პაულო დიბალას მოედანზე დაბრუნების თარიღი უცნობია. არგენტინელმა ფეხბურთელმა მუხლის ტრავმა 10 იანვარს მიიღო და დღემდე ვერ გამოჯანმრთელდა. არადა, წინასწარი გამოკვლევით მხოლოდ სამი კვირა უნდა გასცდენოდა და უკვე ორ თვეზე მეტი გავიდა.
იტალიური მედიის ცნობით, პაულომ მუხლი მოირჩინა, მაგრამ ტკივილებს ჯერ კიდევ განიცდის, რაც მის მოედანზე დაბრუნებას აფერხებს. ექიმები ვარაუდობენ, რომ დიბალა „იუვენტუსს“ სანაკრებო პაუზის შემდეგ, შესაბამისად, აპრილში დაუბრუნდება და თუ ასე მოხდება, გამოვა, რომ მას ზუსტად 3 თვე გაუცდა.
მიმდინარე სეზონში „ბებერ სინიორას“ პრაქტიკულად არგენტინელის გარეშე უწევს თამაში, რადგან ძალიან ბევრი მატჩი იძულებით გამოტოვა. მან მხოლოდ 16 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.
გარდა ამისა, ისევ არაფერია გარკვეული კონტრაქტის განახლებაზე, რომელიც 2022 წელს იწურება. ტრავმამ კი სიტუაცია, კიდევ უფრო გაართულა. თუ დიბალა და „იუვე“ ზაფხულამდე არ მორიგდებიან, კლუბი იძულებული იქნება გაყიდოს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში 2022 წელს მისი უფასოდ დაკარგვა მოუწევს, რაც დიდ ფინანსურ ზარალს გამოიწვევს. არის საუბარი, რომ „ბარსელონა“ და „იუვე“ ფეხბურთელების ბარტერს აპირებენ – დიბალა ესპანეთში და ანტუან გრიზმანი – ტურინში. თუმცა, ეს ჯერ მხოლოდ ფიქრის და იდეის დონეზეა. გარდა ამისა, უკვე დაიწერა ბრიტანულ პრესაში, რომ ლონდონის “ჩელსი” და “ტოტენჰემი” მზად არიან ზაფხულში 50 მილიონი ევრო გადაიხადონ 27 წლის თავდამსხმელში.
ამავდროულად, იტალიელი ჟურნალისტი რომეო აგრესტი იტყობინება, „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობამ დიბალას და მის აგენტს, ჯერ კიდევ ზაფხულში მკაფიოდ დაუყენეს საკითხი: ან მათ მიერ შეთავაზებულ პირობებს დათანხმდებოდნენ, ან შეუძლიათ ზაფხულში ახალი კლუბი მოძებნონ. მხარეები ხელფასზე ვერ თანხმდებიან, დიბალა გაცილებით მეტს (დაახლოებით 13 მილიონ ევროს) ითხოვს, ვიდრე „იუვე“ სთავაზობს (10 მილიონი ევრო სეზონში). შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალამ შავ-თეთრი მაისური 2015 წელს მოირგო და დღემდე 244 მატჩში 98 გოლი გაიტანა.