მთავარი / #HI5TORY, #LE6END, #MY7H

#HI5TORY, #LE6END, #MY7H

2015 წლის ზაფხულში გუნდში ცვლილებები მოხდა. წავიდნენ პირლო, ვიდალი, ტევესი და ლორენტე, ხოლო ისინი ხედირამ, მანჯუკიჩმა, დიბალამ, კუადრადომ და ალექს სანდრომ შეცვალეს. პირველი ტიტული აგვისტოშივე მოვიდა, როდესაც შანხაიში „ლაციო“ დაამარცხა და იტალიის სუპერთასი მოიგო. თუმცა, სეზონის დასაწყისი რთული გამოდგა, 10 ტურის შემდეგ „იუვე“ მე-12 ადგილზე იყო და პირველი პოზიციისგან შორს გახლდათ. სწორედ ამ დროს, სასუოლოში მარცხის შემდეგ, ბუფონმა და ევრამ, გასახდელის ლიდერებმა, ხმა აიმაღლეს. მათი განცხადებით, ფეხბურთელებს უნდა გაეცნობიერებინათ რა დონის გუნდის მაისური ეცვათ! ამ მომენტიდან „იუვენტუსი“ ვეღარ გააჩერეს. 26 თამაშიდან 25 მოიგო, ხოლო 13 თებერვალს, უშუალო კონკურენტ „ნაპოლის“ აჯობა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადავიდა, რომელიც სეზონის ბოლომდე არ დაუთმია. 25 აპრილს, „ფიორენტინას“ დამარცხებიდან მეორე დღეს, გუნდი ვინოვოს ბაზაზე ვარჯიშობდა, როდესაც „რომამ“ „ნაპოლი“ დაამარცხა და ეს იმას ნიშნავდა, რომ „იუვენტუსი“ ზედიზედ მეხუთედ გახდა ჩემპიონი.

21 მაისს, იტალიის თასის ფინალში კი, მორატას გოლით „მილანი“ იქნა დამარცხებული და იტალიის თასი ალეგრის გუნდმა ზედიზედ მეორედ მოიგო. ამასთან, მიჯრით მეორედ მოახერხა დუბლის შესრულება, რაც იქამდე იტალიაში არავის გაეკეთებინა და შესაბამისად ისტორიაშიც ჩაეწერა. „იუვემ“ ისტორია დაწერა, ან უბრალოდ, Hi5tory – სიტყვა, რომელიც სოციალური ქსელის მთავარი დევიზი იყო. ჩემპიონთა ლიგას „იუვე“ მერვედფინალში „ბაიერნთან“ გამოეთიშა, მაგრამ მეტოქესთან აბსოლუტურად თანაბრად ითამაშა და მხოლოდ დამატებით დროში დამარცხდა. წაგების მიუხედავად დამტკიცდა, რომ „იუვენტუსს“ ნებისმიერ მეტოქესთან, ნებისმიერ დონეზე შეეძლო თამაში.

2016 წელს, ზაფხულში პიანიჩი, ბენატია, დანი ალვეში იგუაინი და პიაცა მოვიდნენ და შემადგენლობა კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი გახდა. იტალიის ჩემპიონატში ფაქტობრივად პრობლემა არ შექმნილა და მთელი სეზონი ისე გავიდა, რომ პირველ ადგილზე ალეგრის ბიჭები იყვნენ. საბოლოოდ, მიჯრით მეექვსე სკუდეტო და ახალი დევიზი – Le6end. იტალიაში სკუდეტო ზედიზედ ექვსჯერ არავის ჰქონდა მოგებული და ისტორია კიდევ ერთხელ დაიწერა. გარდა ამისა, ტურინელებმა ისევ მოიგეს იტალიის თასი რომში, „ლაციოს“ წინააღმდეგ ფინალში. პარალელურად ჩემპიონთა ლიგის მორიგი ფინალი. პლეი-ოფში „პორტუს“, „ბარსელონასა“ და „მონაკოს“ ძლევის შემდეგ „იუვეს“ კარდიფში „რეალი“ ელოდა. ფინალი ესპანელთა გამარჯვებით დასრულდა.

ისტორიისა და ლეგენდის შემდეგ მითის ჯერი დადგა. #Hi5tory, #Le6end, #My7h. ამის წარმოდგენა 7 წლის წინ, როდესაც ყველაფერი იწყებოდა, ძალიან რთული იყო. ზედიზედ 7 სკუდეტო, ზედიზედ 4 იტალიის თასი. გიჟური ციფრები…