იტალიის სერია A-ს მე-16 ტურში „იუვენტუსი“ „მილანის“ ეწვია და მისთვის ფინალის ტოლფასი შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა. ანდრეა პირლოს გუნდმა მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი ყველაზე დამაჯერებელი და კარგი თამაში ჩაატარა.
ორივე გუნდი თამაშს დანაკლისით შეხვდა. „იუვეს“ ალვარო მორატა, ხუან კუადრადო და ალექს სანდრო დააკლდნენ, ხოლო „მილანს“ ანტე რებიჩი, სანდრო ტონალი, ისმაელ ბენასერი, რადე კრუნიჩი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი.
პირველი ტაიმი თანაბარი გამოდგა, მაგრამ უფრო ხშირად „მილანი“ უტევდა. ვოიცეხ შჩესნი შესანიშნავად თამაშობდა. საპასუხოდ ფედერიკო კიეზამ ბურთი ძელს მოარტყა. სწორედ კიეზა იყო მატჩის საუკეთესო მოთამაშე. იტალიელმა შემტევმა დუბლი გაიფორმა. მან პაულო დიბალასთან გათამაშებული ფანტასტიკური კომბინაციის შემდეგ მე-18 წუთზე ანგარიში გახსნა. ტაიმის ბოლოს კი დავიდე კალაბრიამ სწრაფი კონტრშეტევა გოლით დაასრულა და შესვენებაზე გუნდები 1:1-ზე გავიდნენ.
მეორე ტაიმში „იუვენტუსმა“ მეტოქეს თითქმის არაფრის შესაძლებობა არ მისცა და თავად საგოლე მომენტები გამოიყენა. ისევ კიეზამ გაიბრყინა, რომელმაც საჯარიმოს მისადგომებიდან ლამაზი გოლით ხელმეორედ დააწინაურა „იუვე“. წერტილი კი შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა დასვეს. დეიან კულუშევსკის პასით ვესტონ მაკკენიმ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:3.
„იუვენტუსს“ 30 ქულა აქვს და ჯერ ისევ მე-4 ადგილზეა, მაგრამ „მილანთან“ და „ინტერთან“ ჩამორჩენა 3 ქულით შეამცირა. მომდევნო მატჩი ანდრეა პირლოს გუნდს 10 იანვარს, „სასუოლოსთან“ ელოდება.
„მილანი“ – „იუვენტუსი“ 1:3 (1:1)
მილანი, „სან სირო“
„მილანი“ (4-2-3-1): დონარუმა; დალოტი (მალდინი 81), კიაერი (კონტი 81), რომანიოლი, ერნანდესი; კალაბრია (კალულუ 81), კესი; კასტილიეხო (კოლომბო 87), ჩალჰანოღლუ, ჰაუგე (დიასი 67); ლეაო
მწვრთნელი: სტეფანო პიოლი
„იუვენტუსი“ (4-4-2): შჩესნი; დანილო, ბონუჩი, დე ლიხტი, ფრაბოტა (დემირალი 87); კიეზა (კულუშევსკი 63), რაბიო, ბენტანკური (არტური 74), რემზი (ბერნარდესკი 74); დიბალა (მაკკენი 63), რონალდუ
მწვრთნელი: ანდრეა პირლო
გოლები: 0:1 კიეზა (18), 1:1 კალაბრია (41), 1:2 კიეზა (62), 1:3 მაკკენი (76)
გაფრთხილება: რომანიოლი (90) – ბენტანკური (60), დანილო (72)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (7) – 13 (10) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 1:0 თამაშგარე: 7:4
მსაჯი: მასიმილიანო ირატი