე მოუხსნელი რეკორდი, ამავდროულად ჩამოაყალიბა ეროვნული ნაკრების ხერხემალი, რომელმაც მოიგო ზედიზედ ორი მსოფლიო ჩემპიონატი 1934 და 1938 წლებში, ასევე ოლიმპიური ოქრო 1936 წელს.

ტერმინი „ოქროს ხუთწლეული“ სამუდამოდ ასოცირდება ედოარდო ანიელისთან და ასახავს 1930-იანი წლების პირველ ნახევარს, რომლის დროსაც, 1930/1931 წლების სეზონიდან დაწყებული, „იუვენტუსმა“ ზედიზედ ხუთი სკუდეტო მოიგო. კლუბმა ასევე ბიძგი მისცა ერის გაერთიანებას მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ – სწორედ ამ პერიოდში გახდა „იუვენტუსი“ ცნობილი როგორც “la fidanzata d’Italia” (იტ. – “იტალიის შეყვარებული”), როდესაც პირველად ქვეყნის ისტორიაში კლუბს გულშემატკივრები გაუჩნდა მშობლიურ ქალაქს გარეთ.

„იუვენტუსის“ წარმატებებს გულშემატკივრები აპენინის მთლიან ნახევარკუნძულზე ზეიმობდნენ, რაც, ტურინელი ისტორიკოსის ალდო აგოსტის თქმით, „გამომდინარეობს მრავალი ფაქტორიდან: გამარჯვებების განუმეორებელი სერია, რომელსაც თან ახლავს ბრწყინვალე თამაში, გადამწყვეტი წვლილი ეროვნული ნაკრების ტრიუმფში, რომელმაც მოიგო ჟიულ რიმეს თასი 1934 წელს, და გონივრული იმიჯის შექმნა გაზეთებში მზარდი სპორტული კომპონენტის მეშვეობით“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს იყო ისტორიაში პირველი მედია ქარიშხალი, რომელიც განმეორდა 1990-იან წლებში.

პარადოქსულია, მაგრამ ამ პერიოდში „იუვენტუსის“ პოპულარობის კიდევ ერთი მიზეზი, რომელიც აღწერილია ტურინის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯოვანი დე ლუნას მიერ, იყო ის, რომ კლუბი „მაშინ – და ახლაც – ასახავდა ლოკალიზმის ალტერნატივას, რომელიც პროვინციებში ტრადიციული გახდა და წარმოადგენდა პროტესტის ინსტრუმენტს რეგიონული დედაქალაქების წინააღმდეგ“. კლუბმა, რომელსაც სახელი დაარქვეს იდეის და არა მისი ადგილმდებარეობის მიხედვით, მოულოდნელად დაიწყო სარგებლობის მიღება ერის იმ გაერთიანებიდან, რომელიც ეწინააღმდეგებოდა რესპუბლიკის დამყარებას.

და მაინც ამ ეპოქის დასასრული იყო ისეთივე სწრაფი, როგორც მისი დასაწყისი და აღინიშნა ტრაგიკული ინციდენტით. ანიელი 43 წლის ასაკში დაიღუპა შემზარავ ავიაკატასტროფაში გენუაში, ისტორიული მეხუთე სკუდეტოს მოგებიდან მოკლე ხანში. დაშვებისას ჰიდროპლანი, რომლითაც გადაადგილდებოდა ანიელი, შეეჯახა მორს, რის შედეგადაც ედოარდო თვითმფრინავის მბრუნავ პროპელერში თავით შევარდა. ეს იყო პირველი, მაგრამ არა უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც კლუბმა და ანიელების ოჯახმა ასეთი მტკივნეული დარტყმა მიიღო.

იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ „იუვენტუსი“ ვერასდროს შეძლებდა ტრაგედიის შედეგებთან გამკლავებას. განცდა, რომ ბატონობის ეპოქა წარსულშია, კიდევ უფრო რეალური გახდა გუნდიდან რენატო ჩეზარინის და ჯოვანი ფერარის წასვლის შემდეგ. „იუვენტუსმა“ 1935/1936 წლების სეზონში მხოლოდ მეხუთე ადგილი დაიკავა მოთამაშე-მწვრთნელი ვირჯინიო როზეტას ხელმძღვანელობით. მიუხედავად თავის ისტორიაში პირველი იტალიის თასის მოგებისა, კლუბი ომის შემდგომ ეპოქაში „კოჭლობით“ შევიდა, თავისი კონკურენტი მეზობლის, წარმოუდგენელი Il Grande Torino-ს (იტ. – „დიდი ტორინო“) ჩრდილში, რომელმაც დაიპყრო სერია A 1940-იან წლებში.

1942 წელს, როდესაც თამაშები ჯერ კიდევ არ იყო შეწყვეტილი მეორე მსოფლიო ომის გამო, „იუვენტუსი“ იძულებული გახდა თავი დაეღწია ტურინის მუდმივ დაბომბვებს და გადასულიყო ქალაქ ალბაში, სადაც გააგრძელა ვარჯიში მომდევნო გაზაფხულამდე. 1947 წელს, ოქროს ხუთწლედიდან 12 წლის შემდეგ, ანიელის ოჯახის წევრმა ჯანიმ (ედოარდოს ვაჟმა) დაიკავა კლუბის პრეზიდენტის სავარძელი და დიდ ცვლილებებს დაუდო სათავე.

თუ ედოარდო ოლიგარქებისა და ნავთობის მაგნატების თანამედროვე თაობის წინამორბედი იყო, მისი ვაჟი ჯოვანი, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის ცნობილია როგორც ჯანი, უნდა შეფასდეს, როგორც იტალიური ფეხბურთის პირველი ცნობადი სიმბოლო. თანამედროვე მოთამაშეებისგან განსხვავებით, რომლებიც მრავალმილიონიან შემოსავლების დემონსტრირებას ახდენენ პლატინით მოპირკეთებული სამკაულების და სრულყოფილი რუჯის საშუალებით, ყოველთვის ელეგანტური ჯანი ანიელი გახდა გამოთქმის „la bella figura“ განსახიერება (იტ. – ლამაზი ფიგურა, ამ ფრაზით იტალიელები აღწერენ ქცევის ფილოსოფიას, როდესაც ადამიანი ცდილობს წარმოადგინოს თავი საუკეთესო მხრიდან, როგორც გარეგნობით, ასევე კარგი მანერებითა და კეთილშობილური საქმით).

მაჯის საათით პერანგის მანჟეტის ზემოთ და ყოველთვის უნაკლოდ ჩაცმული, ანიელი თავიდანვე აღიარებული იყო, როგორც წარმოუდგენლად ელეგანტური და უაღრესად დაფასებული ადამიანი საზოგადოებაში. 2003 წელს 81 წლის ასაკში პროსტატის კიბოთი გარდაცვალების მომენტისთვის, მას ჰქონდა ბიზნესმენის, ფეხბურთის მოყვარულისა და ფლეიბოის რეპუტაცია, მეგობრობდა ისეთ გამოჩენილ ადამიანებთან, როგორებიც არიან დევიდ როკფელერი, ჰენრი კისინჯერი და ანიტა ეკბერგი. ფულის ფლანგვასა და ქალების მოხიბვლაში გატარებული ახალგაზრდობის შემდეგ, ანიელი მოულოდნელად მომწიფდა და აიღო კონტროლი საოჯახო ბიზნეს-იმპერიაზე.

ჯანის FIAT-ი წარმატებამდე მიჰყავდა და თავისი გავლენის ზრდასთან ერთად ამყარებდა კავშირებს ცნობილ ადამიანებთან და პოლიტიკოსებთან. შორსმჭვრეტელობის წყალობით, მან მოახდინა კომპანიის მოდერნიზება, მაგრამ ის, რაც ყველაზე მეტად აინტერესებდა, იყო იტალიის, როგორც ქვეყნის იმიჯი და ბევრი სხვა ლიდერისგან განსხვავებით, მისი თანამშრომლების კეთილდღეობა. ამ პრინციპების დასაცავად რთულ ეკონომიკურ ვითარებაში სირთულეებთან ბრძოლა მას საკუთარი ფინანსების ხარჯზე უწევდა. სხვების ბედში ასეთი თანამონაწილეობის გამო, ანიელიმ მოიპოვა აღტაცება და პატივისცემა, რომელიც აღემატებოდა გულგრილობას ან სიძულვილს, რომლითაც იტალიელთა უმეტესობა ეპყრობოდა ბიანკონერებს, და გახდა ალბათ ერთადერთი იუვენტინო, რომლითაც ისინი აღფრთოვანდნენ.

მისი ხელმძღვანელობით FIAT-ი აშენებდა სკოლებს და საცხოვრებელს სახლებს, მუშათა ოჯახებს აძლევდა დამატებით სახსრებს დღესასწაულებზე და უზრუნველყოფდა ღირსეული პენსიებით, როდესაც მათი კარიერა დასასრულს უახლოვდებოდა. გამუდმებით ავლენდა გამჭრიახობას და უნარს ბიზნესის კეთებაში, ანიელიმ მოიპოვა მეტსახელი “l’Avocatto” (იტ. – ადვოკატი), რომელიც მას მთელი სიცოცხლის განმავლობაში შერჩა. გარკვეულწილად, ეს მეტსახელი უკავშირდებოდა მის იურიდიულ განათლებას, მაგრამ ასევე იმ მანერებსაც, რომელთა მეშვეობით ის მოძრაობდა იტალიური ფეხბურთის ხშირად მშფოთვარე და ყოველთვის ბიუროკრატიულ სამყაროში.

კალჩოს ინტრიგებსა და წვრილმანობაში იოლად გზის გაკვალვით, მან შექმნა საკუთარი განუმეორებელი სტილი, რომელიც ცნობილია როგორც “lo stile Juve” (იტ. – „იუვეს სტილი“) ჯორჯ შტაინბრენერის „ნიუ-იორკ იანკის“ მსგავსად, „იუვენტუსის“ ფეხბურთელები სხვა კლუბებთან შედარებით უფრო მაღალ სტანდარტებს იცავდნენ როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. მოწესრიგებული ვარცხნილობა, საყურეების და თვალსაჩინო ტატუს არარსებობა, გაპარსული წვერი, ისევე როგორც ჯენტლმენური ქცევა კლუბის მფლობელის არა მხოლოდ სასურველი, არამედ სავალდებულო მოთხოვნაც გახდა.

„ბრონქს ბომბერსის“ მსგავსად, „იუვენტუსის“ ფეხბურთელები ჯილდოვდებოდნენ მაღალი ხელფასებით, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა საზოგადოების ინტერესი მათ მიმართ, მაგრამ ფეხბურთელების იმიჯს და პირად ცხოვრებას კლუბი ყოველთვის იცავდა. ეს წესები ასევე ვრცელდებოდა საშუალო დონის მოთამაშეებზე, რომლებიც „იუვენტუსში“ უფრო მეტს იღებდნენ, ვიდრე სხვა გუნდებში და ხშირად, „იუვედან“ წასვლისას, მოთამაშეები საუბრობდნენ იმ პრივილეგიებზე, რომლებიც დაკარგეს კლუბის მიტოვების შემდეგ.

მიუხედავად ამისა, ომისშემდგომ პერიოდში ამ უპირატესობებმაც კი ვერ უშველა კლუბს იტალიის სხვა საფეხბურთო სუპერძალის წინააღმდეგ. ყველაზე უსიამოვნო ამ ყველაფერში ბიანკონერის გულშემატკივრებისთვის ის იყო, რომ მეორე სუპერძალა ადგილობრივი „ტორინო“ იყო, რომელიც აპენინებზე უძლიერესი გახდა და ლეგენდარული ვალენტინო მაცოლა ხელმძღვანელობდა. სწორედ მაშინ გახდა ნათელი, რომ არ არსებობდა ჯანი ანიელიზე უფრო შესაფერისი კანდიდატი ჯენტლმენის როლისთვის, რომელიც მოხუც სინიორას ხელს ჩაჰკიდებდა და აიყვანდა მას არა მხოლოდ იტალიური ფეხბურთის მწვერვალზე, არამედ ერთ-ერთ წამყვან ადგილზე მსოფლიო ფეხბურთში.

ანიელის პრეზიდენტად ყოფნას მოწიწებით აღიქვამდნენ როგორც მოთამაშეები, ასევე გულშემატკივრები, პრესა კი მის ინტერვიუების ციტატებს იტაცებდა. ის ოსტატურად აჯილდოებდა თავის მოთამაშეებს მეტსახელებით, ხშირად აერთიანებდა ქებას და კრიტიკას. ალესანდრო დელ პიერომ მიიღო „პინტურიკიოს“ ტიტული, როდესაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო სხვა, უფრო გამოცდილი „მხატვრის“, „კარავაჯოს“ შემცვლელი – ასე კლუბში რობერტო ბაჯოს ეძახდნენ. მაგრამ ზბიგნევ ბონეკის შემთხვევაში, მისთვის მიცემულ მეტსახელს „Bello di note“ (იტ. – „ღამის ლამაზმანი“) ორმაგი მნიშვნელობა ჰქონდა: პოლონელი თავდამსხმელი კარგი იყო ევროპულ მატჩებში, რომლებიც ჩვეულებრივ საღამოს იმართებოდა, მაგრამ ხშირად არც თუ ისე სასარგებლო იყო შიდა ჩემპიონატის უფრო დამქანცველ თამაშებში, რომლებიც დღის განმავლობაში იმართებოდა.

შესაძლოა ერთადერთი, ვინც თავს ანიელის თანასწორად თვლიდა, მიშელ პლატინი იყო. ერთხელ, სამი ოქროს ბურთის მოგების შემდეგ, პლატინიმ პრიზი მიაწოდა ჯანი ანიელის სიტყვებით: „ეს არის ის, რასაც ფულითაც კი ვერ იყიდით!“. ანიელის კითხვაზე, მართალია თუ არა, რომ ოქროს ბურთი ოქროსგანაა დამზადებული, ფრანგმა ჩუმად უპასუხა: „ის მართლა ოქროსგან რომ ყოფილიყო, არც კი მოგცემდით!“ მიუხედავად ამისა, მათ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და ერთმანეთს პატივს სცემდნენ, რაც ორივესთვის იშვიათი მოვლენა იყო სხვა ადამიანებთან მიმართებაში.

პატივისცემა, რომელსაც ანიელი იმსახურებდა, ჯილდო იყო კლუბის წარმოუდგენელი ისტორიისთვის მისი პრეზიდენტად ყოფნის დროს. ის მიუძღვებოდა გუნდს ერთი წარმატებული ეპოქიდან მეორეში, თითქმის გარდამავალი პერიოდების გარეშე. ანიელის რეპუტაცია ხელუხლებელი დარჩა „სუფთა ხელების“ გამოძიების შემდეგაც, რომელმაც „გაანადგურა“ მრავალი იტალიელი ლიდერი და აჩვენა, რომ FIAT-ი და მისი მფლობელი პატიოსნები იყვნენ. მაგრამ უზარმაზარი ქონება და წარმოუდგენელი ცხოვრების წესიც კი არ იძლევა ბედნიერების გარანტიას: 2000 წელს მისი დეპრესიაში მყოფი შვილის ედოადროს თვითმკვლელობამ წარუშლელი ნაწიბურები დატოვა ჯანის გულზე.

„იუვენტუსი“ იყო ერთადერთი ინტერესი, რომელსაც ორივე იზიარებდა. ედოარდო გახდა კლუბის დიდი გულშემატკივარი 1980-იან წლებში. 1986 წლის აპრილში „ლეჩესთან“ მატჩის დროს ედოარდო ტრიბუნიდან ჩამოვიდა და მწვრთნელთა სკამზე ჯოვანი ტრაპატონის გვერდით დაჯდა. ჯანი არანაირ დათმობაზე არ წასულა, მიუხედავად იმისა, რომ ედოარდო მისი შვილი იყო, და პრინსტონის უნივერსიტეტში გაგზავნა. სწავლის დროს ის მოგზაურობდა ინდოეთში, ხოლო აიათოლა ხომეინისთან შეხვედრა გახდა იმის მიზეზი, რომ ედოარდომ მიიღო ისლამი. მის ერთადერთ ვაჟს გადამხდარი ცვლილებების შემყურე ჯანი მიხვდა, რომ იგი არ იყო შესაფერისი ოჯახური ქონების მემკვიდრის როლისთვის და არჩევანი შეაჩერა უფრო ახალგაზრდა და ანიელის ბიზნეს-იმპერიიდან უფრო დაშორებული ადამიანის სასარგებლოდ,

1990 წელს კენიაში ყოფნისას ედოარდოს ბრალი წაუყენეს ორასი გრამი ჰეროინის შენახვაში. 2000 წელს მისი ცხედარი იპოვეს მდინარის ფსკერზე, საავტომობილო გზის ხიდის ქვეშ, ტურინის სიახლოვეს. ხიდს ჰქონდა ისეთი ადგილის რეპუტაცია, სადაც ადამიანები სიცოცხლეს ესალმებოდნენ, და ანიელის ოჯახის ბევრი ახლობელი თვლის, რომ ედოარდოს თვითმკვლელობამ დააჩქარა ჯანის ავადმყოფობა და სიკვდილი, რომელსაც 1997 წელს პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მისი მდგომარეობა გაუარესდა და ნიუ-იორკში მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ აშკარა გახდა, რომ მისი დღეები დათვლილი იყო.

2003 წელს ჯანის გარდაცვალების შემდეგ, ანიელის ოჯახის მომდევნო წევრმა აიღო კლუბზე კონტროლი. ჯანის ძმა, უმბერტო, რომელმაც წარსულში ფეხბურთის გონიერი მენეჯერის რეპუტაცია მოიპოვა, სათავეში ჩაუდგა ბებერ სინიორას. ის მხოლოდ ერთი წლის იყო, როდესაც მამა დაკარგა და თერთმეტის, როდესაც დედა ავტოკატასტროფაში დაეღუპა. უმცროსი ანიელი გვერდიდან უყურებდა, როგორ ასრულებდა ჯანი FIAT-ის უფროსის და მომხიბვლელი სუპერვარსკვლავის როლს. ამ უკანასკნელის დომინანტურობამ დაჩრდილა მისი თავაზიანი და მახვილგონიერი, მაგრამ მოკრძალებული უმცროსი ძმა, რომელმაც მიიღო სამართლის ხარისხი და მეტსახელი “Il Dottore” (იტ. – „დოქტორი“). 1959 წლიდან 1961 წლამდე უმბერტო იყო იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, შემდეგ კი გახდა სენატორი ქრისტიან-დემოკრატიული პარტიისგან.

ჯანისგან განსხვავებით, რომელიც ავტომობილების მოყვარული და ოჯახის სახე იყო, უმცროსი ძმა იყო წიგნის ჭია და ბუღალტერი, რომელიც დაეხმარა FIAT-ს შეეძინა Alfa Romeo-სა და Maserati-ს ბრენდები, რამაც მრავალმხრივ განავითარა კომპანია და აღადგინა დასუსტებული გიგანტი. მან წელიწადნახევარზე ნაკლები დრო გაატარა პრეზიდენტის პოსტზე, რა დროსაც ხელი შეუშალა ანიელის ოჯახის წილის General Motors-ისთვის მიყიდვას. ის გარდაიცვალა 2004 წლის მაისში სიმსივნით, ისევე როგორც მისი უფროსი ძმა ჯანი და მისი ვაჟი ჯოვანინიო, რომელიც მხოლოდ 33 წლის იყო, როცა 1997 წელს კუჭის კიბოსთან ბრძოლაში დამარცხდა, რამაც კიდევ უფრო მეტი ტკივილი მოუტანა ყველას, ვისაც ბიანკონერისთან ჰქონდა კავშირი.

„იუვემ“ უმბერტოს მმართველობით ერთადერთ სეზონში მოიგო სკუდეტო, რაც ადასტურებს, რომ ანიელის ოჯახის სახელი გამარჯვების სინონიმია. ახალი გამარჯვებები იქნება მიღწეული, როდესაც სერია B-სთან მცირე ფლირტის შემდეგ, უმბერტოს ვაჟი ანდრეა სათავეში ჩაუდგება კლუბს და დააბრუნებს „იუვენტუსს“ იტალიური ფეხბურთის მწვერვალზე.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …