შემდეგი სეზონისთვის გუნდში ცვლილებები მოხდა. მარჩელო ლიპიმ პოსტი დატოვა, ხოლო მისი ადგილი ფაბიო კაპელომ დაიკავა. მოვიდნენ ემერსონი, ფაბიო კანავარო, ზლატან იბრაჰიმოვიჩი. ევროპაში წარმატება არ მოვიდა, მაგრამ იტალიაში „იუვე“ დაუმარცხებელი იყო და ზედიზედ ორი სკუდეტო მოიგო.
თუმცა, 2005-2006 წლების სეზონის ბოლოს კლუბის დირექტორატი სატელოფონო ჩანაწერების მიხედვით მსაჯების მოსყიდვაში დაადანაშაულეს. სკანდალმა, რომელიც ცნობილია „კალჩოპოლის“ სახელით, დიდი ცვლილებები მოიტანა. „იუვე“ სერია B-ში დააქვეითეს, 9 ქულა დააკლეს და ბოლო ორი სკუდეტო ჩამოართვეს. ხოლო გუნდის ახალი პეზიდენტი ჯოვანი კობოლი ჯილი გახდა, ხოლო გენერალური დირექტორის პოსტი ჟან-კლოდ ბლანმა დაიკავა.
დიდიე დეშამი ახალი მწვრთნელი იყო, ხოლო ისეთმა ჩემპიონებმა, როგორებიც დელ პიერო, ბუფონი, კამორანეზი იყვნენ კლუბში დარჩენა გადაწყვიტეს. ეს ყველაფერი მას შემდეგ, რაც გერმანიაში იტალიის ნაკრების მაისურით მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ. მათ მიბაძეს და ტურინში დარჩნენ პაველ ნედვედი და დავიდ ტრეზეგე.
2006 წლის 15 დეკემბერი სამწუხარო თარიღია: ორი ბიჭი, ალესიო ფერამოსკა და რიკარდო ნერი „იუვენტუსის“ საწვრთნელ ბაზასთან, ვინოვოსთან ავტოვარიის შედეგად გარდაიცვალნენ. „იუვენტუსმა“ შემდეგი გამარჯვება ბოლონიაში სწორედ რიკარდოსა და ალესიოს ხსოვნას მიუძღვნა. საბოლოოდ, ალექს დელ პიერო სერია B-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ამასთან, „იუვენტუსის“ ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო მეგოლეც.
სერია A-ში დაბრუნების შემდეგ „იუვეს“ ისევ ახალი მწვრთნელი ჰყავდა – კლაუდიო რანიერი. „ბებერმა სინიორამ“ 2007-2008 წლების სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა. სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი ისევ ალესანდრო დელ პიერო გახდა 21 გოლით, ხოლო მეორე ადგილზე დავიდ ტრეზეგე გავიდა 20 გოლით. 2008-2009 წლების სეზონში „იუვეს“ წარუმატებელი სერია ჰქონდა და სეზონის ბოლოს ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა რისკის ქვეშ დადგა. სწორედ ამიტომ, რანიერის ადგილი ჩირო ფერარამ დაიკავა და საბოლოოდ, სეზონი მეორე ადგილით დასრულდა. 2009 წლის ზაფხულში ფაბიო კანავარო დაბრუნდა. მოვიდნენ ფაბიო გროსო, ფელიპე მელო და დიეგო. ოქტომბერში, პრეზიდენტის პოსტი დატოვა კობოლი ჯილიმ და ეს უფლებამოსილება ჟან-კლოდ ბლანს მიენიჭა. 2010 წლის იანვარში ფერარას ადგილი ალბერტო ძაკერონიმ დაიკავა და სეზონი მეშვიდე ადგილზე დასრულდა, რაც მხოლოდ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის იყო საკმარისი. შედეგად გუნდში ცვლილებები მოხდა. 2010 წლის 19 მაისს, პრეზიდენტი ანდრეა ანიელი გახდა და „იუვეს“ ისტორიაში ახალი ერა დაიწყო.