La Repubblica-მ გამოაქვეყნა ლუის სუარესის დაკითხვის მასალა, რაც პერუჯას უნივერსიტეტში იტალიური ენის გამოცდას უკავშირდება. შედეგად, სუარესის ჩვენებიდან ირკვევა, რომ მან გამოცდა მაშინ ჩააბარა, როდესაც „იუვენტუსი“ მისი ტრანსფერით დაინტერესებული აღარ იყო.
– როდის გაიგე იუვენტუსის ინტერესის შესახებ?
– აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში პირველად ნედვედმა დამირეკა, შემდეგ პარატიჩი.
– არსებობდა კონტრაქტზე შეთანხმება?
– არა, თავიდან მხოლოდ იმის გაგება სურდათ, დაინტერესებული ვიყავი თუ არა მოლაპარაკებით. ამის შემდეგ საქმეში ჩემი ადვოკატი ჩაერთო.
– როდის გაიგე, რომ იუვენტუსი შენი მოქალაქეობით დაინტერესებული იყო, რათა არაევროკავშირელის პასპორტი გქონოდა?
– ზუსტი თარიღი არ მახსოვს, მაგრამ პარატიჩიმ მითხრა, რომ იმიტომ დამიკავშირდნენ, რომ ეგონათ იტალიის პასპორტი მქონდა, როგორც ჩემს მეუღლეს. მე ვუპასუხე, რომ არ მქონდა, მაგრამ საჭირო პროცედურების გავლა დაწყებული მქონდა.
– როდის გითხრეს, რომ იტალიური ენის გამოცდა უნდა ჩაგებარებინა?
– 8-10 სექტემბერი იყო, როდესაც გაკვეთილები დავიწყე.
– გაკვეთილებზე მხოლოდ პროფესორი სპინა იყო?
– პირველი ორი კიდევ ერთი გოგონა იყო, ერთგვარი რეპეტიტორი, რომელიც ესპანურადაც თარგმნიდა. მეორე დღეს იყო ლორენცო (როკა).
– 14 სექტემბრამდე თქვენ ამბობდით, რომ მზად იყავით და გსურდათ „იუვეში“ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად გებრძოლათ. ადასტურებთ?
– დიახ, თუმცა შემდეგ სპინას (პროფესორი) ვუთხარი, რომ „იუვეში“ ვერ გადავიდოდი.
– გახსოვთ, როდის და ვინ გითხრათ, რომ „იუვენტუსთან“ გარიგება იშლებოდა?
– ჩემი ადვოკატი ესაუბრა პარატიჩიც და იცოდა, რომ მოქალაქეობის მიღება ძნელი იქნებოდა, ამიტომაც მათ უარი თქვეს მოლაპარაკებების გაგრძელებაზე. მიუხედავად ამისა, გადავწყვიტე პასპორტის აღების პროცედურები მაინც გამეგრძელებინა. ზუსტი თარიღი არ მახსოვს, მაგრამ ეს იყო იტალიური ენის გაკვეთილების პერიოდში.
– გამოცდის შემდეგ „იუვენტუსის“ წარმომადგენლებთან ისაუბრეთ?
– დიახ, პარატიჩიმ დამირეკა, როდესაც აეროპორტში ვიყავი და მითხრა, რომ ჩემი ოჯახისთვის საუკეთესო არჩევანი გავაკეთე. ანიელიმ დამირეკა და მითხრა, რომ წუხდა ტრანსფერის ჩაშლის გამო და მადლობა გადამიხადა ჩემი მხრიდან გამოჩენილი ინტერესისა და მოლაპარაკებების ხელშეწყობისთვის.
– ვინ გამოიძახა ტაქსი, რომლითაც უნივერსიტეტში წახვედით?
– კომპანიამ, რომელიც ფრენის ორგანიზებაზე ზრუნავდა.
– ოდესმე იყო შემოთავაზება გამოცდის ბარსელონაში ჩაბარებაზე ან იტალიის სხვა ქალაქში?
– არა, მე საკონსულოს დავუკავშირდი და ვიცოდი, რომ იტალიაში უნდა ჩავსულიყავი გამოცდისთვის, მათ ადგილად პერუჯა მიმითითეს.
– ამ პერიოდში „იუვენტუსის“ წარმომადგენლებთან გქონდათ კონტაქტი?
– ნედვედი სპორტულ საკითხებზე მესაუბრა, პარატიჩიმ და ანიელიმ კი ენის გამოცდიდან ორი ან სამი დღის შემდეგ მადლობა გადამიხადეს იმ ძალისხმევისთვის, რომელიც გამოვიჩინე „ბარსელონასგან“ გასათავისუფლებლად. ანიელიმ ასევე მითხრა, რომ ფეხბურთში შეუძლებელი ზუსტი გეგმების დასახვა. მანამდე მასთან არ მისაუბრია.
აქვე გეტყვით, რომ სუარესის ეს ჩვენება პრაქტიკული თვალსაზრისით „იუვესთვის“ მაინც არაფერს ცვლის. ფეხბურთელმა უბრალოდ დაადასტურა ის, რაც აქამდე იყო ცნობილი: კლუბმა ტრანსფერზე უარი გამოცდამდე თქვა და შესაბამისად, ტესტის გასაყალბებლად არავითარი მოტივაცია ან ინტერესი არ ჰქონია. პერუჯას საქმეზე გამოძიება გრძელდება.