მთავარი / სიახლეები / ტრეზეგეს ოცნება “იუვენტუსის” სპორტული დირექტორობაა: “მოჯის სტილი ჩემთვის მაგალითია”

ტრეზეგეს ოცნება “იუვენტუსის” სპორტული დირექტორობაა: “მოჯის სტილი ჩემთვის მაგალითია”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა თავდამსხმელმა ესპანეთში კურსები წარმატებით გაიარა და სპორტული დირექტორის განათლება მიიღო. შესაბამისად, მას ამ პოზიციაზე მუშაობის დაწყება შეუძლია. იტალიურ მედიასთან ინტერვიუში „ტრეზეგოლმა“ განაცხადა, რომ მისი ოცნება „იუვეში“ დაბრუნებაა.

– ახალი საინტერესო გამოწვევა გაქვთ…

– „იუვენტუსში“ ელჩად 6 წლის მუშაობის შემდეგ მივხვდი, რომ საფეხბურთო სამყაროში უნდა დავბრუნებულიყავი, როგორც სპორტული დირექტორი. იმედი მაქვს, მალე დავიწყებ ახალ სამსახურს. დიდი სურვილით და მონდომებით ველოდები შანსს.

– თქვენი მოდელი ვინ არის?

– ლუჩანო მოჯის მუშაობა მაქვს ნანახი. 2000-2006 წლებში ის ჩვენი ამოსავალი წერტილი იყო. მისი მუშაობის მეთოდი ძალიან საინტერესოა. ახლა დრო შეიცვალა, ვთვლი, რომ სპორტულ დირექტორს პირდაპირი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს მწვრთნელთან და ფეხბურთელებთან. მჯერა ბედისწერის, დიალოგისა და სწორი გადაწყვეტილებების ძიების პროცესის.

– ფეხბურთელის რანგში ისტორია დაწერეთ. რამდენად დაგეხმარებათ ეს ბექგრაუნდი ახალ თავგადასავალში?

– როდესაც დიალოგი ღიაა, ეს გეხმარება. პანდემიის გამო საჭირო იქნება ბევრი მუშაობა ახალგაზრდულ სექტორებთან და ასევე ეკონომიკური სიტუაციების მოვლა. დრო მოკლეა, შედეგებს მნიშვნელობა აქვს. გვჭირდება სწორი ჰარმონიის პოვნა.

– ოცნება არის „ბიანკონერიში“ დაბრუნება?

– რა თქმა უნდა, ეს ჩემი ამბავია. მაგრამ, დღეს უფრო საკუთარი გზის გაკვალვა მაინტერესებს, სადაც შანსს მომცემენ. მჯერა ახალი შესაძლებლობების.

– უკეთესია დაბალი რანგიდან დაწყება?

– დიახ, ადამიანმა მშვიდად უნდა ისწავლოს, მაგრამ თუ მნიშვნელოვანი წინადადება გექნება, უარი როგორ უნდა თქვა?

– ხომ არ აპირებთ კარიერის იტალიაში დაწყებას?

– ჩემი სისხლი ლათინურია. იტალია, ესპანეთი და საფრანგეთი ის ადგილებია, სადაც თავს კარგად ვგრძნობ. მაგრამ არცერთ შესაძლებლობას არ ვხურავ.

– საფრანგეთის ნაკრები მბაპესთან ერთად კარგ ხელშია?

– ის თავისი ნიჭის დემონსტრირებას ახდენს. მესის, რონალდუს შემდეგ მისნაირი ფეხბურთელები არიან. ახალგაზრდაა და უნიკალური თვისებები აქვს.

– ლიგა 1-ში პსჟ-ს გარდა სხვა გუნდების წარმატებას ფიქრი უტოპიაა?

– პსჟ-ში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა. ამიტომ, კონკურენცია კიდევ უფრო რთულდება, მაგრამ ზოგიერთი მოთამაშის დონე მთელი ჩემპიონატის დონეს ამაღლებს.

– ჩემპიონთა ლიგა აკლიათ…

– როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და „იუვეს“, პსჟ-ს სურს ჩემპიონთა ლიგის მოგება, მაგრამ „ბაიერნმა“ დაამტკიცა, რომ ყველაზე კონკურენტუნარიანია. თუმცა, მისი მოგების მცდელობისთვის დრო ყოველთვის არის.

– სერია A-ში თავდამსხმელების წყვილიდან ვის გამოარჩევთ?

– ლუკაკუ-ლაუტაროს წყვილს. ისინი ბევრ გოლს იტანენ და კონტეს მოთხოვნებს პასუხობენ. შემდეგ არის კრიშტიანო, რომელიც განაგრძობს შედეგიან თამაშს. „მილანს“ ამ დონეზე არავინ ელოდა, მაგრამ ავლენს კონკურენტუნარიანობას. ჩემპიონატის დონემ აიწია, უფრო სასიამოვნოა.

– „იუვეს“ ცოტა უჭირს…

– ჩემპიონთა ლიგაზე სხვა გზა წარმომედგინა. ჩემპიონატში გარკვეული სირთულეები ჰქონდა, მაგრამ სუპერთასი მოიგო და იტალიის თასის ფინალში უნდა ითამაშოს. ცხელ ფაზაში შევდივართ. ჯერ დერბია, შემდეგ „ნაპოლი“, „იუვემ“ ჩემპიონთა ლიგის საგზური უნდა მოიპოვოს. ასეთ შემთხვევაში ვფიქრობ, პირლო უნდა დარჩეს და გააგრძელოს გუნდში მუშაობა, რომლის შემადგენლობა გაუმჯობესებას საჭიროებს, ვფიქრობ, ეს აშკარაა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …