ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „ბარსელონას“ უმასპინძლა და 0:2 წააგო. ეს მიმდინარე სეზონში პირველი მარცხია და შესაბამისად, სადებიუტო წაგებაა ანდრეა პირლოსთვისაც.
„იუვემ“ ძალიან სუსტად ითამაშა, იმდენად სუსტად, რომ „ბარსელონას“ გაცილებით დიდი ანგარიშით უნდა მოეგო. „იუვენტუსის“ ნახევარდაცვაში ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ არავინ იყო, რამაც მცველებს საქმე ძალიან გაურთულა. ტურინული გუნდიდან გაშვებულმა მირალემ პიანიჩმა ადრიენ რაბიოც დაჯაბნა და როდრიგო ბენტანკურიც, ბოსნიელმა ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა და ეს ცხადად გამოჩნდა…
„იუვემ“ დასაწყისში უსმან დემბელესგან გაუშვა და ბოლოს ლიონელ მესისგან პენალტით. თუმცა, კატალონელებს სხვა ბევრი მომენტიც ჰქონდათ.
და რა ჰქონდა „იუვენტუსს“? არაფერი, სახიფათო მომენტი ანდრეა პირლოს გუნდს არ შეუქმნია. იყო მხოლოდ 3 არჩათვლილი გოლი. სამჯერვე ალვარო მორატამ გაიტანა და სამჯერვე თამაშგარე მდგომარეობის გამო გოლი სამართლიანად არ ჩაითვალა. მორატას ამ სეზონშ უკვე მეხუთედ გააუქმა ვიდეორეფერიმ გოლი.
სამუშაო ძალიან ბევრია, მაგრამ ისიც ფაქტია, დრო ცოტაა, მჭიდრო გრაფიკი ყველაფერთან ერთად დამატებითი პრობლემაა, მაგრამ ასეთი თამაშით, „იუვენტუსს“ წინ კარგი არაფერი ელოდება. მომდევნო მატჩს ტურინელები სერია A-ში „სპეციასთან“ გამართავენ, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე „ფერენცვაროშთან“.
„იუვენტუსი“ – „ბარსელონა“ 0:2 (0:1)
ტურინი, „ალიანც სთედიუმი“
„იუვენტუსი“ (4-2-3-1): შჩესნი; კუადრადო, დემირალი, ბონუჩი, დანილო; ბენტანკური (არტური 83), რაბიო (ბერნარდესკი 83); კულუშევსკი (მაკკენი 75), დიბალა, კიეზა; მორატა
მწვრთნელი: ანდრეა პირლო
„ბარსელონა“ (4-2-3-1): ნეტო; სერხი რობერტო, არაუხო (ბუსკეტსი 46), ლენგლე, ალბა; პიანიჩი, დე იონგი; დემბელე (ანსუ ფატი 67), მესი, პედრი (ბრაითვაითი 90); გრიზმანი (ფირპო 89)
მწვრთნელი: რონალდ კუმანი
გოლები: 0:1 დემბელე (14), 0:2 მესი (90, პენ)
გაფრთხილება: კულუშევსკი (45), დემირალი (70,85), კუადრადო (74) – სერხი რობერტო (60)
გაძევება: დემირალი (85)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 5 (0) – 10 (5) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 1:4 თამაშგარე: 3:0
მსაჯი: დენი მაკელიე (ნიდერლანდები)