მთავარი / წიგნი / იუვენტუსი: შავ-თეთრი ისტორია / პირველი გმირები: ჯამპიერო კომბი და „ოქროს ხუთწლედი“

პირველი გმირები: ჯამპიერო კომბი და „ოქროს ხუთწლედი“

ეს არის ისტორია, როგორსაც სიზმარში თუ ნახავთ, ზღაპარი, რომელიც თითქმის შეუძლებელია მიყიდო ჰოლივუდის კინოინდუსტრიას. საეჭვოა, რომ ფილმის მაყურებლებმა სერიოზულად მიიღონ სცენარი, რომელშიც მთავარი გმირი არა მარტო თუ ეხმარება მშობლიურ კლუბს მიაღწიოს უპრეცენდენტო მოგებათა სერიას, არამედ ასევე აღწევს წარმატებას საერთაშორისო არენაზე და კარიერას ასრულებს ქვეყნის ნაკრების კაპიტნის რანგში მსოფლიო ჩემპიონატის დროს. გარდა ამისა, თუ შევეცდებით მაყურებელი დავარწმუნოთ იმაში, რომ მსოფლიო ჩემპიონატი მთავარი გმირის სამშობლოში ჩატარდა, მან კი მსოფლიო თასი აღმართა, რის შემდეგაც ფეხბურთიდან წავიდა, მაშინ ეს ფილმი საბოლოოდ წარუმატებლობისთვის იქნება განწირული.

თუმცა, ზუსტად ასეთი გზა განვლო ჯამპიერო კომბიმ თავისი დაუჯერებელი კარიერით, რომლის გამეორების იმედი ცოტას თუ ექნება. დაბადებული ტურინში 1902 წელს, იგი შეუერთდა „იუვენტუსის“ ახალგაზრდულ გუნდს და, დროთა განმავლობაში, იუვეს პირველ გუნდს მიაღწია, რომელშიც სადებიუტო თამაში „მილანთან“ 1922 წლის თებერვალში ჩაატარა. 21 წლის ასაკში გოლკიპერმა გასაოცარი სიმწიფე გამოჩინა, სწრაფად მოიპოვა ძირითად შემადგენლობაში ადგილი და სადებიუტო სეზონის ათ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

1922-23 წლების სეზონის დასასრულისთვის, რომელშიც იუვემ ყველა თამაში, გარდა ერთისა, კომბით სასტარტო შემოდგენლობაში ითამაშა, „ჯენოა“ და „პრო ვერჩელი” 16 სკუდეტოს ფლობდნენ. ბიანკონერებს მხოლოდ ერთი ტიტული გააჩნდათ, რომელიც მათ 1905 წელს მოიპოვეს და ჩემპიონობისთვის ბრძოლისგან შორს იყვნენ. ყველაფერი შეიცვალა 1923 წლის სეზონში, ივლისში, როდესაც მოვლენათა რიგმა კალჩიოს სახე სამუდამოდ შეცვალა.

ლიგა, რომელიც იმ დრომდე იყოფოდა რამდენიმე რეგიონალურ ჯგუფად, გაერთიანდა, „იუვენტუსის“ პრეზიდენტი კი გახდა ედოარდო ანიელი. კლუბიდან კლუბში გადასვლის შეზღუდვის წინააღმდეგ გამოსვლით, ანიელიმ და მცველმა ვირჯინიო როზეტამ წამოიწყეს იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთი პირველი სკანდალი. მოყვარული ფეხბურთელი, თავისი მშობლიური კლუბის „პრო ვერჩელის“ მცველი, ადგილობრივი გულშემატკივრების კერპი იყო, მაგრამ მიიღო „იუვენტუსის“ მფლობელის მომგებიანი შეთავაზება გადასულიყო ტურინში. ერთი შეხედვით, როზეტასთან ერთად „იუვენტუსს“ მალე უნდა მოეპოვებინა სანუკვარი მეორე ტიტული, მაგრამ უკან ჩამოტოვებულმა „პრო ვერჩელიმ“ და „ჯენოამ“ სარჩელი შეიტანეს და იმ თამაშების შედეგები, რომლებშიც „იუვეს“ ახალწვეულმა მონაწილეობა მიიღო, გაბათილდა.

ინციდენტმა, რომელსაც „როზეტას საქმე“ ეწოდა, ცნობილი გახდა იმით, რომ მას მოჰყვა ტრანსფერების რიცხვის ზრდა, ხელფასების მომატება და პროფესიული ფეხბურთის ერის დასაწყისი იტალიაში. დღეს აღნიშნულ შემთხვევას იშვიათად იხსენებენ, მაგრამ ბევრი მიიჩნევს, რომ ის არანაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე „ბოსმანის წესი“ 1995 წელს. შედეგად, ანიელის გუნდმა დაიკავა მხოლოდ მეხუთე ადგილი, „ჯენოა“ კი კვლავ ჩემპიონი გახდა. როგორც კი როზეტას „იუვენტუსში“ თამაშის ნება დართეს, „ბებერი ქალბატონისთვის“ ახალი ეპოქა დაიწყო: ეპოქა, რომლის გული იყო კომბი, ბიანკონერების დომინირებამ კი ისინი უპრეცენდენტო დონემდე აიყვანა.

1924 წელს შედგა კომბის დებიუტი იტალიის ნაკრებში, რომელშიც იგი მიიწვია დიდმა ვიტორიო პოცომ. თუმცა პირველი მატჩი იმ თამაშების რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც არც უნდა გაიხსენო. აძური სრულად გაანადგურეს გეორგი მოლნარმა და უნგრეთმა. კატასტროფული ანგარიში 7-1 დღესაც რჩება ისტორიაში, როგორც იტალიის ყველაზე მსხვილი მარცხი. იმ თამაშის შედეგმა ახალგაზრდა გოლკიპერის თავდაჯერებულობა არ შეარყია, იგი საკლუბო საქმიანობას დაუბრუნდა და 1925-26 წლების სეზონში საკუთარი გუნდი წარმატებამდე მიიყვანა.

კომბის თავდაჯერებულობამ პირველად ხუთი წლის განმავლობაში „იუვენტუსი“ ჩემპიონატის პლეი-ოფში მიიყვანა, სადაც ის შეხვდა წინა წლის გამარჯვებულს – „ბოლონიას“. პირველი მატჩი დასრულდა ანგარიშით 2-2, მეორე კი უფრო დაძაბული გამოდგა და უგოლო ფრედ დასრულდა. გასვლითი გოლის წესი ჯერ კიდევ არ არსებობდა, ამიტომ გუნდები მესამედ შეხვდნენ ერთმანეთს ნეიტრალურ მინდორზე მილანში. „იუვენტუსმა“ ეს დაპირისპირება ფერენც ჰირზერის საბომბარდირო უნარების წყალობით მოიგო და თავის ისტორიაში მეორე ტიტულისკენ მიმავალი გზა გაიხსნა.

უნგრელმა ფორვარდმა გაიტანა დაუჯერებელი 35 გოლი სულ რაღაც 28 თამაშში, ამას კი დაემატა პიეტრო პასტორეს მიერ შესრულებული კიდევ 28 გოლი. ჩემპიონატში გამარჯვება გუნდისთვის გასაოცარ მოვლენად იქცა, თუმცა მას დაემთხვა ორ ფინალურ მატჩს შორის მწვთრნელის იენუ კაროლის გარდაცვალება გულის შეტევის გამო. მისმა თანამემამულემ ჯოზეფ ვიოლამ, რომელიც ნახევარდაცვაში თამაშობდა, გუნდის მართვის სადავეები ხელში აიღო და დარჩა მწვრთნელის პოზიციაზე კიდევ ორი მომდევნო წლის განმავლობაში.

ამავე დროს როზეტა და კომბი დაეხმარნენ იტალიას, მოეპოვებინა ბრინჯაოს მედალი 1928 წლის ოლიმპიურ თამაშებზე. დაინახა რა მათთან პარტნიორის სახით უმბერტო კალიგარისი, რაც პრაქტიკულად გადაულახავ დაცვას ქმნიდა, ანიელიმ აქტიური მოქმედებები დაიწყო და კლუბ „კაზალესთან“ შეთანხმებას მოაწერა ხელი, რის შედეგად „იუვენტუსში“ ახალი მოთამაშე გაჩნდა. ასე ჩაეყარა საფუძველი ერთ-ერთ უძლიერეს დაცვის ტრიოს, რომელიც ოდესმე თუ არსებობდა ფეხბურთში. ლეგენდარული სამეულის კომბი-როზეტა-კალიგარისი სახით „იუვენტუსმა“ თავისი პირველი ნამდვილი გმირები შეიძინა. ორივე მცველი იბრძოდა პოცოს ეროვნული გუნდის ერთი ადგილისთვის, სადაც „ჯენოას“ უძლიერეს “სტოპერთან” რენცო დე ვეკისთან პარტნიორობა უწევდათ. ტურინში ერთად თამაში სასარგებლო იყო ორივე ფეხბურთელისთვის. ისინი რეგულარულად თამაშობდნენ აძურისთვის, მათი ურთიერთგაგება სეზონიდან სეზონამდე უკეთესი ხდებოდა. ამავე დროს ბევრი მიიჩნევს, რომ სწორედ კომბის, „იუვენტუსის“ პირველი სუპერვარსკვლავისა და ბიანკონერის გოკლიპერების დიდებული ტრადიციის პიონერის წყალობით დაცვას ჰქონდა ერთიანი სახე.

დღევანდელი ფეხბურთისგან განსხვავებით, როდესაც ჩვენ ხშირად ვხედავთ კარებში გოლიათებს, კომბის საშუალო სიმაღლე ჰქონდა – 1,71 მ., მაგრამ ის იყო საკმაოდ ძლიერი, რომ გამკლავებოდა ისეთ სირთულეებს, რომელთა გადალახვა თანამედროვე გოლკიპერებსაც უჭირთ. საჭირო დამცავი ამუნიციის გარეშე მას რამდენიმე ტრავმა მიუღია თავდამსხმელებთან უხეში შეჯახებების გამო, ყველაზე ცნობილია შემთხვევა, როდესაც „მოდენასთან“ თამაშის დროს კომბიმ სამი ნეკნი მოიტეხა.

თავისი კარიერის განმავლობაში კომბიმ საოცრად სტაბილური მეკარის რეპუტაცია მოიხვეჭა, ვინაიდან იშვიათად თუ ჰქონდა თამაშის ჩავარდნა. მეტწილად ამის მიღწევა მოხერხდა მისი ვარჯიშებისადმი ერთგულების გამო: იგი ყოველ დილით ძალიან ადრე დგებოდა და ასრულებდა ვარჯიშების გარკვეულ ჩამონათვალს, რითიც ავითარებდა თამაშისთვის საჭირო უნარებს. რეაქციის სიჩქარის განვითარებისთვის კომბიმ შეიმუშავა ვარჯიში, რომელიც მდგომარეობდა ბურთის კედელზე მირტყმასა და მის შემდგომ დაჭერაში. ასეთმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო. მან დაამყარა სერია A-ს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მშრალი სერია – 934 წუთი 1925-26 წლების სეზონში – რომელიც დღემდე გადაულახავი რჩება.

1926 წლის სკუდეტოს შემდეგ, „იუვენტუსმა“ ტემპი შეანელა და დაიკავა ორი მეორე და ორი მესამე ადგილი მომდევნო ოთხი სეზონის განმავლობაში. ამავე დროს იტალიური რეგიონალური ლიგები საბოლოოდ გაერთიანდა. სულ რაღაც ერთ წელიწადში ტურინულმა გიგანტმა დაიწყო დომინირების პერიოდი, რომელიც ჯერ კიდევ არაა გადალახული აპენინის ნახევარკუნძულზე.

შემდეგი ხუთი წელი, ერა, რომელსაც შემდგომში „ოქროს ხუთწლედს“ უწოდებენ, იყო პირველი შემთხვევა, როდესაც „იუვენტუსს“ შეეძლო ხანგრძლივი წარმატებით ტკბობა. „ჯენოასა“ და „პრო ვერჩელისთვის“, რომლებმაც კალჩიოს ისტორიის ადრეულ ფურცლებზე თავისი სახელები შეიტანეს, დიდი ხნის განმავლობაში შურით ცქერის შემდეგ, „ბებერმა ქალბატონმაც“ ასევე მოახერხა წარმატების გამეორება. მან მოიგო ზედიზედ ხუთი სკუდეტო, რითიც დღემდე გადაულახავი სარეკორდო სერია დაამყარა. გარდა ამისა, ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც „იუვემ“ შეძლო ზედიზედ ორზე მეტი სკუდეტოს მოგება.

ამ ისტორიული მიღწევისათვის ანიელი აგრძელებდა შემადგენლობის გაძლიერებას საკუთარი დიდი კაპიტალის გამოყენებით და ქმნიდა გუნდს, რომლის ტოლი არ მოიპოვებოდა. გუნდის მწვრთნელად დაინიშნა კარლო კარკანო, ადამიანი, რომელსაც ლეგენდარულმა ვიტორიო პოცომ „უდიდესი სტრატეგი და ტექნიკის შესანიშნავი მასწავლებელი“ უწოდა. კარკანო  „მეტოდო“ სისტემის ერთგული მიმდევარი იყო, რომელიც პოცოს მიერ იყო შემუშავებული და მოთამაშეებს წარმატების მიღწევის საშუალებას აძლევდა ამ ორივე მწვრთნელის ხელმძღვანელობის ქვეშ.

კარკანო ბიანკონერის მწვრთნელი იყო 1930-34 წლებში, კლუბის ისტორიაში ტროფეებით ყველაზე უხვ პერიოდში, და დღემდე რჩება ერთადერთ ადამიანად, რომელმაც სერია A ზედიზედ ოთხჯერ მოიგო. კლუბში მუშაობის პერიოდში მას ლიგის მატჩებში მხოლოდ 12 წაგება ჰქონდა და პოცოსგან თავისი ტაქტიკური უნარებისთვის ქებას იმსახურებდა. პოცო აღფრთოვანებული იყო „დისციპლინით, დოქტრინით და თამაშის ორგანიზაციით, რომელსაც აჩვენეს ისეთი ჩემპიონი, როგორიცაა კარკანო“.

მათმა სქემამ 2-3-2-3, რომელიც უკვდავყოფილია სამაგიდო ფეხბურთში მთელ მსოფლიოში, ყველაზე მეტი სარგებელი არგენტინელ მოთამაშეს ლუის მონტის მოუტანა, რომელმაც ორ მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა ორი სხვადასხვა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე ის გახდა ფეხბურთის ისტორიაში პირველი საყრდენი, რომელიც კარკანოს თხოვნით არ ასრულებდა ამ პოზიციისთვის ჩვეულ ჩართვებს თავდასხმაში, არამედ აკონტროლებდა მინდვრის სრულ ფრონტს და თვალს ადევნებდა მოწინააღმდეგის თავდამსხმელებს.

მონტი უპრეცენდენტო მანერაში უკან იხევდა, აზღვევდა თავის მცველებს და ქმნიდა ახალ პოზიციას საფეხბურთო მოედანზე – „მედიანოს“. ის იყო აშკარად უხეში მოთამაშე, თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე შიშისმომგვრელი ფეხბურთელი, მაგრამ ამავე დროს გააჩნდა ტექნიკა, რომელიც მას სხვებისგან გამოარჩევდა. მან დაიმსახურა ზედმეტსახელი „doble ancho“ – ორმაგი სიგანე, ვინაიდან ჰქონდა დაუჯერებელი უნარი დაეფარა მინდვრის მნიშვნელოვანი ნაწილი.

მონტის წინა პოზიციაზე თამაშობდა ბიანკონერის კიდევ ერთი ლეგენდა, „იუვეს“ ერთ-ერთი პირველი უდიდესი ბომბარდირი ფელიჩე ბორელი II, რომელმაც პრიმავერადან მიაღწია უმაღლეს დონეს და გაიტანა 29 გოლი 28 მატჩში 1932-33 წლების სეზონში, მიუხედავად 18 წლის ასაკისა. ტურინში გატარებული თორმეტივე წლის განმავლობაში ის შეინარჩუნებს ამ დაუჯერებელ ტემპს და როდესაც „იუვეს“ მიატოვებს, თავის ანგარიშზე ექნება 157 გოლი 308 თამაშში. დღემდე ბორელი კლუბის ისტორიის საუკეთესო ბომბარდირთა შორის მეექვსე ადგილს იკავებს.

მაგრამ ეს გუნდი მეტწილად ეყრდნობოდა დაცვაში მოთამაშე უაღრესად ნიჭიერი სამეულის უპირატესობას. იმ დროისთვის, როდესაც ტიტულების მოპოვება საათივით აწყობილ მექანიზმად იქცა, როზეტამ და კალიგარისმა თითქმის დაუმარცხებელ დონეს მიაღწიეს. „იუვემ“ სამი ხატის თამაშის წყალობით, სულ 149 ბურთი მიიღო საკუთარ კარში ხუთი საჩემპიონო სეზონის განმავლობაში,  თვითონ კი 429 გაიტანა. როზეტა თამაშის შესანიშნავი ორგანიზატორი გახდა, როდესაც კაპიტნის სამკლავური გაიკეთა და თანაგუნდელებს სათავეში ჩაუდგა. იგი ძალიან კარგად კითხულობდა თამაშს, ხშირად ასწორებდა პარტნიორების შეცდომებს და ბევრჯერ გადაურჩენია გუნდი.

ტრიო გახდა ცენტრალური როგორც კლუბის, ასევე ნაკრებისთვისაც და „იუვეს“ საშუალება მისცა პირველი ნაბიჯები გადაედგა საერთაშორისო არენაზე, სადაც მან ნახევარფინალს მიაღწია მიტროპას თასზე, რომელიც ევროპის თასის წინამორბედი იყო. ვიდრე იტალია ემზადებოდა 1934 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამასპინძლებისთვის, კომბიმ, რომელიც კარიერის მწვერვალზე იმყოფებოდა, ორივე გუნდი შოკში ჩააგდო, როდესაც განაცხადა ფეხბურთიდან წასვლის შესახებ. დებიუტიდან 350-ზე მეტი ჩატარებული თამაშის შემდეგ, 32 წლის ასაკში, მან გადაწყვიტა, რომ დადგა დრო, დაესრულებინა თავისი კარიერა. მიუხედავად ორმოცზე მეტი მატჩისა, რომელიც მან ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა, ლეგენდარულმა გოლკიპერმა გადაწყვიტა, რომ უკეთესი იქნება, თუ ის გზას ახალგაზრდებს დაუთმობს.

კარლო ჩერეზოლი „ამბროზია-ინტერიდან“ გახდა პირველი კანდიდატი კომბის ადგილზე აძურის შემადგენლობაში და საკვანძო როლი შეასრულა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე. მისმა თამაშმა გადამწყვეტ შეხვედრაში საბერძნეთთან, რომელიც გამარჯვებით, ანგარიშით 4-0 დასრულდა, დიდი მოწონება დაიმსახურა და ნათელი იყო, რომ ესტაფეტა გადაცემულია. მაგრამ ბედისწერამ სხვაგვარად გადაწყვიტა. ტურნირის საფინალო ნაწილის დაწყებამდე ჩერეზოლიმ ვარჯიშის დროს ხელი მოიტეხა და ნაკრების შემადგენლობა მიატოვა. კომბი, რომელიც გუნდთან იმყოფებოდა პოცოს მოწვევით  მხოლოდ თავისი გამოცდილების სხვა მოთამაშეებისთვის გადაცემის მიზნით, იძულებული გახდა კიდევ ერთხელ გამოსულიყო მინდორზე.

ჩემპიონატზე იტალიისთვის პირველი მატჩი შედგა 1934 წლის 27 მაისს აშშ-ს წინააღმდეგ, რომელიც აძურიმ სასტარტო შემადგენლობაში „იუვენტუსის“ შვიდი მოთამაშით მოიგო ანგარიშით 7-1. ფლორენციაში გუნდის გამგზავრებამდე, სადაც ის მეოთხედფინალში უნდა შეხვედროდა ესპანეთს, კომბიმ გადმოიბარა კაპიტნის სამკლავური როზეტასგან, რომელმაც აშშ-სთან თამაშის დროს ტრავმა მიიღო. ესპანეთთან მატჩში კომბიმაც და მოწინააღმდეგის მეკარემაც რიკარდო ზამორამ ყველა გოლკიპერული უნარი გამოავლინეს და დღესაც ის თამაში გამოიყურება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უხეში და უკომპრომისო მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში. მატჩი დამატებითი დროის შემდეგ დასრულდა ანგარიშით 1-1. მეორე დღეს გადათამაშებაზე გუნდები პირველი ბარბაროსული მატჩის გამო ძალიან შეცვლილი შემადგენლობით გამოვიდნენ. იტალიამ გამარჯვება მოიპოვა ჯუზეპე მეაცას ერთადერთი გოლის წყალობით.

კომბი ისევ გახდა ნახევარფინალის ვარსკვლავი, როდესაც ერთ-ერთი თავისი საუკეთესო თამაში აჩვენა და ავსტრიული „საოცარი გუნდი“ შეაჩერა. თავდასხმის შემაძრწუნებელმა ხაზმა ვერ შეძლო კომბის დაცვის გარღვევა. იტალიამ კიდევ ერთხელ მოიგო ანგარიშით 1-0, რითიც ფინალში დაიმკვიდრა ადგილი, სადაც ჩეხოსლოვაკია ელოდებოდა. ეს თამაში უნდა ყოფილიყო კონტრასტების შეჯახება, ტექნიკური და ფაქიზი აღმოსავლეთევროპული ნაკრების თამაში აგრესიული და ტაქტიკურად გამჭრიახი აძურის წინააღმდეგ, რომელსაც ჰქონდა ბენიტო მუსოლინისგან მიღებული ბრძანება „გამარჯვება ან სიკვდილი“.

მოთამაშეებმა არ გაუცრუვეს იმედი დუჩეს, თუმცა შედარებით ცუდად თამაშობდნენ ანტონინ პუჩის გოლამდე, რომელმაც ისინი გააცოცხლა. იტალია შეტევაზე გადავიდა და „იუვეს“ რაიმონდო ორსის ძალისხმევით გოლი გაიტანა. გოლი შესანიშნავი გამოდგა: სწრაფი შემოტრიალება, მცველის გვერდის ავლა და დაუჯერებელი მოხვეული დარტყმა მეკარის მიღმა. თამაში დამატებით დროს უახლოვდებოდა და პოცოს მომზადების საუკეთესო მეთოდებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა: იტალია უფრო მხნედ გამოიყურებოდა, ვიდრე დაქანცული ოპონენტები. მოწინააღმდეგეებისგან მივიწყებულმა მეაცამ მარჯვენა ფლანგზე გაირბინა და საჯარიმოში პასი გადააწოდა ენრიკე გუაიტის, რომელმაც, თავის მხრივ, ბურთი გადასცა „ბოლონიას“ თავდამსხმელს ანჯელო სკიავიოს. მან ადვილად აიღო კარი და იტალია საკუთარ სახლში განცვიფრებული მაყურებლებისა და აღფრთოვანებული მუსოლინის თვალწინ მსოფლიო ჩემპიონი გახადა.

მუსოლინიმ გულუხვად დააჯილდოვა გუნდი, თუმცა გამოიყენა მათ მიერ მოპოვებული გამარჯვება საკუთარი პროპაგანდისტული მიზნებისთვის. ტრიუმფი განმტკიცებულ იქნა 1936 წლის ოლიმპიადის ოქროს მედლებით და კიდევ ორ წელიწადში მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე გამარჯვებით. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ერთი ეროვნული ნაკრები სხვებზე დომინირებდა რამდენიმე წლის განმავლობაში და ამ გუნდის ბირთვს „იუვენტუსის“ მოთამაშეები წარმოადგენდნენ. საბოლოო ჯამში ამ გამარჯვებებში ბიანკონერის 14 მოთამაშემ მიიღო მონაწილეობა და „ნაკრები-იუვეს“ სახელი მოიპოვა, რაც ორი გუნდის ანარეკლის მაგვარ მსგავსებას გულისხმობდა.

შიდა ფრონტზე „იუვენტუსმა“ მოიპოვა იმ ეპოქის თავისი უკანასკნელი ჩემპიონობა უკვე კომბის გარეშე, რომელმაც დაასრულა კარიერა კაპიტნის რანგში თავისი გუნდის დიდ გამარჯვებამდე მიყვანის შემდეგ. მაგრამ მისი ვნება თამაშის მიმართ შენარჩუნდა და ცოცხალი გონებისა და გამჭრიახობის წყალობით, იგი კლუბის დირექტორთა საბჭოსა და იტალიურ ტექნიკურ კომიტეტში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა. მისი სიცოცხლე ტრაგიკულად დასრულდა 1956 წელს გულის შეტევის გამო, როდესაც კომბი ავტომანქანით ქალაქ იმპერიაში მიემგზავრებოდა. ეროვნულ ნაკრებთან ასოციაციის დამყარების სურვილით, მუსოლინიმ 1933 წელს ბრძანა სტადიონის აშენება, რომელსაც თავიდან მისი სახელი, შემდგომში კი „სტადიო ოლიმპიკო“ ეწოდა. ამჟამად ეს არის „ტორინოს“ საშინაო არენა.

1935 წელს „იუვენტუსმა“ უდიდესი დანაკარგი განიცადა ედოარდო ანიელის სიკვდილის გამო. ჰიდროპლანი, რომლითაც იგი მოგზაურობდა, დაეჯახა მცურავ მორს, რის შედეგად ანიელი მბრუნავ პროპელერში შევარდა თავით და ადგილზევე გარდაიცვალა. მის გარეშე „ბებერმა ქალბატონმა“ ბევრი საკვანძო მოთამაშე დაკარგა რამდენიმე სეზონში. ანიელის გარდაცვალებამ კლუბის თავისუფალი ვარდნა გამოიწვია, საკვანძო მოთამაშეების წასვლამ კი წერტილი დაუსვა „იუვენტუსის“ დომინირების ხუთწლედს. გავა კიდევ 15 წელიწადი, ვიდრე „იუვე“ კვლავ მოიპოვებს ჩემპიონობას, რაც ყველაზე ხანგრძლივი უტიტულო პერიოდია იმ დროის განმავლობაში, რაც დაიწყო ანიელების ოჯახის ასოცირება კლუბთან.

კომბის ორივე ერთგული პარტნიორი დაცვის შესანიშნავი ტრიოდან კლუბის მწვრთნელი გახდა. როზეტასთან ერთად, რომელიც მოთამაშე მწვრთნელი იყო, „იუვენტუსმა“ თავისი პირველი იტალიის თასი მოიგო 1938 წელს. პოსტზე 4 წლის შემდეგ როზეტა კალიგარისმა შეცვლა, მაგრამ ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო იმ გამარჯვებათა სერიის გამეორება, რომელსაც მათ მიაღწიეს მოთამაშეების რანგში. კალიგარისმა თანამდებობა ორ წელიწადში მიატოვა და იგი კიდევ ერთმა თანაგუნდელმა, ფედერიკო მუნერატიმ შეცვალა. შემდგომში მათ კვალს იმ შესანიშნავი გუნდის კიდევ ბევრი მოთამაშე გაჰყვა.

ლუიჯი ბერტოლინი, ჯოვანი ფერარი, ლუის მონტი, რენატო ჩეზარინი და ფელიჩე ბორელი „იუვეს“ მწვრთნელის პოზიციას რიგრიგობით ირგებდნენ, მაგრამ ვერც ერთმა ვერ მოახერხა წარმატებასთან მიახლოება. „იუვენტუსი“ დიდი ხნის მანძილზე ისწრაფოდა აპენინებზე დომინირების პერიოდისკენ, რომელსაც „ოქროს ხუთწლედი“ ეწოდა. ის დიდებული გუნდი სამუდამოდ დარჩება ისტორიაში.