მთავარი / ბონიპერტის ეპოქა

ბონიპერტის ეპოქა

ბონიპერტის ეპოქა თავიდანვე ორი სკუდეტოს მოგებით დაიწყო 1972 და 1973 წლებში. ამ საოცარმა ციკლმა 9 სკუდეტო, უეფას თასი, თასების თასი და ჩემპიონთა თასი დაიტია.

ევროპის ასპარეზზე გამარჯვება დიდი ხნის მოლოდინის შედეგად მოვიდა, თუმცა „იუვეს“ ისტორიაში ყველაზე დიდ მწუხარებასთანაც ასოცირდება. 29 მაისი, 1985 წელი. ბრიუსელი, „ეიზელის“ ტრაგედია. „ლივერპულთან“ თამაშამდე სტადიონის ტრიბუნა ჩამოინგრა და 39 ადამიანი დაიღუპა, „იუვენტუსის“ ტიფოზები. იმ დღიდან ფეხბურთი ისეთივე აღარ ყოფილა. თამაში მაინც შედგა და „იუვემ“ ჩემპიონთა თასი პირველად მოიგო. ეს იყო გამარჯვება სიხარულის გარეშე. შემდეგ კი ტურინელები ტოკიოში გაფრინდნენ საკონტინტეთაშორისო თასზე სათამაშოდ. მეტოქე „არხენტინოს ხუნიორსი“ იყო, რომელიც პენალტების სერიაში იქნა დამარცხებული. შესაბამისად, „იუვე“ მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა.

ამ დიდებულ პერიოდში გუნდს ჯოვანი ტრაპატონი წვრთნიდა. ის „იუვენტუსში“ 1976 წელს მივიდა და ეპოქა შექმნა. აქცენტი ნიჭიერ იტალიელებზე გააკეთა – ძოფიდან შირეამდე, ბეტეგადან ანასტაზიმდე, ტარდელიდან კაბრინიმდე, კაუზიოდან პაოლო როსიმდე, ჯენტილედან ფურინომდე… შემდეგ ჯერი უცხოელ ტალანტებზეც დადგა. პირველი ჩრდილოეთ ირლანდიელი ლიამ ბრედი იყო, რომლის ბოლო გოლმა „იუვეს“ სკუდეტო მოუტანა 1982 წლის 16 მაისს, კატანძაროში. „იუვენტუსის“ მხარდამჭერები ზეიმს მიეცნენ.

ორი თვის შემდეგ, 11 ივლისს, უკვე მთელი იტალია ზეიმობდა და ეს ყველაფერი „იუვენტუსის“ დამსახურება იყო. მადრიდში, იტალია მსოფლიოს ჩემპიონი ისტორიაში მესამედ გახდა და გუნდის შემადგენლობა ტრაპატონის ბიჭებით იყო დაკომპლექტებული. ძოფი, ჯენტილე, კაბრინი, შირეა, ტარდელი, როსი. სწორედ ისინი იყვნენ „სკუადრა აძურას“ მთავარი გმირები და თასი იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტ სანდრო პერტინისგან მიიღეს. როსი მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, 7 თამაშში გატანილი 6 გოლით და წლის ბოლოს „ოქროს ბურთიც“ დამსახურებულად მოიგო. ამრიგად, გახდა მეორე იტალიელი ჯანი რივერას შემდეგ, ვისაც ეს პრესტიჟული ჯილდო ერგო. იმ წლებში „ფრანს ფუტბოლის“ პრიზს ბინა სწორედ ტურინში ჰქონდა დადებული.

გარდა ამისა, იყვნენ ლეგიონერებიც. პოლონელი ზბიგნევ ბონიეკი და განსაკუთრებით, ფრანგი მიშელ პლატინი. ეს უკანასკნელი ძალიან დიდი ფეხბურთელი და აბსოლუტური ჩემპიონი იყო. ელეგანტური მოძრაობები, თავაწეული თამაში, 50-მეტრიანი პასები, ლიდერი და გოლები. მან ზედიზედ სამჯერ მოიგო „ოქროს ბურთი“. ტოკიოში მოგებულ შეხვედრაში ბოლო პენალტი გაიტანა. ძირითად დროში კი ულამაზესი გოლი გაიტანა, მაგრამ უსამართლოდ არ ჩაითვალა. 1986 წელს, ბონიპერტის ეპოქაში ბოლო სკუდეტო იქნა მოგებული. პლატინიმ კიდევ ერთი წელი ითამაშა და 1987 წელს, კარიერა დაასრულა. ჯერ იყო მწვრთნელი, ხოლო 2007 წელს უეფას პრეზიდენტი გახდა.

ფეხბურთიდან მიშელის გამომშვიდობების შემდეგ „იუვეს“ შემადგენლობის გადახალისება დასჭირდა და ის წლები ნაკლებად წარმატებული გამოდგა. 1990 წელს გუნდმა ორი თასი მოიგო, იტალიის და უეფას თასი. მწვრთნელი კი დინო ძოფი იყო, რომელმაც 1989 წელს, უახლოესი მეგობარი დაკარგა. გაეტანო შირეა, „იუვეს“ კაპიტანი, პოლონეთის გზაზე ავტოვარიის შედეგად დაიღუპა. ეს 1989 წლის 3 სექტემბერს მოხდა. თარიღი, რომელსაც „იუვეს“ არცერთი ტიფოზი არასდროს დაივიწყებს.