ფეხბურთი იდენტობების თამაშია. კლუბების ცნობა მყისიერადაა შესაძლებელი გამოსახულებით, ემბლემებითა და ფერებით. სანამ სპორტი ტელევიზორსა და ინტერნეტში გავრცელდებოდა, გულშემატკივრები იბადებოდნენ და იზრდებოდნენ იმის შედეგად, რომ მხარს უჭერდნენ ადგილობრივ კლუბებს, და ეს ტრადიციები მეგობრებსა და ოჯახის თაობებს გადაეცემოდა. ფეხბურთის ბევრი დიდებული კლუბის მსგავსად, „იუვენტუსსაც“ მეტად მოკრძალებული წარმომავლობა აქვს, რომელიც გაცილებით შორსაა კაშკაშა სინათლისა და მილიონერი ფეხბურთელებისგან, რომლებიც დღეს ამშვენებენ სპორტს.
2011 წლის 8 სექტემბერს „იუვენტუსის“ ახალი სტადიონის გახსნის დროს გამართულ ცერემონიაზე ბიანკონერებმა ეს ისტორია და ადრეული დღეების მოვლენები შესანიშნავად წარმოაჩინეს. კლუბმა არ დაზოგა თანხა სანახაობრივ და ემოციურ წარმოდგენაზე და მიესალმა თავის მხარდამჭერებს ახალი ერის დასაწყისში. მაგრამ იმ მთლიანი წარმოდგენიდან, რომელიც მოგვითხრობდა გულშემატკივრებსა და ლეგენდარულ ჩემპიონებზე, წარსულის ტრიუმფებსა და ტრაგიკულ მარცხებზე, იყო განსაკუთრებული მომენტი, რომელსაც შეიძლება იმ საღამოს მთავარი მოგონება ვუწოდოთ.
ამ საოცარი, ხმაურიანი და აღმაფრთოვანებელი მოქმედების ცენტრში იმყოფებოდა ორი კაცი, რომელსაც შეჰყურებდა იქ მყოფი მრავალათასიანი გულშემატკივარი და კიდევ მილიონები ტელევიზიისა და ინტერნეტის საშუალებით. ისინი ისხდნენ სკამზე და მსჯელობდნენ თავის საერთო სიყვარულზე, რომელიც კლუბის მიმართ გააჩნდათ. ასე შეიქმნა მეტად მძაფრი მომენტი, რომელმაც მოიცვა ყველაფერი საუკეთესო, რაც „იუვენტუსს“ გააჩნია. ამ მამაკაცებიდან ერთ-ერთი, ალბათ, სერია A-ს ნებისმიერმა მოყვარულმა იცნო – ეს იყო „იუვენტუსის“ იმდროინდელი კაპიტანი – ალესანდრო დელ პიერო, ადამიანი, რომელიც ე.წ. „იუვეს სტილისთვის“ დამახასიათებელ ღირსებას გამოხატავდა.
ადამიანმა, რომლის ოსტატობა ყველაფერს ამბობდა მის ნაცვლად „იუვენტუსში“ ცხრამეტწლიანი კარიერის განმავლობაში, იპოვა მომენტისთვის შესაფერისი სიტყვები. დელ პიერომ აღნიშნა თავისი ადგილი კლუბის ისტორიაში, როდესაც შეკრებილი ხალხის წინაშე თქვა:
„ვამაყობ ჩემს მიერ დაწერილი მნიშვნელოვანი გვერდებით ჩვენს დიდ ისტორიაში. „იუვე“ ყოველთვის არაჩვეულებრივ ნახატს წარმოადგენდა და არაჩვეულებრივ ნახატებს ყოველთვის სჭირდება დიდებული ჩარჩოები“.
უფრო გათვითცნობიერებულმა ადამიანებმა სკამზე მჯდომი მეორე კაციც იცნეს. ეს იყო მრავალი რეკორდის ყოფილი მფლობელი, რომლებიც იმ დროისთვის უკვე მოხსნა დელ პიერომ. ჯერ კიდევ რობერტო ბაჯომდე, მიშელ პლატინისა და გაეტანო შირეამდე, რომლებიც შავ-თეთრების ღირსებას იცავდნენ, ჯამპიერო ბონიპერტიმ თავისი კლუბი ქალაქის მეზობლის „ტორინოს“ ჩრდილიდან გამოიყვანა. როდესაც, ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ, „იუვენტუსის“ პრეზიდენტი გახდა, ბონიპერტი ეხმარებოდა ჯანი ანიელის იმ გუნდის შექმნაში, რომელიც 1985 წელს ჩემპიონთა თასის მფლობელი გახდა, ასევე ის იყო იმ ადამიანთა შორის, რომლებმაც 90-იანი წლების დასაწყისში მოიყვანეს კლუბში ახალგაზრდა დელ პიერო. ბონიპერტის სიტყვები გულიდან მოდიოდა და გულშემატკივრები მათ აღფრთოვანებით შეხვდნენ:
„ჩემი ისტორია „იუვენტუსში“ დაიწყო 1946 წლის 4 ივნისს, და მე 65 წლის შემდეგ ვარ აქ, რომ ჩაგეხუტოთ, გულშემატკივრებო, და შევახსენო ახლანდელ მოთამაშეებს ცნობილი გამოთქმა. „იუვესთვის“ გამარჯვება არა თუ მხოლოდ მნიშვნელოვანია, ის ერთადერთია, რასაც მნიშვნელობა აქვს“.
უკანასკნელ ფრაზას ბონიპერტი ადრეც ამბობდა და ბევრი მას კლუბის მთავარ ლოზუნგად მიიჩნევდა. როგორც ეს სიტყვები გაჟღერდა, ზოგი ყველაზე ინფორმირებული გულშემატკივარი მიხვდა, თუ სად ისხდნენ ეს ლეგენდები და რომ, როგორც დანარჩენი სხვა, ეს ადგილი არ იყო შემთხვევით შერჩეული იმ ღამეს. ეს იყო ის სკამი, სადაც ქალაქის მასიმო დ’აძელიოს სკოლის სტუდენტები ისხდნენ მრავალი წლის წინ და განიხილავდნენ აწ დიდი კლუბის შექმნის გეგმას.
მათ შექმნეს კლუბი არა იმის იმედით, რომ ევროპის ან თუნდაც იტალიის დომინანტი ძალა გამხდარიყვნენ, არამედ როგორც ყველა ბავშვის ფიქრებით მსოფლიოში – გასართობად. სახელიც კი, რომელიც მათ შეარჩიეს ქალაქის ან რეგიონის სახელწოდების ნაცვლად, ლათინურად „ახალგაზრდობას“ ნიშნავს. „იუვენტუსის“ ფორმა შეიძლება დღეს რთულად ამოსაცნობი ყოფილიყო, რადგან თავიდან ის უბრალოდ თეთრი ფერის იყო, 1899 წელს კი შეიცვალა შავსაყელოიანი ვარდისფერი მაისურით. კლუბის პირველი პრეზიდენტი გახდა ენრიკო კანფარი, გუნდი თამაშობდა „პიაცა დ’არმიზე“. ეროვნული პირველობის ფარგლებში პირველი მატჩი გაიმართა 1900 წლის 11 მარტს. დასაწყისი წარუმატებელი გამოდგა, ვინაიდან „იუვენტუსი“ ანგარიშით 0-1 დამარცხდა აწ არარსებულ „ტორინეზესთან“.
რამდენიმე წელიწადში გარკვეულმა გარემოებებმა გამოიწვია კლუბის ადრეული წლების ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, გუნდმა თამაში დაიწყო ცნობილი შავ-თეთრი ფორმით, რომელიც ამჟამად „იუვენტუსის“ განუყოფელ ნაწილად ითვლება. ერთ-ერთი მოთამაშის მამამ შექმნა ფორმის ვარდისფერი ვარიანტი, მაგრამ თამაშებს შორის მუდმივმა რეცხვამ თანდათანობით ფერის დაკარგვა გამოიწვია, ამიტომ 1903 წელს კლუბმა გადაწყვიტა მისი შეცვლა. იმდროინდელი „იუვენტუსის“ ერთ-ერთ მოთამაშეს, ინგლისელ ჯონ სევიჯს სთხოვეს დაკავშირებოდა ვინმეს ინგლისში, ვინც შეძლებდა ისეთი ფორმების გამოგზავნას, რომელიც გაუძლებდა ხშირ რეცხვებს.
სევიჯის მეგობარი, რომელსაც იგი დაუკავშირდა, ცხოვრობდა ნოტინგემში და იყო უძველესი ინგლისური კლუბის „ნოთს ქაუნთის“ გულშემატკივარი. მან გადაწყვიტა, ტურინში თავისი საყვარელი გუნდის ფორმა გაეგზავნა, ამიტომ არავისთვის ყოფილა გასაკვირი ის ფაქტი, რომ იტალიური ფეხბურთის ისტორიაში მთავარი სტადიონის გახსნისას გამართულ მატჩზე „იუვენტუსმა“ მეტოქედ მოიწვია არა ისეთი თვალსაჩინო ვარიანტები, როგორიცაა „რეალი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ან „ბარსელონა“, არამედ ინგლისის მესამე დივიზიონის გუნდი „ნოთს ქაუნთი“.
მას შემდეგ „იუვე“ ატარებს შავ-თეთრ ფორმას, ვინაიდან ეს ფერები უფრო უხდება ზამთრის ალპებს, ვიდრე ვარდისფერი. ის წელი ასევე წარმატებული გამოდგა სპორტული თვალსაზრისითაც. ბიანკონერებმა მოიგეს თავისი მეორე ტურინის თასი, როდესაც ფინალში დაამარცხეს კრიკეტ-კლუბი „მილანი“. თორმეტ თვეში „იუვენტუსმა“ მარცხი განიცადა „ჯენოასთან“ ჩემპიონატის პლეი-ოფში, თუმცა სულ მალე კლუბმა სერიოზულ წარმატებებს მიაღწია.
1905 წლის სეზონი დაუვიწყარი იყო ახალგაზრდა გუნდისთვის, ვინაიდან მაშინ კლუბი პირველად გახდა ქვეყნის ჩემპიონი. მეტოქეთა უმრავლესობისგან განსხვავებით, „იუვენტუსის“ ბირთვს წარმოადგენდნენ იტალიელი ფეხბურთელები, როდესაც ტურნირის სხვა მონაწილეებს შორის მრავალი ინგლისელი ირიცხებოდა. დამაჯერებელი კვალიფიკაციის შემდეგ პიემონტეს ჯგუფში, „იუვენტუსი“ აღმოჩნდა სამი გუნდის ფინალში, „ჯენოასა“ და „უნიონე სპორტივა მილანეზესთან“ ერთად. „ჯენოასთან“ ორივე თამაში ფრედ დამთავრდა, მილანელები კი დამარცხდნენ ანგარიშით 3-0 და 4-1.
ეს შედეგები საკმარისი იყო იმისთვის, რომ ლიგურიის გუნდი ერთი ქულით უკან ჩამოეტოვებინათ. იმ დროს ფორმებზე ჯერ კიდევ არ ატარებდნენ ფარის ფორმის იტალიის ტრიკოლორს, როგორც ეს დღეს ხდება, თუმცა ფეხბურთის ფედერაციამ გუნდი სამახსოვრო დაფით დააჯილდოვა. „იუვენტუსმა“ საბოლოოდ შეძლო თავისი თავისთვის იტალიის ჩემპიონის სახელის დარქმევა. როგორც ბევრი სხვა გუნდი იმ დროს, ბიანკონერები იყენებდნენ პოპულარულ განლაგებას „W-M“, რომელიც მოიგონა ჰერბერტ ჩაპმენმა. კარს იცავდა დომენიკო დურანტე, ფლანგებზე თამაშობდნენ ჯოაკინო არმანო და ორესტე მაცია, ცენტრალური მცველი იყო შვეიცარიელი იმიგრანტი პოლ არნოლდ ვალტი, ნახევარდაცვის ცენტრში იმყოფებოდნენ კაპიტანი ჯოვანი გოჩონე და შოტლანდიელი ჯეკ დიმენტი. თავდასხმის ხაზი შედგებოდა ალბერტო ბარბერისის, კარლო ვიტორიო ვარეტის, ლუიჯი ფორლანოს, ინგლისელი ჯეიმს სქვაერისა და დომენიკო დონასგან. ამ თერთმეტმა ფეხბურთელმა ყველა თამაში ჩაატარა, დონა კი ასევე გუნდის მწვრთნელის თანამდებობას ითავსებდა.
იმავე წელს კლუბის პრეზიდენტმა ალფრედ დიკმა თავისი პოსტი მიატოვა კოლექტივში შიდა უთანხმოების გამო, რომლის მიზეზი იყო დიკის სურვილი, გადაეყვანა „იუვენტუსი“ ტურინიდან. იმ გუნდის ზოგიერთმა მოთამაშემ შვეიცარიის ტექსტილის მაგნატთან ერთად ჩამოაყალიბა საფეხბურთო კლუბი „ტორინო“, რითიც საფუძველი ჩაუყარა იტალიის ერთ-ერთ უძველეს დაპირისპირებას. გახლეჩა იმდენად ძლიერი იყო, რომ მატჩები „იუვენტუსსა“ და „ტორინოს“ შორის კიდევ დიდი ხნის განმავლობაში კონფლიქტების თანმხლებით იმართებოდა მინდორსა თუ მის გარეთ.
კარლო ვიტორიო ვარეტიმ დაიკავა კლუბის პრეზიდენტის განთავისუფლებული პოსტი, მაგრამ „იუვენტუსს“ წარუმატებლობების მთელი რიგი ჰქონდა წინ, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დასრულებამდე გაგრძელდა, ვინაიდან მაშინ პიემონტეში ავანსცენაზე გამოვიდნენ „კაზელე“ და „პრო ვერჩელი“. მიუხედავად ამისა, ბიანკონერები ცდილობდნენ კონკურენტუნარიონობის შენარჩუნებას. მაგრამ დაიწყო ომი, რომელმაც კიდევ ერთი მნიშნელოვანი მოვლენა გამოიწვია „იუვენტუსის“ ისტორიაში. გუნდის ბევრი მოთამაშე ომში გაიწვიეს. გუნდის ხელმძღვანელობამ მოიფიქრა მათთან კომუნიკაციის დამყარება გაზეთის შექმნის გზით. გაზეთის „Hurrà“ პირველმა გამოშვებამ სინათლე იხილა 1915 წლის 23 ოქტომბერს. მისი თანამედროვე სახით გამოცემა დღემდე გრძელდება. გარდა ამისა, ომს ემსხვერპლა „იუვენტუსის“ ერთ-ერთი ფუძემდებელი ენრიკო კანფარი. ეს ტრაგიკული შემთხვევა მოხდა ისონცოსთან მესამე ბრძოლის დროს.
ომის დასრულებისთანავე ბიანკონერები ლიდერის პოზოცაზე დაბრუნდნენ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო იყო ჯოვანი ჯაკონე, პირველი ფეხბურთელი, რომელიც მიიწვიეს იტალიის ეროვნულ ნაკრებში. „იუვენტუსის“ პრეზიდენტმა კორადინო კორადინიმ დაწერა კლუბის პირველი ჰიმნი, რომელიც გამოიყენებოდა გასული საუკუნის 60-იან წლებამდე. მაგრამ იმდროინდელი „იუვენტუსი“ ჯერ კიდევ შორს იყო მისი დღევანდელი სახისგან. მინდორზე გამოდიოდნენ მოყვარულები და თამაშობდნენ დღეისთვის სრულად უცნაური წესებით. ერთ-ერთ ასეთ წესს წარმოადგენდა ადგილობრივი ხელისუფლების დებულება, რომლის თანახმად ფეხბურთელებს შეეძლოთ ეთამაშათ მხოლოდ იმ ქალაქების გუნდებში, რომლებშიც თვითონ ცხოვრობდნენ. ამრიგად, ლიგაში დომინანტურ პოზიციებზე კვლავ „პრო ვერჩელი“ და „ჯენოა“ დარჩნენ.
მაგრამ მალე ცვლილებების დრო დადგა.